უსახელო ყვავილი
დაილოცა საქართველო ზღვიდან სერით სერამდი. ყვავილები, ყვავილები თეთრი, ათასფერადი. ვკრიფე, მაგრამ რა დაჰკრეფავს, რა თითები ეყოფა … ჰყოფილიყავ, წყება - წყება გულზე დაგეყრებოდა. კეკლუცებმა თითქმის მთელი ველი შემომატარეს ვკრიფე, ბევრი შენს ბაგეებს, შენს თვალებსაც ვადარე … მხოლოდ ერთი პაწაწინა, ოქროსფერი ყვავილი, ვით ჩუქურთმა, ოპიზარის ხელით გამოყვანილი, სულ შენ გგავდა, ნაირფერად ველად ჰფენდა სინათლეს, მოვინდომე მისი ცნობა და სახელიც ვინატრე. ვინ მეტყოდა? … საბაც ვსინჯე, ქართულ სიტყვის თილისმა, ვერც მან მითხრა, ვერც ყვავილმა, ვერც ნიავმა დილისამ. ვდუმდი … ჩემს წინ გაზაფხულის შუქად ამოყვანილი, ირხეოდა, ციმციმებდა უსახელო ყვავილი. … ბოლოს ასე პაწაწინას, ბოლოს ასე უცოდველს, დავაკონე ბაგე ფრთხილად და “ ანუკი ” ვუწოდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი