მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება
ამ ამბავმა მაშინ გვარიანი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და არაერთი ჯანსაღი და არაჯანსაღი ვერსია წარმოშვა. ზოგი იმ ზომამდეც კი აიყოლია ფანტაზიამ, რომ შეეცადა ყველაფერი კოლექტიური ჰიპნოზით აეხსნა, რაც, ცხადია, აბსურდი იყო და, შესაბამისად, ახსნათა ჭრელსა და გრძელ რიგში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა; თუმცა ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ - ყოველივეს წვრილად და შეძლებისდაგვარად დალაგებით გიამბობთ, დასკვნა კი თქვენ თვითონ გამოიტანეთ. ბებია ანა სრულყოფილი ბებია იყო, ლამის აბსოლუტური, რასაც განსაკუთრებით ნათლად ადასტურებს ის გარემოება, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე დიდი თუ პატარა, გარეშე თუ შინაური, შორებელი თუ ახლობელი ყველა „ბებიას“ ეძახდა, ეს კი ამ სფეროში უმაღლესი წოდებაა (ისე, როგორც, ვთქვათ, სამხედრო სფეროში „გენერალისიმუსი“). ისეთ შეფარდებითსა და დუალისტურ სამყაროში, როგორიც ჩვენია, თქმა არ უნდა, „ყველა“ მთლად ზუსტად არასდროს უდრის ყველას; ჩვენი სანათესაო, მაგალითად, იმოდენაა, ასე თუ ისე ხალვათად რომ დავეტიოთ, ერთი საშუალო ზომის დაბა დაგვჭირდება. ამდენ ხალხს (აღარაფერს ვამბობ არასისხლისმიერ ნათესავებზე - მეზობლებზე, მეგობრებზე, მტრებზე) ძნელია რაიმე ისეთი საერთო თვისება მოუძებნო, უკლებლივ ყველას მოერგოს. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, არც „ბებია ანას“ შეიძლებოდა ყოვლისმომცველობის პრეტენზია ჰქონოდა; ის კი არა, ერთი-ორი ბავშვობის მეგობარი, დანამდვილებით ვიცი, სულაც „გოგოს“ ეძახდა, მაგრამ ამნაირ გამონაკლისებს სხვა ფუნქცია აკისრიათ და ისინი სათვალავში ჩასაგდები არაა, მით უფრო, რომ სოფელ ეწერში, სადაც ბებია ანამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა, მართლა უკლებლივ ყველა „ბებია ანას“ ეძახდა, მათ შორის ბაბუა დევიც, რომელსაც თავად, თუმც მეტრიკისა და სხვა ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით სწორედ „დევი“ ერქვა, ვინაიდან გადმოცემის თანახმად დიდი და ბანჯგვლიანი დაბადებულა, არც „დევს“ ეძახდა ვინმე და არც „ბაბუას“, ყოველ შემთხვევაში, მე არასოდეს გამიგია ვინმეს მისთვის „სპირიდონის“ გარდა სხვა რამ დაეძახოს. ისე, დევს მართლა არ ჰგავდა. ადრე არ ვიცი და ჩემს მახსოვრობაში ყოველთვის ტანმორჩილი და გალეული იყო, დიდრონი, პარტყუნა ყურები ჰქონდა, ხშირი წითური წარბები, მეჩხერი წითური თმა, მუდამ გაუპარსავი წითური პირისახე და საწყალობელი - რაღაც ნიშნის მიხედვით ასევე წითური - მზერა. მაგრამ ყველაფერი ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი კი, რაც იმ ზაფხულს მოხდა, ბებია ანას გარდაცვალება იყო. ბებია ანა გარდაიცვალა ივნისის თოთხმეტში, სამშაბათ დღეს, საღამოს სიგრილეზე, როდესაც დასავლეთის დიდი, მეწამული მზე ის-ის იყო გადასცდა ირმის ქედს და თავქვე დაეშვა. ამ ამბავში, ცხადია, მოულოდნელი და განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ვინც იბადება, კვდება კიდეც. ზოგი ადრე კვდება, ზოგი გვიან. ბებია ანა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ გარდაცვალებამდე სწორედ ერთი კვირის წინ ოთხმოცდაექვსის შესრულდა, თამამად შეიძლება ითქვას, არც მეტისმეტად დაყოვნებულა - ზოგი ხომ ისე მოიტოვებს უკან ას წელიწადს, ერთ წარბს არ შეიხრის - და არც მეტისმეტად აჩქარებულა, უბრალოდ, დინებას მიჰყვა; ამიტომ ნელ-ნელა, მეთოდურად, საგანთა ბუნების შესაბამისად აკლდებოდა სითბო, რის საკომპენსაციოდაც ბოლო ხანებში ყოველ წელიწადს თითო ფენა ტანსაცმლის დამატება უხდებოდა. ბოლოს დადგა დრო, როდესაც ეს ზეგარდმო, მაგრამ ლიმიტირებული სითბო გამოელია, ტანსაცმლის ფენებმაც თავიანთი მოკრძალებული შესაძლებლობანი ამოწურეს და ბებია ანა აღესრულა; ბებია ანამ კეთილად და, რამდენადაც ცნობილია, მშვიდობიანად განვლო წუთისოფლის უდაბნო და წავიდა. მაისის მიწურულს და ივნისის დამდეგს ჩვენი ძველი სახლი სოფელ ეწერში - ვეებერთელა, უსახური და საყვარელი - ჩვეულებრივ, წვრილფეხობით ივსებოდა ხოლმე. მიზეზი ამისა ის გახლდათ, რომ ამ დროს სკოლები, ჯოჯოხეთის ეს საგანმანათლებლო ფილიალები, დროებით იხურებოდა და პატარა ცოდვილებს - გამოფიტულებსა და გამოთაყვანებულებს - მშობლები სარეაბილიტაციოდ სოფელში გზავნიდნენ. ყველას, ცხადია, ვერა. ზედა კლასების ბიჭებს, მაგალითად, გული, გონება და კიდევ რაღაც, რაც სიტყვით არ გამოითქმის, თანდათან ზღვისკენ მიუწევდათ, სადაც შიშველ ბარძაყებსა და თითქმის შიშველ ბარძაყებზემო რეგიონთა ანდამატურ უფსკრულებში უკვალოდ ინთქმებოდა მთელი მათი მსოფლმხედველობრივი საყრდენები - ფილოსოფიურიც, რელიგიურიცა და რელიგიურ-ფილოსოფიურიც - და ამ ნიადაგზე თვალები ისე უელავდათ, ამის შემხედვარე მშობლები, რომლებთაც, ვინ იცის, მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ამოშლილი საკუთარი ახალგაზრდობა, ზოგჯერ იძულებული ხდებოდნენ დათმობაზე წასულიყვნენ. დიახ, ეს ასე იყო, მაგრამ ჩვენ ბევრნი ვიყავით - თორმეტი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი; რამდენიმე საცოდავი დეზერტირის დაკლება რას დაგვეტყობოდა! ბებია ანას ხუთი შვილი ჰყავდა (რაც, ცხადია, სპირიდონის გარეშე ვერ მოიაზრება და თუ მე მაინც მარტო ბებია ანას მოვიხსენიებ ხოლმე, ამის მიზეზი საოჯახო ტრადიციაა, რომელსაც ვემორჩილები, ვინაიდან ვერ გავექეცი): ბიძია ანდე, მამაჩემი, ბიძია აკაკი და ორი მამიდა - ნატო და გურანდა. ბიძია ანდე მაშინ უკვე სამი შვილის მამა და სამი შვილიშვილის ბაბუა იყო და, თუ დალის არ ჩავთვლით, რომელიც სწორედ იმ წელიწადს სამედიცინო ინსტიტუტს ამთავრებდა, მთელი ოჯახით სოფელში ცხოვრობდა. გაზაფხულის დამლევს და ზაფხულის დასაწყისში ამათ კიდევ ცხრანი დავემატეთ, მათ შორის ორივე მამიდა. ამ მარტივი არითმეტიკიდან, ვფიქრობ, ნათლად უნდა ჩანდეს, თუ რა ხმაურიანი იყო ივნისი ჩვენს ძველ, უსახურ სახლში. ძველი, როგორც ბუნების წესია, ჩვენი სახლი ნელ-ნელა გახდა, დროთა განმავლობაში, უსახური კი ეტყობა იმთავითვე იყო. სიგანეში ზედმეტად ვიწრო, ხოლო სიგრძეში ზედმეტად გრძელი (ახლა კირით შეთითხნილი პირველი სართულიც წარმოიდგინეთ), იგი უზარმაზარ ბოსელს უფრო ჰგავდა, ვიდრე სახლს, სადაც ჩვენისთანა ღირსეული და ერთ დროს მთელი სოფლის მიერ აღიარებული გვარი ცხოვრობდა. მეორე სართული - წაბლის ხით ნაგები - ცოტათი უკეთესი იყო. მაგრამ მხოლოდ ცოტათი. ეს ცოტა იმაში გამოიხატებოდა, რომ წინ, სამხრეთის მხარეს, მთელ სიგრძეზე განიერი აივანი გასდევდა, რომელზედაც წვიმიან ამინდში, როდესაც ეზოში გასვლა შეუძლებელი იყო, თავისუფლად ხერხდებოდა ერთდროულად ორი საფეხბურთო მატჩის გამართვა. სახლს ირგვლივ ნახევარი ჰექტარი მიწა ეკრა. ზემოთ, დამრეც და მზიან ფერდობზე, ბებერი ვენახი იყო, რომელიც იმ დროს უკვე თითქმის აღარ ისხამდა, ხოლო ქვემოთ, მოვაკებულზე - სიმინდის ყანა, ხეხილი და ბოსტანი. სახლის ზედა მარჯვენა კუთხესა და ვენახს შორის (უფრო სახლის, ვიდრე ვენახის სიახლოვეს) მაგნოლიის ხე იდგა. ვინ დარგო, როდის და რა მიზნით - დღეს აღარავინ იცის. გარდა აივნისა, ამ ძვირფას სახლს კიდევ ერთი ღირსება ჰქონდა. ეს იყო ოთახების ურიცხვი რაოდენობა, რაც საშუალებას იძლეოდა დამალობანას თამაშს მაქსიმალურად დაძაბული, რთული და საინტერესო (დაღამების შემდეგ კი ჩვენთვის - ქალაქიდან ჩამოსულთათვის ცოტა მომნუსხველად საშიშიც) სახე მისცემოდა. მთელი ეს უძრავი ქონება სპირიდონს ერგო მემკვიდრეობით. დანარჩენი და-ძმები - სულ შვიდნი ყოფილან - ადრევე გასულან და თავიანთი წილიც გაუტანიათ. თვითონ სპირიდონი ბებია ანას ერგო და ამ ზეციერ-მიწიერი კავშირის შედეგად მალე იმდენი შევიქენით, ჩვენც რომ მოგვეწადინებინა ქონების დანაწილება, სულზე ალბათ ორ-ორი ფიცრისა და ორ-ორი ხარდნის მეტი არ შეგვხვდებოდა. საბედნიეროდ, საქმე დანაწილებამდე არ მისულა. დაინტერესებულ მხარეთა შეთანხმებით ყველაფერი ბიძია ანდეს დარჩა, რაც ბრძნული გადაწყვეტილება გამოდგა, ვინაიდან - ამაში შარშან დავრწმუნდი, როცა დიდი ხნის განშორების შემდეგ ერთხელ კიდევ მომიხდა ეწერს ჩასვლა - ბიძია ანდეს ძველი სახლი დაენგრია და ახალი აეშენებინა, ძველი ვენახი აეჩეხა და ახალი ჩაეყარა და, საერთოდ, ისე შეეცვალა იქაურობა, თუ სევდა გულს არ შეგიკუმშავდათ, ცქერით ვერ გაძღებოდით. ეს - შარშან. მაშინ კი, იმ ტკბილადმოსაგონარ ხანაში ყველაფერი ისე იყო, როგორც გითხარით, და დროდადრო ჯერ კიდევ ყველანი ერთად ვიყრიდით თავს მამაპაპეულ ბოსელში. ოღონდ ეს არის, იმ ზაფხულს ბებია ანა გარდაიცვალა. ამდენი პატრონის ხელში სახლის მოვლა - თანაც ამხელა სახლის - სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. ამიტომ ბოლო ხანებში სამომხმარებლო აქცენტი მთლიანად ქვედა სართულზე იქნა გადატანილი და იმ დროისათვის, რომელზედაც ლაპარაკი მაქვს, საცხოვრებლად და, შესაბამისად, გარდასაცვლელად მხოლოდ ქვედა სართული იყო ასე თუ ისე მომარჯვებული. ბებია ანაც ქვედა სართულზე გარდაიცვალა ვრცელი სამზადის მიმდებარე პატარა ოთახში იმ დროს, როდესაც ყველა უფროსი, სპირიდონისა და ბიძია ანდეს ჩათვლით, შინ იყო. შინ იყვნენ პატარებიც. და მხოლოდ ოთხი შედარებით მოზრდილი ბიჭი (ბიძია ანდეს ლადო, მე, ბიძია აკაკის დათუნა და მამიდა გურანდას გიო) „გორაზე“ ვიყავით წასული სათამაშოდ. „გორა“ ხშირი ტყით შემოსილი პატარა მთაა, რომელსაც წაკვეთილი კონუსის ფორმა აქვს. კონუსის თავი წარმოადგენს მოზრდილ ყვავილოვან მდელოს, რომელიც ლამაზიცაა და ნებისმიერი თამაშისათვის მოსახერხებელიც, თუმცა მე იგი სხვა რამის გამო უფრო მიყვარდა - აქედან რომ გადავიხედავდი, მთელი ქვეყანა თითქოს ფიანდაზად მქონდა ფეხქვეშ გაშლილი, და თუ ამ ქვეყანას ერთხანს მდუმარედ დავაცქერდებოდი, ტანში ზოგჯერ რაღაც ზეგარდმო, ამბიციური და საამო ჟრუანტელი მივლიდა. მოისმა თუ არა კივილი, ლადომ მაშინვე თქვა, ბებია ანა მოკვდაო, და მისი ნათქვამის სისწორეში ეჭვი არავის შეგვიტანია, ვინაიდან, ჯერ ერთი, ლადომ ყველაფერი იცოდა და, გარდა ამისა, ბოლო სამი დღე ბებია ანა ლოგინად იყო ჩავარდნილი და, წინააღმდეგ ჩვეულებისა, ჩუმად კრუსუნებდა. მაშინვე შევწყვიტეთ თამაში და სოფლისკენ დავეშვით. ლადოს ვარაუდი გამართლდა - კივილი სწორედ ჩვენი სახლიდან მოდიოდა. მალე ხმებიც ვიცანით. მორიგეობით კიოდნენ. ხან მამიდა ნატო, ხან მამიდა გურანდა და ხან ბიცოლა სალომე - ბიძია ანდეს ცოლი. ეს ინფორმაციული კივილი იყო და მართლაც, სახლს რომ მივაღწიეთ, ყველა, ვისთვისაც ეს მაღალი სიხშირის სიგნალები იქნა გაგზავნილი - ესენი კი უახლოესი ნათესავები და მომიჯნავე მეზობლები იყვნენ - უკვე შეკრებილი დაგვხვდა. მალე კივილიც მიწყდა. მაგრამ გარდაცვალება, ვიწრო გაგებით, მხოლოდ ერთი მონაკვეთია იმ დიდი და რთული სამყაროული ხდომილებისა, რაც ამ ცნებაში იგულისხმება. კივილი რომ შეწყდა და სოფელმა ბებია ანას გარდაცვალება ასე ვთქვათ, ცნობად მიიღო, ახალი ეტაპი დადგა. იმ დღეს ბავშვები ადრე გაგვრეკეს დასაძინებლად, უფროსები კი დილამდე დარაჯობდნენ ბებია ანას, ხოლო მეორე დღეს ის საზეიმო ფაციფუციც დაიწყო, რომლითაც ყოველთვის იოლად მიხვდებით, რომ საქმე სიკვდილთან გაქვთ. ყველაფრის თვალის მიდევნება ძნელი იყო, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ რას აკეთებდა, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ყველა რაღაცას აკეთებდა, და აკეთებდა საქმიანად და კეთილსინდისიერად, თუმც, რა დასამალია, ზოგ მათგანს ამ დროს, ცოტა არ იყოს, ზედმეტად საქმიანი და კეთილსინდისიერი სახე ჰქონდა, თითქოს საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ენდობაო, რაც ჩემი აზრით გარდაცვალების ამაღლებულსა და ღრმად ბუნებრივ ატმოსფეროში მცირე ბზარს აჩენდა. საერთოდ, მთავარი სიმძიმე ამ მეორე დღეს დააწვა. უწინარეს ყოვლისა, ქვედა სართულის ერთ მოზრდილ ოთახში შტაბი გამართეს, რომელსაც ბიძია ანდე ჩაუდგა სათავეში. შტაბის ნამდვილ წევრებად მხოლოდ მამაკაცები იქნენ არჩეული. ერთი მათგანი, პატივცემული არჩილი - ადგილობრივი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი - ერთთავად დიდ სასადილო მაგიდას უჯდა და წინ საკანცელარიო დავთარი ედო; ამ დავთარში აღინიშნებოდა ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც შტაბი მიიღებდა; მიღებული გადაწყვეტილება მერე სამ სპეციალურ გრაფაში იტოტებოდა. ეს გრაფები იყო: 1. შესასრულებელი საქმის სახეობა. 2. შემსრულებლის გვარი და სახელი და 3. შესრულების ვადა. საქმე რომ მოთავდებოდა, შესაბამისი გრაფა სუფთად გადაიხაზებოდა და ბოლოში ნიშანი „!“ დაისმებოდა. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ ალიაქოთში, რაც ასეთ დროს ბუნებრივი ამბავია, არაფერი გამორჩენოდათ და სირცხვილი არ ეჭამათ. ნასაუზმევს შტაბში მე და ლადო გამოგვიძახეს და ცალხელა მიხაკოსთან გაგვაგზავნეს ხის ტახტის მოსატანად. სოფელში ოჯახი არ მოიძებნებოდა - ეს ლადომაც დამიდასტურა - ერთი ხის ტახტი მაინც არ ჰქონოდა (ჩვენ სამი გვქონდა), მაგრამ მიცვალებულის დასასვენებლად ყველანი რატომღაც მხოლოდ ცალხელა მიხაკოს ტახტს ხმარობდნენ. ეს ტახტი მიხაკოს სახლს უკან, ერთ პატარა, სხვა მხრივ ყოვლად უფუნქციო ფარდულში ჰქონდა კუთხეში აყუდებული და ზომიერ ფასად აქირავებდა. მიცვალებულს რომ მიწას მიაბარებდნენ და ტახტს უკან დაუბრუნებდნენ, ისევ იმ ფარდულში შეიტანდა, თავის ადგილას ააყუდებდა და ჰქონდა იქ, ვიდრე სოფელში ახალი მიცვალებული გაჩნდებოდა... ლადოზე ალბათ ეს არ ითქმის - სოფელში ასეთ რამეებს პატარაობიდანვე ეჩვევიან - მე კი დავალება სერიოზულ აღიარებად მივიჩნიე და საკუთარი თავის პატივისცემა მომემატა. ცალხელა მიხაკო შორს არ ცხოვრობდა, ტახტი მძიმე არ იყო და დავალება მალე წარმატებით შევასრულეთ, თუმც თავიდან, არ დავმალავ, გვარიანი შიში ვჭამე. მიხაკომ რომ ტახტი ფარდულიდან გამოიტანა და წინ დაგვიდგა, უეცრად ცხადად დავინახე ყველა ის მიცვალებული, ვინც კი ოდესმე ამ ტახტზე ესვენა (მათი რიცხვი კი, ლადოსგან ვიცოდი, დიდი იყო), და მუცელში რაღაცამ ისეთი თახთახი დამიწყო, კინაღამ უკანვე გავქუსლე. მადლობა ღმერთს, ბოლოს მაინც დავძლიე შიში და შერცხვენას გადავრჩი. ლადომ, როგორც მასპინძელმა და თანაც სამი თვით ჩემზე უფროსმა, არჩევანი მე მომანდო - გინდ წინ გამიძეხი და გინდ უკან მომყევიო, მითხრა. მე გაძღოლა ვამჯობინე; უკან რომ გავყოლოდი, მიცვალებულებით სავსე ტახტი მთელი გზა ცხვირწინ უნდა მქონოდა და, კაცმა არ იცის, გავუძლებდი თუ არა ასეთ გამოცდას, ასე კი შიში მხოლოდ ხელისგულებში შემოდიოდა, რომლებიც ტახტისთვის ზურგსუკან მქონდა ჩაკიდებული, და თითებში დაფუთფუთებდა, რაც ასე თუ ისე ასატანი იყო. მოკლედ, მშვიდობით მივედით შინ და საპატიო ტვირთი მას შემდეგ, რაც ქალებმა საგულდაგულოდ გარეცხეს და გაამშრალეს, მეორე სართულზე, ასევე საგულდაგულოდ დაწკრიალებულ და ავეჯისაგან მთლიანად დაცლილ დარბაზში შევიტანეთ, სადაც იგი უკვე უფროსების ხელში გადავიდა. უფროსებმა ტახტი დარბაზის შუაგულში დადგეს და ზედ დიდი, სქელი ყავისფერი ნოხი დააგეს, ხოლო ნოხზე ბებია ანას ცხედარი დაასვენეს, რომელიც რამდენიმე კაცმა სახელდახელო საკაცით ამოიტანა ზემოთ; ქალებმა ცხედარს გაქათქათებული სუდარა გადააფარეს, ხელები სუდარის ზემოთ მკერდსა და მუცელს შორის დაუკრიფეს და თავთით მაღალი მსხვილი სანთელი დაუნთეს. ამოდენა სანთელი ჩემს დღეში არ მენახა. მერე სკამები მოზიდეს, მთელ დარბაზში კედლებთან ჩაამწკრივეს და დასხდნენ. დასხდნენ ძირითადად ქალები; კაცები მხოლოდ მცირე ხნით თუ ჩამოისვენებდნენ, ორიოდე სიტყვით თავიანთ ფორმალურ აზრს გამოთქვამდნენ ცხოვრების ამაოებაზე და ისევ საქმეებზე გასწევდნენ. ამ დროისათვის შესაფერისი სამოსი ჯერ კიდევ ცოტას ეცვა. სამაგიეროდ, მეორე დღეს ყველანი უკვე შავებში გამოწყობილები გამოცხადდნენ და არშიასავით შემოერტყნენ ბებია ანას. ეს კია, ზოგს ნათხოვარი კაბა ეცვა და მთლად ზომაზე ვერ ჰქონდა მორგებული. შინაურებს ეს არ ეხება. შინაურებს - ორთავ მამიდასა და ბიცოლა სალომეს - ახლები შეუკერეს. მართალია, მამიდა ნატოს ისედაც ჰქონდა საუცხოო სამგლოვიარო კოსტუმი - მას წინა წელს მამამთილი მოუკვდა და გასვენებაზე ისეთი იყო, ხონთქარსაც კი თვალებს დააპრაწინებდა - მაგრამ ის ტანსაცმელი ქალაქში დაეტოვებინა (რას იფიქრებდა, თუ დასჭირდებოდა!), ჩამოტანას კი რატომღაც შეკერვა არჩიეს. როგორც უკვე ითქვა, ეს მეორე დღე ყველაზე დაძაბული იყო. დილით ორი მეზობელი, რომელთაც ჰალსტუხები შეიბეს, რასაც აქამდე, რამდენადაც ვიცი, არ სჩადიოდნენ, მანქანით წავიდნენ და შუადღის ხანს ექიმი მოიყვანეს; ყოველ შემთხვევაში, ის, ვინც მოიყვანეს, თეთრ ხალათში იყო გამოწყობილი და ექიმს ჰგავდა, თუმც, მეორე მხრივ - ეს კითხვა მე მაშინვე გამიჩნდა - მკვდარს ექიმი რაში სჭირდებოდა?! ექიმმა - თუ ვინც იყო - ჭირისუფლები გარეთ გამოისტუმრა და თითქმის მთელი საათი მარტო დარჩა ცხედართან. რას აკეთებდა იქ, ვერ გავიგე და ვერც ლადომ ამიხსნა, მაგრამ ინტუიციით კი ექიმის საქმიანობა ორთავემ უცხო, გაუგებარ და რაღაცით ძალიან უსიამოვნო სიტყვა „დაბალზამებას“ დავუკავშირეთ, რომელიც მაშინ პირველად გავიგონეთ. ყველა საშური საქმე, რაც კი მერე თუნდ მცირე დაბრკოლებად შეიძლებოდა ქცეულიყო, იმ დღეს იქნა მოლეული. კერძოდ, მოიტანეს ცნობა (ლადომ მითხრა „მმაჩ“-იდანო, თუმცა ის კი ვეღარ მითხრა, ეს „მმაჩი“ რას ნიშნავდა), რომელიც საბოლოოდ, უკვე სრულიად ოფიციალურად და უტყუარად - ბეჭდის შეუვალი ძალით - ადასტურებდა, რომ ბებია ანა ნამდვილად გარდაიცვალა. შეუკვეთეს სასახლე (ასე ეძახიან ეწერში კუბოს). შეადგინეს ტრაფარეტული ტექსტი პატ. გარდაიცვალა ბებია ანა. დაკრძალვა კვირას, 19 ივნისს, 5 საათზე. და სამ ახალგაზრდა გოგოს, რომლებიც დასვეს არა შტაბში, არამედ ცალკე ოთახში, მთელი დღე მოსაწვევები აწერინეს. ჭირისუფლების სადილ-ვახშმით უზრუნველსაყოფად მობილიზებულ იქნენ მეზობლები (რომლებმაც თავად, შტაბის დირექტივების გარეშე, დააწესეს რიგი, დაინაწილეს მოვალეობანი და ჩინებულადაც შეასრულეს). მერე და მერე საქმე უფრო იოლად წავიდა. პანაშვიდების მუსიკალურ გაფორმებასთან დაკავშირებით კი გაიყო აზრი და მსუბუქი დავა წარმოიქმნა იმის თაობაზე, ცოცხალი მუსიკოსები მოეწვიათ თუ მაგნიტოფონს დასჯერებოდნენ, მაგრამ ბიძია ანდემ და მამაჩემმა, რომელიც დედაჩემთან ერთად დილითვე ჩამოვიდა, პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე აიღეს და საკითხი მაგნიტოფონის სასარგებლოდ გადაჭრეს. მესაფლავეები დაიქირავეს, მზარეულებს მოელაპარაკნენ და შაბათს პროდუქტებისა და სატრაპეზო აქსესუარების (ქვაბები, თეფშები, სინები, ლანგრები, ბოთლები, ჭიქები, დანები, ჩანგლები, მაგიდები, სკამები, სუფრები, ხელსახოცები...) მოზიდვა დაიწყეს. ავტობუსები საჭირო არ იყო, ვინაიდან სასაფლაო იქვე გვქონდა, ორ ნაბიჯზე. და აი, ბებია ანას სამზეოზე ყოფნის უკანასკნელი დღეც დადგა. თუ აქამდე დროის მთავარი მამოძრავებელი ძალა შინაარსი იყო - დაძაბული, დაუღალავი, განუწყვეტელი საქმიანობა, ახლა წინა პლანზე ფორმა გამოვიდა და კვირა დილამ ერთბაშად საპარადო სახე მიიღო. ნასაუზმევს ყველანი, ვინც სამომსახურეო საქმიანობაში ან რაიმე სპეცრიტუალში ვიყავით ჩაბმული, საგარეოდ გამოვეწყეთ. თორმეტი საათიდან ხალხის მასიური მოდენაც დაიწყო. აქამდე პანაშვიდებზე მხოლოდ ადგილობრივი და ახლომახლო სოფლების მცხოვრებნი მოდიოდნენ, ახლა კი მატარებლებით, ავტობუსებით თუ კერძო მანქანებით შორეული რეგიონებიდან მომავალნიც გამოჩნდნენ და ნაშუადღევის სამი საათისთვის თითქმის ყველა, ვინც კი თავს მოვალედ თვლიდა ბებია ანა, როგორც იტყვიან, უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა, ჩამოსული იყო. ნახევარი ჰექტარი მიწა პატარა არ არის. რომ ვთქვა, ნემსი არ ჩავარდებოდა-მეთქი, მეტი მომივა, მაგრამ ხალხი ძალიან ბევრი იყო. დღეს ამდენ ხალხს ერთად თავმოყრილს ბაზრობებზე თუ ნახავთ ან, ჰა-ჰა, კარგად ორგანიზებულ მიტინგებზე. თუმცა, მკითხველს რომ ამ სიტყვების გაგონებაზე პირში უსიამოვნო გემო არ გაუჩნდეს, აქვე დავძენ: განსხვავებით ბაზრობებისა და მიტინგებისაგან, სადაც პირველ შემთხვევაში ატმოსფერო მჭახე სიხარბითაა გაჟღენთილი, მეორე შემთხვევაში მჭახე აგრესიით, ხოლო ორივე შემთხვევაში - მჭახე სუნით, აქ უწინარეს ყოვლისა თვალში გეცემოდათ სიდარბაისლე, მშვიდობიანი სახეები, სისუფთავე, ნელსაცხებელთა სიმრავლე, ფერადი ჰალსტუხები, თეთრი პერანგები, გახამებული საყელოები, მაქმანები, ბაბთები, სათვალეები, ქათქათა ცხვირსახოცები, ჭრელი ქოლგები, შლაპები, მოდური კეპები და სიკეთის თბილი ნაპერწკლები, რომლებიც გულითად ღიმილს სულის სიღრმეებიდან ამოჰქონდა და ირგვლივ კეთილმოსურნეობის იმპულსებად აფრქვევდა. რაღა თქმა უნდა, ეპოქა თავის დაღს გვასვამს და დღევანდელი უპერსპექტივო ყოფაც გარკვეულწილად დროის სისინა ქარებმა განსაზღვრეს, რასაც, სხვათა შორის, ის გულისმომკვლელი გარემოებაც მოწმობს, რომ მრავალ იქა მბრძანებელს ახლაც ის კოსტუმი აცვია, მაშინ რომ ეცვა, და ის კოსტუმი, რომელიც მაშინ სიახლით ბზინავდა, ახლა სიძველით ლაპლაპებს, მაგრამ დრო მხოლოდ ერთი მიზეზია ამ დიდ განსხვავებაში და უგუნურება იქნება სხვა მიზეზებზე თვალის დახუჭვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრების ოღროჩოღროებში სოციალური საფეხურები ყოველთვის მკაფიოდ ჩანს. ჩვენი სანათესაო სულიერადაც და მატერიალურადაც საზოგადოების შედარებით მაღალ ფენას ეკუთვნოდა და ამაყობდა კიდეც ამით (სხვათა შორის, მიუხედავად ერთგვარი კომიკური შეუსაბამობისა, მაშინდელ კოსტუმში ბევრს დღესაც ისე უჭირავს თავი, ვაგლახად ბუზს ვერ აუფრენ). მაგალითად, ამ ხალხში - მხოლოდ სისხლით ნათესავებს ვგულისხმობ - ვინც ბებია ანას პატივსაცემად ასე ერთსულოვნად შეიკრიბა, სულ ცოტა, თორმეტი (შესაძლოა, თოთხმეტი-თხუთმეტიც კი) დოქტორი ერია (მათ შორის - ამას გაკვრით ვამბობ - მამაჩემი და მამიდა გურანდა). დინჯად მიმოდიოდა ეს ხალხი ჩვენს ვრცელ ეზოში - დაბანილები, დავარცხნილები, გულმშვიდები და ოპტიმისტები - გულითადად (კოცნით ან ხელის ჩამორთმევით) ესალმებოდნენ ახალმოსულებს, ხელკავით დასეირნობდნენ, ბაასობდნენ, იღიმებოდნენ, ზოგჯერ იცინოდნენ კიდეც, ოღონდ როგორღაც ისე იცინოდნენ, რომ ამით არათუ უპატივცემულობას არ ამჟღავნებდნენ ბებია ანას ხსოვნის წინაშე, არამედ სწორედ პატივისცემას ადასტურებდნენ, ზომიერად ხუმრობდნენ და სიყვარულის გამოსახატავად ერთიმეორეს ბეჭებზე ხელს უთათუნებდნენ, ხოლო მათ თავებს ზემოთ შარავანდედივით იდგა უცხოური სიგარეტის არომატული და ცისფერი ბოლი. საღამოს საზოგადოებას დიდი პურობა ელოდა. ერთი შეხედვით - განსაკუთრებით თუ ზემოდან, ფერდობიდან შეხედავდით - ძნელად წარმოიდგენდით, რომ საერთოდ შესაძლებელია ამდენი ხალხის დაპურება, მაგრამ ჩვენი ოჯახი მაშინ თავმომწონეობის ისეთ სიმაღლეზე იდგა - იმ მიკროეპოქაში კი მთავარი სწორედ თავმომწონეობის სიმაღლე იყო და არა ეკონომიკისა - თუნდ ქუდზე კაცი ჩამოსულიყო (პრაქტიკულად ასეც მოხდა), თავს არ შეირცხვენდა. მეორე მხრივ, ტრაპეზს შინაარსობრივადაც კარგი პირი უჩანდა. ეს უწინარეს ყოვლისა სუნზე იგრძნობოდა. სუნი სახლის უკნიდან მოდიოდა და მსუბუქი სიოს წყალობით მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. იქ, სახლს უკან, ოთხ ადგილას ენთო ღია ცეცხლი და თუჯის მაღალ სამფეხებზე ვეება ქვაბები თუხთუხებდა. ქვაბები სხვადასხვა ხმაზე თუხთუხებდნენ და სხვადასხვაგვარ სურნელს აფრქვევდნენ. ქვაბების მეუფება და სუნთა გამგებლობა ხელთ ეპყრა ხუთ ჯადოქარ მზარეულს, რომელთაგან ორი გამოცდილი ოსტატი იყო, ჭარმაგი და მსუქანი, ხოლო დანარჩენი სამი - ისინი თანაშემწეების მოვალეობას ასრულებდნენ - უფრო ახალგაზრდები და, შესაბამისად, ნაკლებად მსუქნები. სახლის უკანვე, ოღონდ ზედა მხარეს, ისე, რომ მოტრაპეზენი კვამლს არ შეეწუხებინა, უზარმაზარი სეფა იყო გადაჭიმული, რომელშიაც, გრძელი მაგიდების ირგვლივ, თეთრწინსაფრიანი ქალები - ახალგაზრდები და სანდომიანები - დაფუსფუსებდნენ. თუ ჩავუკვირდებით, ხანგრძლივ სიცოცხლეს ერთი ის კარგი თვისებაცა აქვს, რომ გასვენებაში მოსულ საზოგადოებას პირობითობის ზოგიერთ ბორკილს ვხსნით და გარკვეულ თავისუფლებას ვანიჭებთ (თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ თავისუფლების ზომიერ გამოყენებასაც ვავალებთ). მართლაცდა, ატმოსფერო, რომელიც ყოველ კონკრეტულ გასვენებაში სუფევს, ძალიან დიდ წილად განპირობებულია მიცვალებულის ასაკით. როცა ისეთი ადამიანის გასვენებაში მიდიხართ, რომელმაც უკვე მოასწრო ცხოვრებასთან ყველა - თუ ყველა არა, უმეტესობა მაინც - თამასუქის განაღდება, გზა ბოლომდე გალია და მშვიდობიანად შეერთო მარადისობას, თქვენც მშვიდი ხართ, დაუძაბავი, სრულიად თავისუფალი „ნწუ-ნწუ“ -სა და სხვა ყალბი წამოძახილებისაგან, შეგიძლიათ შუბლი გახსნილი იქონიოთ, ახლობლებთან საუბარში მთელი არსებით ჩაებათ და ერთი-ორი ჭიქა ღვინო იმაზე მეტიც დალიოთ, ვიდრე ვარაუდობდით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ დროს გასვენება ის ადგილი იყო, სადაც მრავალი წლის უნახავი ნათესავები ჯერ კიდევ ხვდებოდნენ ერთმანეთს. დასაფლავების ჟამი ახლოვდებოდა. ცხადია, მოსაწვევ ბარათებში რომ ხუთი საათი ეწერა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა; მოსაწვევ ბარათში აუცილებლად უნდა ეწეროს რაღაცა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას ფორმალური სრულყოფილებისკენ ჩვენი გაუცნობიერებელი სწრაფვაც მოითხოვს - ხოლო ხუთი საათი ივნისის თვეში დასაფლავებისთვის საუკეთესო დროა. მაგრამ რეალურად დასაფლავების ნამდვილი დრო - სოფელზე ვამბობ და არა ქალაქზე, სადაც სიზუსტეს რატომღაც მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ - უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, არის თუ არა დათქმული დროისთვის ადგილზე ყველა, ვისი ადგილზე ყოფნაც აუცილებელია ან, უკიდურეს შემთხვევაში, ძალიან სასურველი. ჩვენთან ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო, განსაკუთრებულსა და გამორჩეულს უკვე აღარავის ველოდით და, შესაბამისად, არც არავითარი მიზეზი გვქონდა, მოსაწვევში აღნიშნული ვადა დაგვერღვია. ხუთს აღარაფერი აკლდა, როცა რამდენიმე ბავშვი, მე და ლადოს მეთაურობით, აივანზე გამოგვიძახეს. ამჯერად ჩვენი მოვალეობა იყო გვირგვინები და თაიგულები დაგვეჭირა და პროცესიაში ჩავმდგარიყავით, თანაც ყველაზე საპატიო ადგილას - „სასახლესა“ და უმაღლესი რანგის ჭირისუფალთა შორის. ტახტის მოტანის შემდეგ ყვავილები ბევრი არაფერი იყო, მით უფრო, რომ ეს საქმე ჩვენზე პატარებსაც მიანდეს, მაგრამ ჩემს მაშინდელ, ჯერ კიდევ ბავშვურ პატივმოყვარეობას ესეც გვარიანად ელამუნებოდა. ავედით აივანზე და ჩავმწკრივდით განკარგულების მოლოდინში. და - ყურადღება! ის იყო, მოწესეთუფროსი, ბიძია გობრონი - გაუპარსავი კაცი, რომელსაც გორილას აღნაგობა, რეციდივისტის სახე და ანგელოზის გული ჰქონდა, რამდენიმე მისნაირი გაბურძგნული კაცის თანხლებით დარბაზში შევიდა, რათა უკანასკნელი, იდუმალ-მისტიკური და წარმართულ-ქრისტიანული რიტუალის წინ ჭირისუფლები გარეთ გამოესტუმრებინა, რომ მე და ლადომ ერთმანეთს მუჯლუგუნი წავკარით. ჩვენი ეზო ისეთ ოთხკუთხედს წარმოადგენდა, რომლის სიგრძე დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა სიგანეს. სახლი ამ გრძელი ოთხკუთხედის ბოლოში იდგა და ჭიშკრამდე დიდი მანძილი იყო. ეზოს გადაღმა, ჭიშკარს რომ ცოტა გასცდებოდით, დაღმართი იწყებოდა. გზა ფერდ-ფერდ მისდევდა ამ დაღმართს და დამრეცად ეშვებოდა ქვემოთ, კოლექტივის კანტორისაკენ; ამიტომ, ფერდობს რომ ვინმე შემოუყვებოდა, აქედან - გინდ პირველ სართულზე ყოფილიყავით, გინდ მეორეზე (ეს არის მხოლოდ, პირველ სართულზე თუ იყავით, ცოტა უფრო გვიან დაინახავდით) - ჯერ თავი ამოიზიდებოდა უხილავი არედან და მერე ნელ-ნელა დანარჩენი ნაწილები, ისე კი, რომ ეს მოძრაობა - მოძრაობა ჰორიზონტალური და მოძრაობა ვერტიკალური - მკაცრ გეომეტრიულ წესს ემორჩილებოდა, რომელიც მე და ლადოს - ჩვენ ამ კუთხით არაერთი დაკვირვება ჩავატარეთ - ზუსტად გვქონდა გამოთვლილი. და აი, უეცრად წესი დაირღვა. ვიღაც რომ ამოდიოდა აღმართზე, ცხადი იყო, ვინაიდან ქუდი გამოჩნდა. მართალია, იმისთვის, რაც გამოჩნდა, ძნელი იყო მთლად დარწმუნებით გვეწოდებინა ქუდი, რამდენადაც ქუდის ჩვენთვის ნაცნობ არანაირ ტიპს არ ესადაგებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, სხვა რა უნდა ყოფილიყო?! და ეს ქუდი როგორღაც ასიმეტრიულად მოძრაობდა და ჩვენს მიერ ესოდენი სიზუსტით დადგენილ წესს ჰორიზონტალსა და ვერტიკალს შორის შეფარდების შესახებ ფეხქვეშ თელავდა. მიზეზი სულ მალე ცხადი შეიქნა, თუმცა ამას გაკვირვება არათუ არ გაუგრილებია, პირიქით, მთავარი ცეცხლი სწორედ ამან წაუკიდა: კაცი, რომელმაც ამასობაში აღმართი ამოათავა, აღმოჩნდა არა უბრალოდ კაცი, არამედ მხედარი, რომელიც თეთრ ცხენზე იჯდა და - მიუხედავად სიშორისა ეს მკაფიოდ და ცოტა შემაძრწუნებლად გამოჩნდა - ტანთ ჩოხა ეცვა, ხოლო თავზე ჩაბალახი ეხურა. ვიდრე მე სადღაც ცნობიერების მიჯნაზე იმის დადგენას ვცდილობდი, მართლა ჩანდა ის, რაც ჩანდა, თუ მეჩვენებოდა, მხედარი სხვებმაც შენიშნეს და მსუბუქი და თავშეკავებული, მაგრამ საამო ჟრიამული, რომელიც ბებია ანას დაკრძალვის დღეს როგორღაც უხდებოდა კიდეც, შეწყდა. უშფოთველ ატმოსფეროში დისონანსი შემოიჭრა. წამიც და ურიცხვმა თვალმა ყველა სხვა სამიზნე მიატოვა და განცვიფრებით მიაჩერდა უცხო მხედარს, რომელსაც დინჯი, გამოზომილი ნაბიჯით მოჰყავდა ცხენი ჩვენი ეზოსაკენ. სოფლად (იშვიათად ქალაქადაც) გასვენებაში ყოველთვის ნახავთ ბევრს თუ არა რამდენიმე კაცს მაინც, რომლებიც შუადღისას უკვე შეჭიკჭიკებულები არიან. ესენი უმთავრესად ის ხალხია, რომელთაც მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო (რაშიაც ძირითადად მაინც ტრანსპორტის არახელსაყრელი განრიგი იგულისხმება) მეტისმეტად ადრე მოუხდათ ჩამოსვლა და საღამომდე მათი უჭმელად დატოვება არ შეიძლება, ამიტომ ადრევე, ოფიციალურ ქელეხამდე უშლიან სუფრას. ხოლო ზოგი მათგანი რომ უფრო მეტად ეტანება ღვინოს, ვიდრე მიღებულია, ამაში - დამეთანხმებით - გასაკვირი არაფერია: ადამიანის ბუნება სუსტია და მერყევი; ასეთი შეგვქმნა ღმერთმა. მე ჩემი თავი საღად მოაზროვნე კაცად მიმაჩნია (თუ ვცდები, მიმითითეთ) და ძალზე შორსა ვარ იმ აზრისაგან, თითქოს სუბიექტურ მოლანდებათა ობიექტაცია შესაძლებელი იყოს, მაგრამ რაკი ჩვენ უმთავრესად მაინც მხოლოდ ის ვიცით, რომ არაფერი ვიცით, მირჩევნია ეს ხალხიც მოვიხსენიო, მით უფრო, რომ, როგორც მახსოვს, სწორედ მათგან წამოვიდა ფანტასტიკური ვერსია, თითქოსდა ყველაფერს, რაც მაშინ მოხდა, კოლექტიური ჰიპნოზი ედო საფუძვლად. ცხენი გრძელფეხებიანი იყო და ერთიანად თეთრი; წვრილი თავი მაღლა ეჭირა და ლაღი, თანაბარი ნაბიჯით მოდიოდა. კაციც თეთრი იყო, ყოველ შემთხვევაში, თეთრი ჩოხა ეცვა და თეთრი ჩაბალახი ეხურა, თეთრი წვერი ესხა და მზის ოქროსფერი სხივებით დაფერილ ამ სითეთრეში შავ აზიურებს მაინცადამაინც დიდი დისონანსი ვერ შეჰქონდა. თავი მასაც მაღლა ეჭირა. ხოლო მთელი აქეთური საზოგადოება ახლა ერთგვარად ბებია ანას დაემსგავსა - მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ყველანი გაშეშდნენ, მხოლოდ უსულო საგნებიღა მოძრაობდნენ, როგორიცაა ვთქვათ, ცეცხლის კვამლი ან სიგარეტის ბოლი. ჩვენს შორის, ერთ-ორ სამწუხარო გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, მთლად უვიცი არავინ იყო, ყველამ ვიცოდით, რომ ცხენი სხვაა და კაცი სხვა, და თუ მაინც ისე მივჩერებოდით ცხენ-მხედარს, როგორც ერთ დროს ამერიკელი ინდიელები, ამის მიზეზი დაბნეული განცვიფრება გახლდათ. და ეს განცვიფრება, მე თუ მკითხავთ, ბუნებრივიც იყო: შეუძლებელია ასეთი მოულოდნელი ანაქრონიზმი ესოდენ მცირე დროში აღიქვა, გააცნობიერო და საგანთა წესრიგში ჩასვა. ამასობაში ცხენი ჭიშკარს მოადგა, მაგრამ - თუმც ჭიშკარი, ცხადია, ღია იყო - ეზოში არ შემოსულა. მხედარმა აღვირი მოზიდა. ცხენი შედგა. მხედარი ჩამოხტა. ჩამოხტა მსუბუქად. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ მოახლოების კვალობაზე მე და ლადომ მრავალი დეტალი გავარჩიეთ - ჩვენ მაშინ ქორის თვალი გვქონდა - და დავინახეთ, რომ მხედარი მოხუცი იყო. ზუსტი ხნოვანების განსაზღვრა გაგვიჭირდებოდა, მაგრამ სახის გამომეტყველება და ზოგი თითქოსდა უმნიშვნელო წვრილმანი იმ ასაკს ამჟღავნებდა, როცა კაცი ცხენით მარტო მგზავრობას უნდა ერიდებოდეს. ასეა თუ ისე, მხედარი ჩამოხტა, ცხენს აღვირში ჩაჰკიდა ხელი, რამდენიმე ნაბიჯით ჩააცილა ჭიშკარს (ალბათ იმ მოსაზრებით, რომ შემსვლელ-გამსვლელთათვის დაბრკოლება არ შეექმნა), იქ აღვირის ბოლო აუჩქარებლად გამონასკვა ყულფად და ყულფი ღობის სარს ჩამოაცვა. მერე ასევე აუჩქარებლად ჩოხის კალთები გაისწორა, სახელოები თითო ნაკეცით გადაიკაპიწა, ქილვაშებზეც დაისვა ხელი, წელში გაიმართა და ისეთივე დინჯი, აუჩქარებელი ნაბიჯით წამოვიდა, როგორც წეღან მისი ცხენი მოდიოდა. იმავ წამს ჩემი უმცროსი ძმა და ბიძია აკაკის ორივე ტყუპისცალი - თიკა და ნინუცა - რომლებიც წყაროსთან თამაშობდნენ, რადგან ჯერ კიდევ პატარები იყვნენ საიმისოდ, რომ თაიგულები დაეჭირათ და პროცესიაში ჩამდგარიყვნენ, - ერთბაშად მოწყდნენ ადგილს და ველური ჭიხვინით გავარდნენ ღობეზე გამობმული ცხენისაკენ (ნამდვილი ცხენი მათ იშვიათად ენახათ და მერე დიდი ხნის განმავლობაში იმ ცხენის გარდა სხვა სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ). უცნობი კი, რომელიც ამასობაში ეზოში შემოვიდა, დინჯად და ულმობლად გვიახლოვდებოდა და მე წამით მომეჩვენა, თითქოს რაღაცით ბედისწერას ჰგავდა, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ეს შედარება ძალზე არაზუსტი იყო. ერთი ისეთი დღე იდგა, როგორიც წელიწადის ამ დროს ეწერში ხშირად იცის ხოლმე - ცა გაუგებრად მოწმენდილ-მოღრუბლული იყო და ბუნება მთელი დღე უგემურად ყოყმანობდა წვიმასა და სიმშრალეს შორის. ბოლოს და ბოლოს მაინც სიმშრალე ამჯობინა წვიმას, მაგრამ გული კი კარგად გაგვიწვრილა. ცაზე მიმოფანტული ღრუბლების დიდი და პატარა ქულები დილიდანვე არ უსვენებდნენ მზეს - ხან ქვეშ გაუძვრებოდნენ და წამით ჩრდილად აქცევდნენ, ხან უფრო ხანგრძლივად შეჩერდებოდნენ, ხან ისე მჭიდროდ და საქმიანად შემოეხვეოდნენ ირგვლივ, თითქოს მოფარებულში უნდა გაიყვანონ ფისის საქნელადო, მეორე წუთს ისევ მოშორდებოდნენ, მიმოიფანტებოდნენ და მთლად ტიტლიკანას მიატოვებდნენ. ასე იყო მთელი დღის განმავლობაში. მაგრამ როცა უცხო კაცი ეზოში შემოვიდა და სახლისკენ გამოემართა, ღრუბლებმა თამაში შეწყვიტეს და ცის შორეულ კიდეებს მიაშურეს, შესაძლებელია იმ მიზნით, რომ თავადაც დამშვიდებით ეცქირათ და მზისთვისაც საშუალება მიეცათ, ყურადღებით დაკვირვებოდა, თუ რა მოხდებოდა ჩვენს ეზოში. უცნობი მაღალი იყო და ხმელი, თან გრძელი ჩოხა ეცვა, რომელიც წვივებამდე სწვდებოდა. უხდებოდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მახსოვს ის კი გავიფიქრე, ნეტა არ სცხელა-მეთქი? ეზოში რომ შემოვიდა, აქამდე გაშეშებული საზოგადოება ამოძრავდა. ოღონდ ამოძრავდა არა მთელი საზოგადოება, არამედ ის ნაწილი, რომელიც სახლისაკენ მიმავალ გზაზე იდგა, და ამოძრავდა იმ მიზნით, რომ უცნობისთვის ეს გზა გაეთავისუფლებინა. უცნაური (ცოტა საკვირველიც) იყო, რომ ხალხი უფრო სწრაფად ათავისუფლებდა გზას, ვიდრე უცნობი მოდიოდა, რის გამოც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს წინ რაღაც უხილავი ტალღა მოუძღოდა და ეს ტალღა აიძულებდა ხალხს გზიდან გადასულიყო. ყოველ შემთხვევაში, კაცმა რომ შუა ეზოს მოაღწია, გზა უკვე ბოლომდე იყო თავისუფალი. უცნობი არც აქეთ იყურებოდა, არც იქით. არ ვიცი ვერ ამჩნევდა ამ ხალხს, რომელშიაც, როგორც ზემოთაც ვთქვი, სულ ცოტა თორმეტი - უფრო კი ალბათ მაინც თოთხმეტი ან თხუთმეტი - დოქტორი ერია, არ ვიცი, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევდა. მოგრძო სახე ჰქონდა, მოზრდილი, კეხიანი ცხვირი, რომელიც რაღაცნაირ გმირულ იერს ანიჭებდა, და - ეს მაშინღა შევამჩნიეთ, როცა სულ ახლო მოვიდა - ღია თაფლისფერი, ძალიან გამჭვირვალე თვალები. აივანს რომ მოაღწია და კიბეს შემოუყვა (ირგვლივ სამარისებური დუმილი იდგა), წამით მაგნოლიის ხეს შეხედა. აქ საჭიროდ მიმაჩნია დავძინო, რომ სიტყვა „შეხედვაში“ შეხედვის მეტს არაფერს ვგულისხმობ. საქმე ისაა, რომ ჩვენი კიბის პირველი სამი საფეხური პარალელურად მისდევდა აივანს და მხოლოდ ამ სამი საფეხურის შემდეგ, რომლებიც მცირე მოედნით ბოლოვდებოდა, მკვეთრად უხვევდა და უკვე პერპენდიკულარულად მიდიოდა ზემოთ. ეს სამი საფეხური პირდაპირ მაგნოლიის ხისკენ იყო მიქცეული, რის გამოც სავსებით ბუნებრივია, ვიდრე ადამიანი ამ საფეხურებს აათავებდა, მის მზერაში - თუ თავიც ისე ჰქონდა აწეული, როგორც ამ კაცს - მაგნოლიის ხე მოყოლილიყო. მართალია, მე მომეჩვენა, თითქოს უცნობს სახეზე წამით რაღაცამ - ჩრდილმა თუ ნათელმა - გადაურბინა, მაგრამ ასეთ ვითარებაში (განსაკუთრებით თუ ჩემს მაშინდელ ასაკსაც გაითვალისწინებთ) ადამიანს რა აღარ მოგეჩვენება! ეს მით უფრო სავარაუდოა, რომ კაცმა, როგორც კი პირველი სამი საფეხური აათავა, სავსებით გულგრილად მოაშორა თვალი მაგნოლიის ხეს, კიბე დინჯად ამოიარა, აივანი გადაკვეთა და დარბაზში შეაბიჯა, სადაც ბებია ანა ესვენა შინაურებით საიმედოდ გარშემორტყმული. ჭირისუფალ მამაკაცთა მთავარი ბირთვი დარბაზში მარჯვენა მხარეს, შესასვლელთან იდგა შემდეგი თანმიმდევრობით: სპირიდონი, ბიძია ანდე, მამაჩემი, ბიძია აკაკი და სიძეები - გივი ოსეფაშვილი და პატრიკ ვან დერ ლაინი (უფრო ახალგაზრდები ქვემოთ, კიბის ძირში იღებდნენ სამძიმარს). მამა და ბიძები (ვან დერ ლაინის გარდა) ცდილობდნენ თვალებში მოწოლილი გაკვირვება უკანვე ჩაებრუნებინათ და თავი არ გაეცათ, ვინაიდან მათი განათლებისა და ცენზის პატრონებმა (ერთი უმაღლესი სასწავლებელი - ოღონდ დაუსწრებლად - ბიძია ანდესაც ჰქონდა დამთავრებული) კარგად იცოდნენ არა მარტო ის, რომ ასეთ დროს გაკვირვების გამომჟღავნება უხერხულია, არამედ ისიც, რომ, საზოგადოდ, გაკვირვებული კაცი ხარისხობრივად უფრო დაბლა დგას, ვიდრე ის, ვინც გაკვირვებული არ არის. რაც შეეხება სპირიდონს, მას წითურ სახეზე შეწუხებული და ცოტა დაფეთებული გამომეტყველება კი ედო, მაგრამ ასეთი გამომეტყველება უცნობის გამოჩენამდეც ედო, ბებია ანას გარდაცვალებამდეც და, საერთოდ, შესაძლოა ასეთი გამომეტყველებით დაიბადა (რაც, სხვათა შორის - თუმც უცხოებს კი თავიდან ცოტა აკრთობდა - ხელს არაფერში უშლიდა). კაცებს, გარდა სპირიდონისა, ჰალსტუხები ეკეთათ. უცნობმა მათ ოდნავ დაუკრა თავი და გზა განაგრძო. იქით ქალები ისხდნენ, მათ შორის უმცროსებიც. ქალები, კაცებისაგან განსხვავებით, გაკვირვების დამალვას არ ცდილობდნენ, ხოლო ბიცოლა სალომემ, როცა უცნობმა მათაც დაუკრა თავი, პასუხიც გასცა - „გმადლობთ, ჩემო ბატონოო“ და რაღაც ამდაგვარი უთხრა უკიდურესად ცნობისმოყვარე კილოთი. უცნობი კი დარბაზის ბოლოში გავიდა, „სასახლეს“ შემოუარა და როცა, თანახმად წესისა და მოლოდინისა, უკან უნდა წამოსულიყო, უეცრად შეჩერდა, ბებია ანასკენ შეტრიალდა, ახლო მივიდა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და გაშეშდა. თუ დუმილის განვითარებაზე ლაპარაკი შეიძლება, დუმილმა ახლა განვითარების პიკს მიაღწია. პირადად მე, მაგალითად, ამ დროს ჩემი საკუთარი სუნთქვის მეტი არაფერი მესმოდა. რამდენიმე წამს ასე იდგა. მერე ხელები ისევ გახსნა, მარცხენა დაბლა დაუშვა, მარჯვენა კი უბისკენ წაიღო. წამიც და - არ ვიცი როგორ მოახერხა ასე დაუზიანებლად შენახვა - იქიდან ერთი ცალი ყვავილი ამოაძრო. ერთი ცალი მაგნოლიის ყვავილი - თეთრი, დიდი, ბუთქუნა. ოდნავ დაიხარა, ყვავილი ხელებში ჩაუდო ბებია ანას და ისევ გაიმართა. მე მაშინვე მისი მზერა გამახსენდა, რომელიც წეღან მაგნოლიის ხეზე შეაჩერა, და თუმცა ისიც გამახსენდა, რომ მაშინ მომეჩვენა, თითქოს სახეზე რაღაცამ - ჩრდილმა თუ ნათელმა - გადაურბინა, მაინც, როგორც ფხიზელი რეალიზმის აღმსარებელმა, ყველაფერი უბრალო დამთხვევას მივაწერე (სხვათა შორის, დღესაც ამავე აზრისა ვარ). უცნობი რამდენიმე წამს ასე იდგა, მერე კვლავ დაიხარა, ბებია ანას საფეთქლები აქეთ-იქით ორივე ხელით სათუთად დაუჭირა და შუბლზე ეამბორა. მე ვამბობ „ეამბორა“ და ამით მინდა გამოვხატო მთელი ის სავარაუდო განსხვავება, რაც ჩემი აზრით „კოცნასა“ და „ამბორს“ შორის არსებობს. ბებია ანა არ შერხეულა და უცნობის თამამ საქციელზე რეაგირება არ მოუხდენია. ან კი რა რეაგირება უნდა მოეხდინა! სადღა იყო მის ცივ სხეულში ის მექანიზმი, რომელიც ლოყების შეფაკვლაზე, წარბის აზიდვაზე, მიძინებულ მოგონებათა გაღვიძებაზე, მალულ ღიმილსა თუ სხვა ნოსტალგიურ ემოციებზე აგებს პასუხს! და, საერთოდ, ვინ იცის, ბებია ანა ამ დროს უამისოდაც უკვე ნეტარი იყო. ამის შემდეგ უცნობი კვლავ გაიმართა, შემოტრიალდა და ისევ ისე აუჩქარებლად გამოვიდა დარბაზიდან. აქ მე თვალი ჩემდაუნებურად სპირიდონისკენ გამექცა. მის შეწუხებულსა და დაფეთებულ გამომეტყველებაში, რომელსაც გმირული, სამწუხაროდ, არაფერი ეცხო, ახლა შეშფოთება შერეულიყო. შეშფოთება და კიდევ რაღაც მოშავო აჩრდილი - არ ვიცი, სირცხვილი, არ ვიცი, შიში, არ ვიცი, ეჭვიანობა, თუმც ეს უკანასკნელი, თავისთავად უთვალავი შხამით გაჟღენთილი სიტყვა, რომელიც ადამიანს არღვევს და ნაწილებად შლის, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ფუჭი და უადგილოა, შესაძლოა ცოტა კომიკურიც კი. მე დარბაზის შესასვლელთან ვიდექი, სწორედ იმ მხარეს, საიდანაც უცნობი გამოვიდა. მან სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ჩამიარა და მახსოვს გავიფიქრე, ხელით ხომ არ შევეხო-მეთქი - მაინტერესებდა ნამდვილი იყო თუ არა - მაგრამ ვიდრე მე ვყოყმანობდი და გაუბედაობას, ამ ჩემს მოუშორებელ ჭირს, ვებრძოდი, იგი უკვე გამცდა. აივანი გადაჭრა, კიბე ჩაათავა (მაგნოლიის ხისკენ არ გაუხედავს) და დინჯად გაუყვა გზას, რომელიც, ცოტა ხნის წინ რომ გაუთავისუფლეს, ახლაც ისევ ისე თავისუფალი იყო. ღრმა, შფოთიანი დუმილის ფონზე (რასაც თვითონ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა), გადაიარა ეზო, გასცდა ჭიშკარს, ჩაუხვია მარჯვნივ, სადაც ღობეს გამობმული ცხენი ელოდა, ახსნა ცხენი, შეჯდა, შეჯდა მსუბუქად - რაღაც საეჭვოდ მსუბუქად - და წავიდა; ბექობს მიადგა, ქვემოთ დაეშვა და ნელ-ნელა გაქრა. ჯერ ცხენი გაქრა, მერე ჩოხა და ბოლოს ჩაბალახი. მაშინ ცის პერიფერიებში მიმოფანტული ღრუბლები სწრაფად მოტრიალდნენ, უკანვე წამოვიდნენ და მზეს რამდენიმე ფენად შემოეხვივნენ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, როცა პროცესია სასაფლაოსკენ დაიძრა, ზაფხულის ხანმოკლე და თბილი, შხაპუნა წვიმაც წამოვიდა. ...ის მითქმა-მოთქმა კი, ამ უცნაურმა ამბავმა რომ გამოიწვია და ერთხანს ენერგიულად დასუნსულებდა ჩვენი დიდი ოჯახის ბზარებსა და ხვრელებში ხან შხამიანი ირონიის, ხან უწყინარი ოხუნჯობის, ხან დარბაისლური განსჯის, ხან რომანტიკის, ხან სენტიმენტალობის, ხან მისტიკის, ხან სევდისა და ხანაც უბრალოდ ფარული შურის სახით, ბოლოს და ბოლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, ამოიწურა და ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგა. ხოლო ბებია ანას სათნო და კამკამა სული - მე ამაში ეჭვი არ მეპარება და არც არასოდეს შემპარვია - ღვთაებრივ ნათელში სუფევს უკუნითი უკუნისამდე და საუკეთესო ადგილას. ამინ!
წყარო: www.qwelly.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი