უფლისწული და გველეშაპი
ნაწყვეტი რომანიდან “განზომილება” ოდესღაც, უდროო დროში, უჟამო ჟამსა და უხანო ხანაში, როცა არც წამები იყო, არც წუთები, არც საათები, არც დღეები, არც კვირეები, არც თვეები, არც წლები და არც საუკუნეები, იყო ერთი საუცხოო ქვეყანა, რომელსაც მორჭმული და დიდებული ხელმწიფე განაგებდა. ხელმწიფე თავისი სახლეულით, ნაზირ-ვეზირებით, მსახურებით, მცველებითა და მთავარი სახელმწიფო მრჩევლებით თვალშეუდგამსა და ხელთუქმნელ სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც სპეტაკი ბროლით იყო ნაგები და ახალშობილი მზის მეწამული სხივებით შედუღაბებული. ბროლის სასახლეში ხელმწიფეს ერთი ელვის ტახტი ედგა; ამ ტახტზე რომ დაჯდებოდა და აქეთ-იქით დედოფალსა და უფლისწულს მოისვამდა, მის ნახვას არაფერი სჯობდა. სასახლეს ირგვლივ ფერუთვალავი ბაღი ერტყა. რას ინატრებდი, სულო და გულო, რომ იმ ნაღში აურაცხელ და ულევ სახედ არ ყოფილიყო! რიგი მცენარე ჯერ სულ ახალი ამოწვერილი იყო, რიგი უკვე აღმოცენებული, რიგი ნორჩი და რიგი ზრდადასრულებული, რიგი დაკვირტული და რიგი გაფოთლილი, რიგი აყვავებული და რიგი მსხმოიარე, რიგი მკვახე და რიგი შეთვალული, რიგი მწიფე და რიგი სიმწიფით ჩამოცვენილი, რიგი ახალგაღივებული და რიგი უკვე ამოწვერილი... ალაგ გაზაფხული იდგა იმ დალოცვილ ქვეყანაში, ალაგ ზაფხული, ალაგ შემოდგომა, ალაგ ზამთარი... რაღა ბევრი გავაგრძელო, მზე იმ ქვეყანას არ აკლდა და ჩრდილი, სიმშრალე და სინოტივე, სითბო და სიგრილე. მტრობა არ იცოდა იქაურმა ხალხმა რა იყო, სიძულვილი და შური, შიმშილი იმათ არ აწუხებდათ და წყურვილი. ცხოვრობდნენ სიამტკბილობით, არც არა ენატრებოდათ, არც არა ედარდებოდათ... ხელმწიფის პატარა ვაჟმა, სხვა მისი კბილა გოგო-ბიჭების დარად, ბავშვობა ლაღად და მხიარულად გაატარა, მერე კი მამამ გასაწვრთნელად საუკეთესო ოსტატები მოუწვია, ოსტატები ცოდნას და გამოცდილებას არ იშურებდნენ და უფლისწულიც ყველაფერს ბეჯითად და დაუზარებლად სწავლობდა. მაგრამ იმ ბედნიერ ქვეყანას უეცრად ერთი უნახავი და გაუგონარი სენი შეეყარა: ჯადოსნურმა ბაღმა, თითქოს წყალი დააკლდაო, ჭკნობა დაიწყო და ადამიანებმა, თითქოს ლოდი დააწვათო, ქედზე სიმძიმე იგრძნეს. ხელმწიფემ, რაც კი იმ მხარეში გამოჩენილი სწავლული, მეცნიერი, მისანი და ვარსკვლავთმრიცხველი იყო, ყველა სასახლეში დაიბარა და მიზეზი ჰკითხა. იმათაც, რა ყოველივე კარგად, გამოწვლილვით გაჩხრიკეს, ერთხმად მოახსენეს, შენი სახელმწიფოს გადაღმა სამყაროს ნაპრალი გასჩენია, საიდანაც შხამი ჟონავს და ქვეყნის დასნეულების მიზეზიც ეს არისო. რა უშველისო? იკითხა ხელმწიფემ. გმირი ჭაბუკი უნდა წავიდეს და, როგორც იქნება და არ იქნება, ის ნაპრალი უნდა დაგმანოსო, მიუგეს. ოღონდო, დასძინეს, ასეთი საბედისწერო და პრობლემატური ნაპრალის დაგმანვას მხოლოდ ისეთი გმირი შეძლებს, ვინც ჭეშმარიტად ძალგულოვანია, ჭეშმარიტად ზნესრული და ჭეშმარიტად გამჭრიახიო. იმ ქვეყანაში სულ დარჩეული და შემკული ვაჟკაცები ცხოვრობდნენ, ძალგულოვანიც ბევრი იყო მათ შორის, ზნესრულიცა და გამჭრიახიც. ბევრმა მოიწადინა წასვლა და წავიდნენ კიდეც, მაგრამ საუბედუროდ, ვინც წავიდა, ყველა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მათი მნახველიც აღარავინ გამოჩენილა. ეს იმიტომ მოხდა, რომ, თუმც კი ბევრი მათგანი ძალგულოვანი იყო, ბევრი ზნესრული და ბევრი გამჭრიახი, ისეთი არავინ ყოფილა, სამივე ეს თვისება ერთად ჰქონიყო. ხელმწიფე კი წუხდა და დარდზე დარდი ემატებოდა, აღარ იცოდა რა ექნა და რითი ეწამლა ქვეყნისთვის. ამასობაში უფლისწული წამოიზარდა და უბადლო ვაჟკაცი დადგა. მკლავიც ისე უჭრიდა, გულიცა და გონებაც, რომ მის ტოლსა და სწორს იმ არემარეზე ვერავის იპოვიდით. ხელმწიფემ რა ნახა მისი ვაჟი ძალგულოვნებითაც ყველას ჯობდა, ზნესრულობითაც და გამჭრიახობითაც, გუნებაში თქვა, ჩანს ამის ხვედრი ყოფილა ეს დიდი გამოცდა, ამ ქვეყანას სხვა ვერავინ იხსნისო, და თუმც კი ძალზე უმძიმდა ერთადერთი შვილის ესოდენ სახიფათო საქმეზე გაშვება, წამით არ შეყოყმანებულა და, როდესაც უფლისწულმა გამოჩენილ ოსტატებთან წვრთნა გაასრულა, გამოსაცდელად და მოსამზადებლად თავისი ბრძენთაბრძენი აღმზრდელი მიუჩინა, ყველაზე მახვილი თვალის, ყველაზე მჭრელი ენის, ყველაზე ძალუმი გონებისა და ყველაზე ჩვილი გულის პატრონი, რომელსაც – უნდა ესეც ვთქვათ – წინასწარ საიდუმლოდ მოეთათბირა. მოძღვარი ძალზე მოხუცი იყო, სულ მთლად თეთრი თმა-წვერი ჰქონდა და უამრავი არაკი იცოდა, რომლებსაც საღამოობით უფლისწულს უამბობდა ხოლმე. “ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, შენი სამემკვიდრეო საუფლოს გადაღმა, სადაც სინათლე შედედებულია და არსი დამურკლული, იწყება გაუმჭვირვალე მხარე, რომელშიაც ყველაფერი რაც არის, განფენილია და ნაწილებისგან შედგება, და არა არის რა ისეთი, განფენილი არ იყოს და ნაწილებისგან არ შედგებოდეს. იმ დაუჯერებელ მხარეში მრავალი დაუჯერებელი ქვეყანაა და ყოველ მათგანში დაუჯერებელი ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც ერთმანეთი – კარგად მიატანე გულისხმა – უყვართ და სძულთ. დარწმუნებით იმის თქვა, მართლა არსებობს თუ არა ეს მხარე, ძნელია, ვინაიდან იქაურობა ვეება მდინარითაა დაფარული, რომლის ულმობელი ტალღები დიდი სიჩქარით მიქრიან არარსებობის თავდაღმართში და, რაც კი არსებობს, არსებობს კიდეც და იმავდროულად არც არსებობს…” – ასე იწყებდა თხრობას ბრძენი მოძღვარი და მერე სხვანაირად აგრძელებდა იმისდა მიხედვით, თუ რომელი არაკის მოყოლას აპირებდა. არაკები კი მუდამ სევდიანი იყო. მათ მოსმენაზე უფლისწულს თვალზე ცრემლი ადგებოდა ხოლმე და გული ყელში ებჯინებოდა. ერთი არაკი, რომელსაც სახელად “ოსტატი” ჰქვია, მას შემდეგ, რაც შესავალი ისე ჩაათავა, როგორც ზემოთ ვთქვი, მოძღვარმა ასე განაგრძო: “იმ დაუჯერებელ მხარეში, სხვათა შორის, ერთი ისეთი ქვეყანაცაა, სადაც კაცისკვლა რა არის, დიდხანს არ იცოდნენ. არავინ არავის კლავდა და ყველა მაშინღა კვდებოდა, როცა ჟამი მოუწევდა. ჟამი კი ზოგჯერ იგვიანებდა. ეს რომ იმ მხარის დიდმა ხელმწიფემ გაიგო, ძლიერ განრისხდა: მაშ რიღასთვის შემოვიღეთ ეს კაცისკვლის კანონი, თუკი არ შესრულდებაო?! საჩქაროდ მოიწვია ნაზირ-ვეზირები, მწიგნობრები, მისნები, მოგვები, მჩხიბავები, ვარსკვლავთმრიცხველები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები და ბჭობა გამართა. ყველამ რაღაცა თქვა. ერთნი ურჩევდნენ, სხვა ქვეყნებში შევარჩიოთ გამოცდილი, ერთგული და პატიოსანი მკვლელები და მაგ ქვეყანაში ჩავასახლოთ, რათა მათი ხელით დამყარდეს სათანადო წესრიგიო. მეორენი ურჩევდნენ, პირიქით, ეგ უჟმური და უსაქციელო ხალხი ავყაროთ და მცირე-მცირე გუნდებად, ისე რომ ვნება ვერავის მიაყენონ, დანარჩენ ქვეყნებში მიმოვფანტოთო. საზოგადოებრიობის წარმომადგენლები კიდევ უფრო შორს წავიდნენ: სულ გადავბუგოთ, მაგის რჯული კი დაიქცეს და მაგის ღდინი კი ამოვარდეს, ქვეყნიერებას ამით არა დააკლდება რა, სამაგიეროდ, მომავალი ურჩები და მუზმუზელები აქედანვე მიეჩვევიან კანონისა და ჩვენი საყვარელი ხელმწიფის პატივისცემასო. ხელმწიფემ ყურადღებით მოუსმინა ქვეშევრდომებს, მაგრამ არც ერთი რჩევა არ დაუჯდა ჭკუაში. თქვენთვის იოლია ლაპარაკიო, ბრძანა, თქვენ ოღონდ საქმე ფორმალურად მოაგვაროთ და მეც კუდი გამისწოროთ, სხვა არა გენაღვლებათ რა, მე კი ხელმწიფე ვარ და მეტი მომეთხოვება. მე ის მწადიან, რომ ჩემმა მოქალაქეებმა, რომლებიც შვილებად მიმაჩნია, არა მარტო აღასრულონ კანონები, არამედ იგუონ კიდეცო. მაშინ წინ წამოდგა, დიდი ვეზირი, კაცი ბრძენთაბრძენი და სწავლულთსწავლული, სათნოების დიდი მაგისტრი და მკვლელობის საქმეთა განთქმული ოსტატი და ხელმწიფეს მოწიწებით მოახსენა: დღესაც, ისე როგორც გუშინ, გუშინწინ, იმის წინ და მუდამდღე, შენთა დიდთა ბაგეთაგან ჭეშმარიტების თაფლი და ნექტარი გადმოედინება. ეს საქმე ისეთი საქმეა, აზრით და შეგნებით უნდა გავიმარჯვოთ, თორემ მორალურად მუდამ დამარცხებული დავრჩებით. თუ ჩემს თათბირს შეისმენ, ისა სჯობს, იმ წვრილი ხელმწიფის ვაჟი აქ მოიწვიო და გასაწვრთნელად მე მომაბარო. მართალია, სიბერის გამო ეს საქმე უკვე მიტოვებული მაქვს, მაგრამ რაკი ქვეყანას სჭირდება, ერთხელაც შევიცვლი გადაწყვეტილებას, ამით ბევრი არა დაშავდება რა. შვიდი თვე მომეცი. შვიდ თვეში, სულ რომ კუნძი იყოს – აგერ შენ, აგერ მე და აგერ ჩემი ულვაში – ისეთ ჩინებულ მკვლელად ჩამოვქნი და ჩამოვაქანდაკებ, არავისგან არ დაიწუნებოდეს, მერე კი, გაწვრთნას რომ მოვრჩები, - უკანვე დავაბრუნოთ, რათა რასაც აქ ისწავლის, იქ თავის თანამოძმეებს ასწავლოსო. ხელმწიფეს მოეწონა დიდი მაგისტრის თათბირი. მართლაც, სულ მალე იმ პატარა, მაგრამ ურიც ქვეყნის ყმაწვილი უფლისწული მთავარ სატახტო ქალაქში ჩამოიყვანეს და მკვლელობის საქმეთა განთქმულ ოსტატს გასაწვრთნელად მიაბარეს. გამოცდილმა ოსტატმა მცირედით დაიწყო, როგორც ამას იმდროინდელი პედაგოგიური აზრიც მოითხოვდა. ჯერ ჭიანჭველების სრესა აჩვენა, მერე ბუზების ხოცვა, მერე ხოჭოების, მერე ჩიტების, გოჭ-ინდაურის, მსხვილფეხა პირუტყვის, მონების, ტყვეების, ქალების... და აჰა, ბოლოს ადამიანსაც მიაღწია. მაგრამ შეგირდი ჯიუტი და ჩლუნგი გამოდგა. მის თავში არაფერი შედიოდა: რაღა არ აჩვენა გამოცდილმა ოსტატმა – ჩამოხრჩობაც აჩვენა, თავის მოკვეთაც, წყალში დახრჩობაც, ხელით გაგუდვაც, ცხენის ძუაზე გამობმაც, ცოცხლად მიწაში დამარხვაც, აკუწვაც, შანთით ნელ-ნელა, დაგემოვნებით დადაღვაც, კოცონზე სწრაფდაწვაც... მეომრის სიკვდილიც აჩვენა, მშვიდობიანი მოქალაქისაც, ბავშვის, მოხუცის, ახალგაზრდის, მდიდრის, ღარიბის, ბედნიერის, უბედურის, მეცნიერის, პოეტის, სახელმწიფო მოხელის, ნეფე-დედოფლის სიკვდილი აჩვენა ქორწილის ღამეს, ფეხმძიმე ქალის სიკვდილი აჩვენა, ჩვილის სიკვდილიც აჩვენა დედის თვალწინ... ყველაფერი აჩვენა, მაგრამ შეგირდზე არაფერმა იმოქმედა. მხოლოდ გული ერეოდა და ირგვლივ ყველაფერს თხვრიდა, გაწვრთნისა კი არა ეტყობოდა რა. პირველ ხანებში ოსტატი იხტიბარს არ იტეხდა. სწავლების მრავალი ხერხი იცოდა და იმედი ჰქონდა, რომელიმე მაინც გაჭრისო. მაგრამ დღე დღეს მისდევდა, თვე თვეს, შეგირდი კი ისევ ისეთი უბირი და უსწავლელი იყო. ამასობაში დათქმული ვადაც გავიდა და ხელმწიფემ ოსტატს პირობა შეახსენა. ოსტატმა უთხრა: ყველა ხერხი ვცადე – რიცხვით სულ ცხრაას სამოცდაექვსი – მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერს გავხდი. ახლა ერთი ხერხი დამრჩა, რომელიც ფსიქოლოგიურია. შვიდი დღე კიდევ მომეცი, რომ ეს ბოლო ხერხიც ვცადო, და თუ მაინც არა გამოვიდა რა, ჩანს ოსტატად არ ვვარგებულვარ და რაც გინდა, ის მიყავიო. კარგიო, ბრძანა მოწყალე და დიდბუნებოვანმა ხელმწიფემ და შვიდი დღე კიდევ მისცა ოსტატს. წამოვიდა მაშინ ოსტატი, მოვიდა თავის სასახლეში და შეგირდს ეუბნება: ჩემო სულიერო შვილო, ამ შვიდი თვის განმავლობაში ყველა ხერხი ვცადე – რიცხვით სულ ცხრაას სამოცდაექვსი – მაგრამ ვერა შეგასმინე რა. ღმერთია მოწამე, არ მინდოდა ცხრაას სამოცდამეშვიდე ხერხისთვის მიმემართა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ძალისმიერია, იმითაცაა განსაკუთრებული, რომ, თუ სხვა ცხრაასსამოცდაექვსი სათუოა, ეს უთუო და უტყუარია, მაგრამ რა ვქნა, რომ მეტი გზა არ დამიტოვეო. ეს უტყუარი ხერხი – თან მოემზადე, ვინაიდან დრო აღარ ითმენს – ასეთია: შვიდი დღის განმავლობაში მე და შენ მთავარი ჯურღმულის შუალა საკანში ვიქნებით ჩაკეტილი, სადაც ქვესკნელის იდუმალი ძალები პარპაშობენ, რომელთა არნახული ჯადოქრობით ჩემი მღვრიე და ძლიერი სული ნელ-ნელა ჩემი სხეულიდან შენს სხეულში გადმოვა, იქიდან შენს ნორჩსა და უმანკო სულს გამოდევნის დამ ის მაგიერ თვითონ ჩასახლდება. ეს დიდი გადატუმბვა სწორედ შვიდ დღეში დასრულდება და შვიდი დღის შემდეგ ჩემი სულის ნებით, რომელიც უკვე შენი სული იქნება, პირველ საზეიმო მკვლელობასაც ჩაიდენ. ახლა კი ვიჩქაროთ, თორემ ჩემი აღსასრულის დღე მოახლოებულია. მანამ რომ მოვკვდე, სანამ ჩემი სული შენს სხეულში საბოლოოდ გადმოსახლდება, ეს ბოლო ხერხიც უქმად ჩამივლის და საქვეყნოდ თავი მომეჭრებაო. ესა თქვა ოსტატმა და ფერდაკარგული შეგირდი სარდაფქვეშ ერთ ბნელსა და ღრმა ხაროში ჩაიყვანა, სადაც ნესტი და სიცივე იყო. ნესტისა და სიცივის მეტი – თუ მიწურ იატაკს არ ჩავთვლით, მიწურ კედლებსა და მიწურ ჭერს – იქ სხვა არაფერი იყო რა. ოსტატმა კარი ჩაკეტა და კუთხეში დაჯდა, ფერხთით შიშველი ხმალი დაიდო, თვალი დახუჭა, თავი ჩაკიდა, დაიწყოო, თქვა და გაირინდა. შეგირდი დამფრთხალი უყურებდა. ცოტა ხნის შემდეგ მართლაც იგრძნო, თითქოს უხილავი ძალა ტანზე შემოეკრა და უბეში ცივი ქარივით მიუძვრებოდა. ძალიან შეშინდა შეგირდი, აღარ იცოდა რა ექნა. არადა, ატყობდა, რომ, რაც დრო გადიოდა, იმ ცივი და უცხო ძალით თანდათან მთელი სხეული ევსებოდა. მეექვსე დღეს ყველა იმედი გადაეწურა და სასოწარკვეთილი მწადერ ატირდა. ნუთუ ხვალ მკვლელი გავხდები და ამ საშინელ ხელობას ჩემს საბრალო ხალხსაც ვასწავლიო? ფიქრობდა გულდათუთქული (აბა მან რა იცოდა, თუ პროგრესი რა არის!) და საკანში გაშმაგებით მიმოდიოდა. ბევრი იარა ასე წინ და უკან თუ ცოტა, ბოლოს, ის დღეც რომ მიიწურა, უეცრად ოსტატის ნათქვამი გაახსენდა – მანამ რომ მოვკვდე, სანამ ჩემი სული შენს სხეულში გადმოსახლდება, ეს ხერხიც უქმად ჩამივლისო. მაშინ ღრმად და გულოვნად გაიფიქრა: თუე ს ოსტატის უკანასკნელი და უტყუარი ხერხია, მაშ მეც დამრჩენია ჩემი უკანასკნელი და უტყუარი ხერხიო! ეს გაიფიქრა, ერთი ფრთხილად მიხედ-მოიხედა, ხომ არავინ მითვალთვალებსო, მერე ფეხაკრეფით მიუახლოვდა თვალდახუჭულ ოსტატს, მის ფერხთით დაგებული შიშველი ხმალი აიღო, ზე აღმართა, კიდევ ერთხელ გაიფიქრა ღრმად და გულოვნად, არა და არა, მე შენ მკვლელად ვერ მაქცევო, და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაჰკრა. ოსტატის თავი ორად გაიპო. მაშინ ოსტატმა გაპობილი თავი ასწია, თბილად და სევდიანად შეჰღიმა შეგირდს და მისუსტებული ხმით უთხრა: აკი გეუბნებოდი, ჩემო სულიერო შვილო, ეს უკანასკნელი ხერხი უთუო და უტყუარია-მეთქი! საზოგადოდ – ეს ოდესმე საჯაროდაც გამოცხადდება რომელიმე გამოჩენილი მოძღვართმოძღვრის პირით – ადამიანი განა რასმე სწავლობს! ადამიანი მხოლოდ იხსენებს იმას, რაც იმთავითვე იცოდა და მერე დაავიწყდა... მაშ დამილოცნიხარ. ვინძლო შენი ცოდნა წარმატებით მოახმარო შენს ხალხს. მე კი სიკვდილის ღმერთს, როგორც კი პირადად ვნახავ, სასოებით შევთხოვ, რომ ამ უკანასკნელი ხერხის გამოყენება დიდხანს არ დაგაჭირვოსო. ესა თქვა ოსტატმა და მშვიდად განუტევა ვალმოხდილი სული”. ასე დაასრულა ბრძენმა მოძღვარმა ეს არაკი და, რა დაინახა, უფლისწულს თვალზე ცრემლი მოადგა და გული ყელში მოებჯინა, მეორე არაკი, რომელსაც “დიდებული”ჰქვია, შესავლის შემდეგ ასე განაგრძო: “იმ დაუჯერებელ მხარეში, სხვათა შორის, ორი ისეთი ქვეყანაცაა, რომელთაგან ოდესღაც ერთი მშვიდობისმოყვარე იყო, მეორე კი ომისმოყვარე. ოღონდ აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ, რაკი ის მხარე ერთ ადგილას კი არ დგას, არამედ დროის ყოვლისწამლეკ მდინარეშია და მასთან ერთად მიედინება, მშვიდობისმოყვარე ქვეყნები იქ მხოლოდ შეფარდებითად არიან მშვიდობისმოყვარენი და ომისმოყვარე ქვეყნებიც მხოლოდ შეფარდებითად არიან ომისმოყვარენი. ასეა თუ ისე, ომისმოყვარე ქვეყანას მშვიდობისმოყვარე ქვეყანა დაპყრობილი ჰყავდა, დიდძალ ხარკს ართმევდა და სხვაფრივაც ძალზე ავიწროებდა. დიდხანს ითმინა ჩაგვრა და ძალმომრეობა მშვიდობისმოყვარე ქვეყნის ხალხმა, დიდხანს აძლია ხარკი დამპყრობლებს და ბოლოს მოთმინების ძაფი რომ გაუწყდა და მისაცემიც აღარა ჰქონდა რა, იმ ქვეყნის სახელოვანი და მამაცი შვილები საიდუმლოდ შეიყარნენ და ერთმანეთს შეჰფიცეს, ან ყველანი დავიხოცოთ, ან ქვეყანა მონობისგან ვიხსნათო. მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ადვილია, აღსრულება კი ძნელი. და რომ აღსრულება გაადვილებოდათ, ერთი ჩინებული ხერხი მოიფიქრეს: ქვეყნის უკეთეს ვაჟკაცთაგან აარჩიეს ერთი დიდებული – ყველაზე მამაცი, ყველაზე ერთგული და ყველაზე თავდადებული – და, ვითომ განდგომილი საკუთარი ხალხის მოღალატე, დამპყრობთა ბანაკში მოხერხებულად შეაპარეს. დამპყრობლები შეთქმულებს ეშმაკობას ვერ მიუხვდნენ, დიდებული პატივით მიიღეს და ღალატის საფასურად მაღალი თანამდებობაც მისცეს. დიდებული ერთხანს მართლაც კეთილსინდისიერად ცდილობდა შეთქმულების ქსელი გაება მტრის ბანაკში, მაგრამ მერე და მერე, ხანი რომ გამოხდა და ცხოვრებას გემო გაუგო, თანდათან გაუტკბა ზემდგომთა უხვი წყალობა და ქვემდგომთა ქლესა ნორჩილება, გაუტკბა ფუფუნება და განცხრომა, მოვალეობაც მიავიწყდა, ფიციც, ქვეყანაც, ხალხიც, ნათესავებიც, მეგობრებიც და ბოლოს, უკვე სულით ხორცამდე გადაგვარებულს, მარტო იმის შიშიღა ჰქონდა, ვაითუ გამიგონ, რომ თავდაპირველად ავი განზრახვით ვიყავ შემოპარული, და თავი გამაგდებინონო. ბევრი იფიქრა ამ საშიშროებაზე თუ ცოტა იფიქრა, ადგა და ქვეყნის ხელმწიფეს მოახსენა, ერთგულმა კაცებმა ჩუმად ამბავი მომიტანეს, თურმე შენს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებაო, და შეთქმულების ვინაობაც ჩაუკაკლა. ომისმოყვარე ხელმწიფესაც მეტი რა უნდოდა! მყისვე ყველა შეთქმული შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. მერე იფიქრა, ამ კაცზე ერთგულს სხვას ვერავის ვიპოვი, თანაც საკუთარი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და აბა საკუთარი ხალხის სისხლს როგორ ჩამოირეცხავსო, და მოღალატე დიდებული მშვიდობისმოყვარე ქვეყნის ხელმწიფედ დაადგინა. მართლაც, ახალი ხელმწიფე თითით საჩვენებელი გამოდგა: ხარკს მუდამ დროულად და კეთილსინდისიერად იხდიდა, დღენიადაგ დამპყრობთა ძლიერებას შესთხოვდა ღმერთს და ერთთავად მათი ხელმწიფის მზეს ფიცულობდა. მართალია, რაკი თავის ხალხს კარგად იცნობდა, სულ იმის შიში ჰქონდა, ემანდ აჯანყება არ მომიწყონო, მაგრამ ფხიზლად იყო და ჯაშუშებსა და ჯალათებს დიდ ჯამაგირს აძლევდა, ამიტომ არა შემთხვევია რა, დიდხანს იცოცხლა და სიკვდილამდე სახელოვად იმეფა”. უფლისწულს რომ ამ არაკის გაგონებაზე ცრემლი მოერია და გული ყელში მოებჯინა, ბრძენმა მოძღვარმა შესავალი სწრაფად ჩაათავა და მესამე არაკი, რომლის სახელწოდებაა “ორეული”, ასე განაგრძო: “იმ დაუჯერებელ მხარეში, სხვათა შორის, ერთი ისეთი ქვეყანაცაა, სადაც ერთ დროს წესი იყო, ხელმწიფეს, გარდა პირად მცველთა დიდი გუნდისა, ორეულიც უნდა ჰყოლოდა და, როცა საჯაროდ სადმე გამოჩენა დასჭირდებოდა, წინ ეს ორეული გამოეშვა, რათა ვინიცობაა ვინმეს ბოროტება რამ განეზრახა, ხელმწიფის მაგივრად ის შერჩენოდა ხელთ... იმ ხანად ტახტზე მოხუცი ხელმწიფე იჯდა, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. ვაჟი რომ წამოიზარდა, მამამ გადაწყვიტა ხელმწიფობა მისთვის გადაელოცა. ასეც მოიქცა. ოღონდ, ვიდრე ტახტზე დასვამდა, წესისამებრ ჯერ ცოლი მოჰგვარა – მეზობელი ხელმწიფის მზეთუნახავი ქალი – და ორეული უშოვა, რომელიც თუმც კი წარმოშობით მდაბიო იყო, გარეგნულად მართლაც რომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა უფლისწულს. ამის შემდეგ ვაჟი აკურთხა და გვირგვინი თავის ხელით დაადგა. ჭაბუკი ხელმწიფე კეთილი იყო, სამართლიანი, ღვთისმოსავი და მიმნდობი. დედოფალი ავხორცი იყო, ავთვალი, ავგული და ავზნიანი. ორეული შურიანი იყო, ღრჯო, ვერაგი და დაუნდობელი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მალე დედოფალმა და ხელმწიფის ორეულმა ერთმანეთი შეიყვარეს. ხელმწიფეს არა გაუგია რა. ერთხანს რომ ყვარობდნენ ერთიმეორეს, ესეც აღარ იკმარეს და ახლა ტახტიც მოინდომეს. ჩუმად მოითათბირეს, მზაკვრული გეგმა დააწყეს და საქმეს შეუდგნენ. მართაც, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ხელმწიფესთან ერთად სალაშქროდ გაემგზავრა, ორეულს მოხერხებული შემთხვევაც მიეცა და ბრძოლის არეულობაში ხელმწიფე მუხანათურად მოკლა. მერე, ვითომ თავად იყო ხელმწიფე, ლაშქარი შეჰყარა და გამოუცხადა: თანამებრძოლნო! აჰა, დაეცა ბრძოლის ველზე ჩემი ერთგული და თავდადებული ორეული. ჩემს განსაგმირად აღმართულ მახვილს მან თავისი დიდი და ძალუმი მკერდი შეუშვირა, რითაც მე სიცოცხლე გამიხანგრძლივა, თავად კი უკვდავება მოიპოვაო. ტლუ და უეშმაკო მოლაშქრეებს ეჭვი არ გასჩენიათ, რომ, რაც გაიგონეს, ყველაფერი მართალი იყო, მაგრამ აბა დედ-მამას რა გამოეპარებოდა! როგორც კი ხელმწიფის მოხუცმა მამამ ორეული დაინახა, გულმა მაშინვე იჭვნეული რეჩხი უყო. მაინც კი ჩუმად ყველაფერი შეამოწმა და, როდესაც ღალატი საბოლოოდ დაადგინა, ჯალათებს უბრძანა: ორთავენი, ეს კუროცა და ის კახპაც, ცხენის კუდზე გამოაბით და იქამდე ათრიეთ, ვინემ სული არ ამოხდებათ, რათა სამართალმა პური ჭამოს და კანონიერებამ იზეიმოსო. ეს რომ ორეულმა გაიგო, თავის მხრივ საჩქაროდ დარბაზი შეჰყარა და გამოუცხადა, მიმძიმს გამხელა, მაგრამ არც დამალვა ივარგებს: ჩემი საბრალო მშობლები სიბერით ჭკუაზე გადამცდარან, უბედურები საკუთარ შვილს ვეღარ სცნობენ, აღარ ვიცი, რა ვქნა და სირცხვილს სად დავემალოო... ბევრი ილაპარაკა ცბიერმა ორეულმა და, თუმცა არა ერთსა და ორ დარბაისელს სიმართლე უკვე გაგებული ჰქონდა, მისი შიშით – თან ბუნებითაც თურმე ცოტა ლაჩრები იყვნენ – ხმის ამოღება ვერ გაბედეს: ცრუ ხელმწიფესაც ეს უნდოდა! ჯალათებს, რომლებიც იმ დროს სწორედ თავლაში ფუსფუსებდნენ და მისთვის კუდგამძლე ცხენებს არჩევდნენ, ეს საქმე მიატოვებინა, ნამდვილი ხელმწიფის დედ-მამა გაათოკინა და ერთ ბნელ დილეგში ჩააყრევინა, სადაც ჩვეულებრივ სახელმწიფო შეშლილებს ამწყვდევდნენ ხოლმე. საბრალო მოხუცები იქ ალბათ ისე დაიხოცებოდნენ, მზის ერთი სხივი რა არის, ერთი სხივის ნახვაც არ ეღირსებოდათ, თუ რომ ნატანჯთა და ნაგვემთ ბოლოს და ბოლოს ფიცით არ ეღიარებინათ, სწორე დეს არის ჩვენი ღვიძლი შვილი, ხოლო ის, ვინც ბრძოლაში დაიღუპა, ამის ორეული იყოო. ამით დილეგს კი დააღწიეს თავი, მაგრამ დიდხანს აღარ უცოცხლიათ, მალევე დაიხოცნენ, იმ ქვეყნის ტახტი კი დღემდე მოღალატე ორეულის შთამომავალთ უჭირავთ”. უფლისწულს რომ ამის გაგონებაზე თვალი ცრემლებით აევსო და გული ყელში მოებჯინა, მოძღვარმა მომდევნო არაკი, რომელსაც სახელად “გმირი” ჰქვია, რა რომ შესავალი ჩაათავა, ასე განაგრძო: “იმ დაუჯერებელ მხარეში, სხვათა შორის, ერთი ისეთი ქვეყანაცაა, სადაც ერთ დროს დიდი გმირის მოსვლა იყო ნაწინასწარმეტყველევი. ეს ქვეყანა ოდესღაც ერთ ავ ხელმწიფეს დაეპყრო და სწორედ მაშინ ეწინასწარმეტყველათ თურმე მოხუც მისნებს: ამა და ამ დროს დიდი და უძლეველი გმირი გამოჩნდება და ქვეყანას გაანთავისუფლებსო. ეს წინასწარმეტყველება თაობიდან თაობას გადაეცემოდა და საუკუნეების მანძილზე ქვეყანა მომავალი გმირის მოლოდინით ცოცხლობდა. წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი რომ დადგა, სად იყო და სად არა, მართლა გამოჩნდა ვიღაც უცხო მხედარი. აბა აქაურებს საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ იგი ნაწინასწარმეტყველევი გმირი კი არ იყო, არამედ ერთი ვინმე ჯაბანი მეომარი, რომელიც შორეული ბრძოლის ველიდან გამოქცეულიყო და თავშესაფრის ძებნაში ამ კუთხეში გადმოხვეწილიყო! რაკი წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი იდგა, იფიქრეს, სწორე დეს არის, ვისაც ამდენი ხანი სასოებით ველოდითო, და ვაშას ძახილით ირგვლივ შემოეხვივნენ. ბევრი იუარა იმ გადამთიელმა, არა ვარ გმირი და არა ვარ განმანთავისუფლებელი, ერთი უბირი და საწყალი კაცი ვარ, გამიშვით, ჩემი გზით წავიდეო, მაგრამ ვინ გაუგონა! აბა რას ამბობო უთხრეს, ამდენი ხანია ამ დღეს ველით და ახლა, ნატვრა რომ როგორც იქნა აგვიხდა, სად გაგიშვებთო! მოურბენინეს აბჯარი, შეუკაზმეს ბედაური, შეაბეს ხმალი და მოამზადეს საომრად. რ ავერ დაარწმუნა ბრძოლის ველიდან გამოქცეულმა იქაურები, რომ გმირი არ იყო, იფიქრა, ესენი ისე არიან ატროკებული, ურჩობა რომ განვაგრძო, სულ ერთია, ცოცხალს არ გამიშვებენ; ისა სჯობს, ნებას დავყვე და, ვინ იცის, იქნებ ბრძოლის ველიდან უფრო მოვახერხო გამოქცევა, ამ საქმეს მაინც მიჩვეული ვარო. მართლაც, იმ ქვეყნის ხალხს გამოუცხადა, სწორედ ისა ვარ, ვისაც ელოდით, და თუ აქამდე უარზე ვიდექ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი რწმენისა და ერთგულების გამოცდა მინდოდაო, და თუმც კი ძალიან ემძიმებოდა და ესიკვდილებოდა, აბჯარი აისხა, ბედაურზე ამხედრდა და ხმალი იშიშვლა. იმ ქვეყნის მცხოვრებლებმაც, რაკი ერთი დაიჯერეს წინასწარმეტყველების ახდომა, გული მოიცეს და მტერს ისე მამაცურად შეუტიეს, სულ კუდით ქვა ასროლინეს. მერე ის ცრუ გმირი განთავისუფლებული ქვეყნის ტახტზე დასვეს და მანაც, რაკი, ნამდვილი გმირი არსად ჩანდა, სიკვდილამდე ისე იმეფა, ვითომ ნამდვილი გმირი ყოფილიყო. დღესაც იმ სახელმწიფოში მისი ნაშიერნი მეფობენ. ხოლო ნამდვილი გმირი, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად იმ ხანებში მართლა გამოჩნდა, მალევე უსახელოდ დაიღუპა: ვიდრე იმას გაარკვევდა სად მტერი იყო და სად მოყვარე, ერთი შუბი მტერმა აძგერა, მეორე მოყვარემ და ასე მოკვდა, მისი გამოჩენა არავის გაუგია. ახალი დროის მისნები იმასაც კი ამბობენ, სწორედ ცრუ გმირის მოსვლა იყო ძველ მისანთა მიერ ნაწინასწარმეტყველევი და სწორედ ცრუ გმირი იყო ნამდვილი გმირიო”. კიდევ ბევრი სევდიანი არაკი მოყვა ბრძენმა მოძღვარმა და ყოველი არაკის მოსმენაზე ყმაწვილ უფლისწულს თვალზე ცრემლი ერეოდა და გული ყელში ებჯინებოდა. ბოლოს, მოთმინების ფიალა რომ აევსო, თქვა, აუცილებლივ უნდა წავიდე და ეგ დაუჯერებელი მხარე ვნახოო. კარგს იზამო, მიუგო მოძღვარმა და ხელი წვერზე ჩამოისვა, მაშ ეახელ ხელმწიფეს, შენი სურვილი მოახსენე და წასვლის ნებართვა გამოსთხოვეო. ეახლა უფლისწული მამას, ასე და ასეა საქმეო, უთხრა, შენი სახელმწიფოს გადაღმა ერთი უსწორმასწორო მხარე ყოფილა, მისი ცოდვით აღარა ვარ, მინდა წავიდე და ვნახო, რა სჭირს და რა უშველისო. ჩვენი უზენაესი ნებაც ეს იყოო, ბრძანა ხელმწიფემ და ხელები მოიფშვნიტა, თუე გ სიმართლე გინდა, ეგ ზეოსტატიც ამ ნების შესაბამისად შეგირჩიეთ, ვინაიდან, ვიდრე ტახტს ჩაიბარებ, ჯერ ის სახიჩარი ქვეყანა უნდა მოვლო, რათა დაამტკიცო, რომ ტახტისა და სახელმწიფოს ხირსი ხარო. გამოცდა ძნელი იქნება და სახიფათო. აქამდეც ბევრმა სცადა, მაგრამ ვინც სცადა, ყველა დამარცხდა. ზოგმა ცდუნებას ვერ გაუძლო, ზოგმა ტანჯვა-წამებას, ზოგს სიბრძნე მოაკლდა, ზოგს სიყვარული, ზოგს ძალა არ ეყო, ზოგს გამბედაობა. ახლა ჯერი შენზეა და მზად ხარ თუ არა დიდი განსაცდელისთვისო? მზად გახლავარო, მიუგო უფლისწულმა. მზად არისო? ახლა მოძღვარს ჰკითხა ხელმწიფემ. მზად გახლავსო, მოძღვარმაც მიუგო. მაშინ წამოდგა ხელმწიფე, ელვარე ამბორით ეამბორა უფლისწულს და უთხრა: დამილოცნიხარ და, ვიდრე გულში სიყვარულის თუნდაც ერთი წვეთი მაინც შეგრჩენია, ეს ამბორი იქნება შენი შემწე და გზის მაჩვენებელი. წადი და ვინძლო გამარჯვებული დაბრუნდეო. წავიდა უფლისწული. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ქვეყნის საზღვარს რომ მიატანა, ერთი დიდი მდინარე დაინახა. წევს მდინარე უძრავად. იმოდენაა გაღმა ნაპირი ძლივსა ჩანს, და ისეა გატრუნული, თითქოს თვლემსო. მიადგა მდინარეს უფლისწული, გაღმა უნდა გავიდეს, მაგრამ არც ხიდია სადმე, არც ნავი, არც ბორანი. ცურვით გადავალო, გაიფიქრა და ის იყო უნდა შეედგა კიდეც ფეხი წყალში, რომ უეცრად მდინარე აბუყბუყდა, აგუგუნდა, აბორგდა, აქაფდა, ერთბაშად შუა გაიპო და იქიდან გველეშაპი ამოიმართა. გაახილა თვალი გველეშაპმა და გაშეშდა იქაურობა. დააღო პირი გველეშაპმა და დაბნელდა იქაურობა. შეისუნთქა გველეშაპმა და ადგა ქარიშხალი. ისეთი ქარბორბალა დატრიალდა, ვეებერთელა ხეებს ძირფესვიანად თხრის, უზარმაზარ ლოდებს ფოთლებივით ათამაშებს და ყველაფერს, რასაც კი წვდება, ერთიანად იწოვს და ისრუტავს. სუნთქვის ქარიშხალი უფლისწულსაც გველეშაპის ხახისკენ ეწევა, მაგრამ გაუძალიანდა უფლისწული სუნთქვის ქარიშხალს, გაუმკლავდა; ძვრა ვერ უყო სუნთქვის ქარიშხალმა უფლისწულს. დამუწა მაშინ პირი გველეშაპმა და კვლავ მდინარეში გაუჩინარდა. შეფიქრიანდა უფლისწული. შეფიქრიანდა, მაგრამ შეშინებით არ შეშინებულა. ზემოთ აუყვა მდინარის პირს და იქაურობას რომ კარგა მანძილზე გასცდა, ახლა იქ დააპირა წყალში შესვლა. ის იყო უნდა შეედგა კიდეც ფეხი, რომ ისევ აბუყბუყდა მდინარე, ისევ აგუგუნდა, ისევ აბორგდა და აქაფდა. მერე ისევ გაიპო შუა და ისევ გამოჩნდა გველეშაპი. გაახილა თვალი გველეშაპმა და გაშეშდა იქაურობა. დააღო პირი გველეშაპმა და დაბნელდა იქაურობა,შეისუნთქა გველეშაპმა და ადგა ქარიშხალი.ამჯერადაც გაუმკლავდა უფლისწული ქარიშხალს. ბოლოს კი, როცა კიდევ რამდენიმე ადგილას სცადა ბედი და საცა სცადა, ყველგან გველეშაპი დახვდა, გადაწყვიტა სხვა გზა მოეძებნა. დაჯდა მდინარის პირას, დახუჭა გარეგანი თვალი და ნატვრის თვალი გაახილა. იჯდა ასე ნატვრის თვალზე დაუნჯებული და მთელი არსებით ნატრობდა, ისე გადავიდე ამ მდინარეს, შიგ შესვლა არ დამჭირდესო. როდესაც მთელი თავისი არსება ამ ნატვრაში ჩადო, გაიხედა და ხედავს, თეთრი გედი მოფრინავს. მოფრინდა გედი, დაეშვა უფლისწულის წინ და უთხრა: შემაჯექ ზურგზე უფლისწულო, მე გადაგიყვან ამ მდინარესო. შეაჯდა უფლისწული გედს. აფრინდა გედი და გაუდგა გზას. მიფრინავს გედი მთვლემარე მდინარის თავზე და ხედავს უფლისწული, შორს, გაღმა ნაპირთან, პაწაწინა წერტილი გამოჩნდა, რომელიც თანდათან ახლოვდება და რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო იზრდება. კარგად რომ მოახლოვდა, ხედავს უფლისწული, ის წერტილი თეთრი გედი ყოფილა და ზედ ოქროსქოჩრიანი ჭაბუკი ზის. კიდევ უფრო რომ მოახლოვდა, თითქოს მდინარეზე ერთი რამ დიდი სარკე დგას დ აიმ სარკეში იყურებაო, დაინახა რომ ის გედი, რომელიც გაღმიდან მოფრინავს, ეს გედია, ხოლო ჭაბუკი, რომელიც ზედ ზის, თვითონაა. ჩანს მართლა უცნაური რამ სარკე დგასო, გაიფიქრა უფლისწულმა, მაგრამ ამ დროს გედები ერთმანეთში ისე გასცდნენ ერთმანეთისა არა გაუგიათ რა. გაუკვირდა უფლისწულს. მიიხედა უკან და, ვითომც არაფერი, მიფრინავს გედზე გადამჯდარი უფლისწული იმ ნაპირისკენ, საიდანაც თვითონ წამოვიდა. მისმა გედმა კი ამასობაში ნაპირს მიაღწია და მიწაზე დაეშვა. ჩამოხდა უფლისწული თეთრი გედიდან და, არც ისე ძნელი ყოფილა ამ მდინარის გადმოლახვა, როგორც მეგონაო, მხნედ გაიფიქრა. ე სკი გაიფიქრა, მაგრამ დაკვირვებით მიხედ-მოიხედა, დაინახა, რომ ისევ იმ ადგილას მისულა, საიდანაც წამოვიდა. დგას თავისსავე სამემკვიდრეოში იმავ ნაპირზე, სადაც იდგა და ისევ მდინარის გადალახვა უნდა. ის იყო დააპირა კიდეც წყალში შესვლა, რომ ადრინდელივით აბუყბუყდა მდინარე, აგუგუნდა, აბორგდა და აქაფდა, მერე შუა გაიპო და წყლიდან გველეშაპი ამოიმართა. გაახილა თვალი გველეშაპმა და გაშეშდა იქაურობა. გააღო პირი გველეშაპმა და დაბნელდა იქაურობა, შეისუნთქა გველეშაპმა და ადგა ქარიშხალი... ახლა კი საგონებელს მიეცა უფლისწული. ჩანს, აქაურობა ჯადოთია შეკრულიო, გაიფიქრა. საგონებელს მიეცა, მაგრამ შეშინებით არ შეშინებულა. დაჯდა მდინარის პირას, დახუჭა გარეგანი თვალი და ცოდნის თვალი გაახილა. იჯდა ასე ცოდნის თვალზე დაუნჯებული, მთელი არსებით გაიხსნა და გაილესა ცოდნაში და აჰა, ჩამოვარდა სიბნელის ფარად, რომელიც მდინარეს გადაჰფარებოდა, და დაინახა უფლისწულმა მდინარეში გველეშაპი, რომელიც ნაპირიდან ნაპირამდე გადაწოლილიყო, იწვა გველეშაპი მდინარეში და მდინარესთან ერთად თვლემდა. ორი თავი ჰქონდა გველეშაპს, ერთი მდინარის ერთ ნაპირთან, მეორე მდინარის მეორე ნაპირთან, და ეს თავები ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდნენ. კიდევ უფრო გაიმახვილა ცოდნის თვალი უფლისწულმა, სულკ ერთიანად ცოდნად იქცა და აჰა,მ გაირღვა გველეშაპის გარსი და გამოჩნდა გველეშაპის წიაღი. და დაინახა უფლისწულმა, გველეშაპის წიაღში ის დაუჯერებელი მხარე, რომელსაც ეძებდა. მაშინ მიხვდა უფლისწული, რომ თუ ამ საპყარი მხარის მოხილვა უნდოდა, გველეშაპის ხახაში უნდა ჩაშვებულიყო. ამის წარმოდგენაზე შედრკა. წამსვე შედრკომის ღიაკარში ეჭვები შემოცვივდნენ. ერთმა უთხრა: უფლისწულო, გახსოვდეს შესვლა იოლია, გამოსვლა კი ძნელიო. მეორემ განაგრძო: მით უფრო, რომ შესული ბევრი გვინახავს, გამოსული კი არავინო. მესამემ დააასრულა: არადა, უკან რომ ვერ დაბრუნდე, ან ხალხს რა პასუხს აძლევ, ან ქვეყანას ვის უტოვებო? შედრკომით კი შედრკა უფლისწული, მაგრამ შეშინებით არ შეშინებულა. მხნეობა მოიკრიბა და ეჭვებს მიუგო: ისა სჯობს სულ ვერ დავბრუნდე, ვიდრე სირცხვილიანი დავბრუნდეო. ესა თქვა, მდინარის პირას დაჯდა, გარეგანი თვალი დახუჭა და ახლა გაბედულების თვალი გაახილა. გაბედულების დანახვაზე ეჭვები კუდამოძუებულები გაიქცნენ. უფლისწული კი მალე გაბედულებით აივსო, წამოდგა, ნაპირს მიადგა და, როდესაც გველეშაპმა ხახა დააღო, იმ ბნელ ხახაში თამამად შეაბიჯა. მაშინ გველეშაპმა პირი დამუწა და უფლისწულიანად მდინარეში გაუჩინარდა. გადავარდა უფლისწული გველეშაპის უძირო წიაღში. მიქრის თავქვე, მიექანება საშინელი სისწრაფით. ირგვლივ უკუნი ღამე, ლორწოვანი ნესტი და მყრალი სუნია. სული შეუგუბდა უფლისწულს, თავბრუ დაეხვა და ცნობა წაერთვა. დიდხანს იყო ცნობამიხდილი თუ ცოტა ხანს, გონს რომ მოეგო, ხედავს ლაფში გდია. ირგვლივ კვლავ წყვდიადი და ნესტი აკრავს და იქაურობაც ისევ ისე საზარლად ყარს. წამოჯდა ტალახში უფლისწული, დახუჭა გარეგანი თვალი, რომლითაც მაინც ვერსა ხედავდა, და მახსოვრობის თვალი გაახილა, რათა მოეგონებინა, ვინ იყო, საიდან მოდიოდა, სად მიდიოდა და რა ეწადა. დიდხანს იყო დაუნჯებული მახსოვრობის თვალზე, მაგრამ რამდენიც არ ეცადა, ვერა გააწყო რა. მაშინ კი გულში შიშმა გაუარა, თვალზეც ცრემლი მოადგა და სინანულით გაიფიქრა, ნეტა არ წამოვსულიყავიო. სინანულმა შეაკრთო. შეკრთომამ გამოაფხიზლა, გამოფხიზლებამ ძალა შეჰმატა, ახლა ის ინანა, რად ვინანეო, და საბოლოოდ მაინც სძლია შიშს. შიშს სძლია, დაიძაბა, კიდევ უფრო გაიმახვილა მახსოვრობის თვალი და, თუმც გარდასული ცხოვრება ვეღარ მოიგონა, მამის ელვარე ამბორი კი იხილა ბუნდოვნად და ისიც გაიგონა ყრუდ, მამამ რომ უთხრა, ეს ამბორი იქნება შენი შემწე და გზის მაჩვენებელიო. დაუბრუნდა მაშინ მხნეობა და ძველებურად აივსო რწმენით. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაახილა გარეგანი თვალი და შეეცადა სიბნელეს შეჩვეოდა. თავიდან ვერაფერს ხედავდა, მაგრამ ნელ-ნელა მართლაც შეეჩვია. შეეჩვია, შეეჩვია და ბოლოს ისი გაარჩია, რომ დაბურულ ტყეში იყო ერთ პატარა დაჭაობებულ მდელოზე. მაშინ წამოდგა და ფერდობს დაუყვა. მალე ნაკადულს მიადგა. ტანთ გაიხადა, სამოსი გარეცხა, თავადაც განიბანა, მერე ისევ შეიმოსა, ხელთ არგანი დაიჭირა, რომელიც ერთი ნორჩი, სწორი თხილისგან გამოჭრა, და ალალბედზე გაუყვა გზას. იარა თავდაღმართში, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ ქალაქს მიადგა. ქალაქში რომ უნდა შესულიყო, უეცრად იდუმალი ხმა ჩაესმა: ნუ შეხვალ, უფლისწულო, მაგ ქალაქში, მანდ უკეთურობის ბუდეა და ავისმქნელთა ნაგრამი სახლობს. აბა შენ, მზისა და სინათლის ვაჟს, ასეთ ხალხთან რა გესაქმებაო! არ გაუგონა უფლისწულმა იდუმალ ხმას და ქალაქში შევიდა. ხედავს, ხალხი აჩრდილებივით მიმოდის და თვალებს დაფეთებული აცეცებს. მართალია, ზოგი ტირის, ზოგიც იცინის, ზოგი რომ კვნესის, ზოგიც იმღერის, ზოგი რომ დარდიანია, ზოგი უდარდელია, ზოგი რომ დამარცხებულია, ზოგი გამარჯვებულია, მაგრამ გულში ყველას შიში უდგას და ძარღვებში წყალი. უფლისწულის დანახვაზე ერთიანად იხუვლეს და თავზარდაცემულები სახლებში შეცვივდნენ. უფლისწულმა მიმართა მათ და უთხრა: გამოდით, ძმებო, ჩემი ნუ გეშინიათ. მე არას გერჩით და, რომც გერჩოდეთ, აბა ამდენ ხალხს რა უნდა დაგაკლოთო! გაბედეს მაშინ შეშინებულებმა და სამალავებიდან გამოვიდნენ. ხოლო უფლისწულმა ისევ მიმართა და უთხრა: ვხედავ, გულში შიში გიდგათ და ძარღვებში წყალი, კარგი არა გინახავთ რა და არც მომავალში კარგს რასმე მოელით. ატყობთ, რა უბედურები ხართ, მიზეზი კი ვერ შეგიტყვიათ. მაშ, ყური მიგდეთ, მე გეტყვით მიზეზს. თავი და თავი მიზეზი თქვენი უბედურებისა ის არის, რომ ეს ცრუ და უბადრუკი ქვეყანა ნამდვილი გგონიათ, ნამდვილი ქვეყნისა კი არა იცით რა. ნამდვილ ქვეყანას მაშინ იხილავთ, როცა ამ დილეგს თავს დააღწევთ, სადაც წყვდიადი მეფობს და სიმყრალის სუნი დგასო... კიდევ ბევრი რამ უნდოდა ეთქვა უფლისწულს, მაგრამ ამასობაში იქაურმა ხალხმა დაინახა, რომ მომხვდური საშიში არ იყო, ხოლო რაკი ეს დაინახეს, გული მოეცათ, გაყოყოჩდნენ და ერთმანეთს უთხრეს: ნეტა ვინ გდია, რომ ჩვენს საუცხოო ქვეყანას ეგრე უდიერად იხსენიებს! ან წყვდიადს სად ხედავს აქ, ან სიმყრალის სუნი საიდან მოსდის, ან ამაზე უკეთესი ქვეყანა სად უნახავს, ეტყობა ჭკუაზე გადამცდარი ვიღაცაა, ემანდ ბალღები არ გაგვისულელოსო! ამ სიტყვებით დიდ-დიდ ქვებს დაავლეს ხელი და უფლისწულს დაუშინეს, რომ იქვე ჩაექოლათ. შეხედა უფლისწულმა მათ აპილპილებულ სახეებს, გადმოკარკლულ თვალებს, დუჟმორეულ პირებს, შეხედა და გული სიბრალულით აევსო. განა თავისი თავი შეებრალა! ეს ხალხი შეებრალა, რომელიც გველეშაპის წიაღში ცხოვრობდა და გველეშაპის წიაღი ეგონა მთელი ქვეყნიერება. ისე შეებრალა, თვალზე ცრემლი მოადგა და გულიდან ერთი წვეთი სისხლი მოსწყდა, რომელიც იმ ქვეყნის მიწას დაეცა, მაგრამ რა ექნა! რაკი ვერა შეასმინა რა, იქაურობას გაეცალა და გზა განაგრძო. ქალაქს რომ გასცდა, ისევ შემოესმა იდუმალი ხმა: აკი გითხარი უფლისწულო, მაგ ქალაქში ნუ შეხვალ-მეთქი! გაბრუნდი უკან. იმ ციცაბო აღმართის ავლას, საიდანაც აქ ჩამოვარდი, მე გიშველი. გველეშაპის ხახიდან მე გაგიყვან. წადი და შენთვის იყავ, აქაურობას კი თავი დაანებე, თორე იცოდე, ადრე იქნება თუ გვიან, ამ კუნაპეტ ღამეში ცოცხლად დაიმარხებიო. ვინა ხარო? ჰკითხა უფლისწულმა. ჩემს ვინაობას რას კითხულობო, მიუგო იდუმალმა ხმამ, ხომ ხედავ, სიკეთე მინდა შენთვის და შენზედ ვზრუნავ, რომ ამ წყვდიადიდან გაგიყვანო, გირჩევნია გამიგონო, თორემ აქაური უფსკრული განა მართლა უფსკრულია! თუ გაჯიქდები და შენსას არ დაიშლი, მალე ფსკერს მიაღწევ და მერე აღარაფერი გიშველისო. მაინც ვინა ხარო? კიდევ ჰკითხა უფლისწულმა. ეგ შენი საქმე არ არისო! გაჯავრდა მაშინ იდუმალი ხმა, ისა ჰქმენ, რასაც გეუბნები, თუ არ გინდა მწარედ ინანოო! ერთი ამას დამიხედეთ, რომ იმუქრება კიდეცო! გაუკვირდა უფლისწულს და უთხრა: თუ ვაჟკაცი ხარ, რას მემალები, მეჩვენეო. დრო მოვა და გეჩვენებიო, მიუგო ხმამ, გეჩვენები და, რა ვაჟკაციც ვარ, იმასაც გაგაგებინებო. ჰოდა, ეგ დრო რომ მოვიდეს, მაშინ დამიძახეო, უთხრა უფლისწულმა და გზა განაგრძო. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ახლა სხვა ქალაქს მიადგა. ხედავს, მთელი ქალაქი დიდიან პატარაიანად გარეთ გამოფენილა და ცეკვა-თამაში გაუჩაღებიათ. ქალაქის ვრცელ მოედანზე კი, ერთ მაღალ ფიცარნაგზე, სახრჩობელაა გამართული. ფიცარნაგის ირგვლივ ახლადგათხრილი პირღია საფლავებია. გაუკვირდა უფლისწულს, ნეტა დასაფლავების პირას ეს თავდავიწყებული მხიარულება რას უნდა ნიშნავდესო, და იქ შეკრებილ ხალხს მიზეზი ჰკითხა. ძველი ხელმწიფე გადავაგდეთ და ახლის ტახტზე ასვლას ვზეიმობთო, მიუგეს. ეს საფლავები რისთვისღა გაგითხრიათო? კიდევ იკითხა უფლისწულმა. როგორ თუ რისთვის გაგვითხრიაო! გაუკვირდა ხალხს, მთავარი ზეიმი სწორედ ის არის, რომ ცოტა ხანში მანდ ჩვენს მტრებსა და ორგულებს ჩავყრითო. იმ სახრჩობელაზეც მტერი და ორგული უნდა დაჰკიდოთო? სახრჩობელისა ჯერ არა ვიცით რა, სახრჩობელის ამბავს ხელმწიფე რომ მობრძანდება, ის გამოგვიცხადებსო. მალე ხელმწიფეც გამოჩნდა. წითელი სამოსი ემოსა და წითელ ეტლში იჯდა, რომელშიაც წითელი ცხენები იყო შებმული. ეტლი სახრჩობელასთან შეჩერდა. ხელმწიფე გადმოვიდა, ფიცარნაგზე ავიდა, სახრჩობელის ქვეშ დადგა და ხალხს უთხრა: ხედავთ, მორჩილნო, მორჩილების ფასად რა საუცხოო ზეიმი მოგიწყეთ?! ახლა იმასაც გაჩვენებთ, თუ როგორ დავმარხავთ ცოცხლად ყველას, ვინც ორგულია ან მომავალში უნდა გაორგულდეს. მაშ უცქირეთ და დატკბითო! ხალხმა ამაზე სიხარულის ყიჟინა დასცა. მერე შესძახეს: სახრჩობელაზეც გვითხარიო! გეტყვითო, მიუგო ხელმწიფემ, სმენა იყოს და გაგონება! ვიდრე თქვენ ზეიმობთ, უხილავი მტერი, განსაცდელს გიმზადებთ. ქალაქში ცრუ წინასწარმეტყველი შემოპარულა, რომელსაც თქვენი გონების მოწამვლა და თქვენი გულების დაძაბუნება სწადია. ეს სახრჩობელა იმ ცრუ წინასწარმეტყველისთვის დავდგით, უნდა შევიპყროთ და ზედ დავკიდოთო. ამის გაგონებაზე ხალხმა კიდევ ერთხელ დასცა ყიჟინა. მერე ხელმწიფის ბრძანებით ის ხალხი შემოიყვანეს, ვინც ცოცხლად უნდა დაემარხათ. მაშინ წინ წადგა უფლისწული და ხელმწიფეს უთხრა: ხელი აიღე მაგ საქმეზე, სულს ნუ წაიწყმედ და შენს შთამომავლობასაც სიცოცხლეს სატანჯველად ნუ უქცევ. ადამიანის ცოცხლად დამარხვა სად თქმულა! ეს დიდზე დიდი ცოდვაა და თუ შენ ამას ვერ მიმხვდარხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ გული გაქვავებული გაქვს და გონება გაყინული, ვინაიდან შენდ ა შენს უგუნურ ხალხს ეს ცრუ და დუხჭირი ქვეყანა ნამდვილი გგონიათ, ნამდვილი ქვეყნისა კი არა იცით რა. ნამდვილ ქვეყანას მაშინ იხილავთ, როცა ამ დილეგს თავს დააღწევთ, სადაც წყვდიადი მეფობს და სიმყრალის სუნი დგასო. გაიცინა ამის გაგონებაზე ხელმწიფემ და ხალხს უთხრა: აგერ ცრუ წინასწარმეტყველიც მხილებული და გამოვლენილია. შეიპყარით და აქ მომგვარეთო! შეიპყრეს უფლისწული და წინ გაიგდეს. ხალხი თავიდან კი მიიწ-მოიწია და გზა მისცა, მაგრამ მერე ვეღარ მოითმინა, ჩვენც ხომ უნდა ვიყაროთ ჯავრი ემაგ ცრუპენტელა წინასწარმეტყველზე, რომელსაც თურმე ნუ იტყვით და, ჩვენი გონების მოწამვლა და ჩვენი გულების დაძაბუნება სწადიაო, და უფლისწულს ფურთხება, ცემა და სამოსის შემოგლეჯა დაუწყეს. შეებრალა უფლისწულს ეს ხალხი, რომელიც წყვდიადში ცხოვრობდა და წყვდიადი ეგონა ნამდვილი ქვეყანა, ისე შეებრალა, თვალზე ცრემლი მოადგა და გულიდან ერთი წვეთი სისხლი მოსწყდა, რომელიც იმ ქვეყნის მიწას დაეცა, მაგრამ რა ექნა! რაკი ვერა შეასმინა რა, იქაურობას გაეცალა. ქალაქს რომ გასცდა, ისევ ჩაესმა იდუმალი ხმა: ახლა ხომ მაინც დარწმუნდი, რომ აქაური ხალხი სიბნელის ნაშიერია და იმად არ ღირს, შენისთანა ვაჟკაცმა თავი გაუყადროსო! არა სიბნელის ნაშიერიაო, მიუგო უფლისწულმა, არამედ ჯერ სინათლე არ უხილავსო. გაჯავრდა მაშინ იდუმალი ხმა: სინათლის უფლისწულო, გიჯობს შენი გზით წახვიდეო. აკი ჩემი გზით მივდივარო, მშვიდად მიუგო უფლისწულმა. ამაზე კბილთა ღრჭენა მოესმა. იარა უფლისწულმა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, კიდევ სხვა ქალაქს მიადგა. ხედავს, ქალაქის შუაგულში ვეებერთელა სუფრაა გაშლილი. ირგვლივ იმ ქვეყნის ხელმწიფე, მისი ჯალაბი, ნაზირ-ვეზირები და სხვა დიდებულები შემოსხდომიან და ქეიფსა სწევენ. ყველანი უკვე კარგა გვარიანად შეზარხოშებულნი არიან. მოქეიფეებს ურიცხვი მსახური დასტრიალებს თავს. იქვე ახლო მზარეულები ფუსფუსებენ: წამოჩიტულ გოგო-ბიჭებს თავებს სჭრიან და სისხლს დიდრონ კასრებში აგროვებენ. მესტუმრეებს ეს სისხლი მაღალი სურებით მიაქვთ სუფრაზე და ვერცხლის თასებში უსხამენ მოქეიფეებს, რომლებიც თასებს ერთმანეთს უჭახუნებენ და ისე სვამენ, მერე ხელიხელგადახვეულები, თითქოს მგლები ყმუიანო, ხმამაღლა და გამბიტ ამღერდებიან. შეძრწუნდა უფლისწული ამ სისხლიანი ღრეობის დანახვაზე და ხელმწიფეს უთხრა: საშინელ ცოდვას იდებთ შენცა და შენი თანამეინახეებიც. სად გაგონილა ადამიანი მოძმის სისხლსა ხვრეპდეს! თუ ჭკუაზე დროით არ მოეგებით და მაგ თქვენს შემზარავ საქციელს არ შეინანებთ, მერე გვიან იქნება და აღარა გიშველით რაო. ნეტა ეს ამდენი უფასო ადვოკატი სად იჩეკებაო? გაუკვირდა ხელმწიფეს. მერე სასმისი დაცალა და ბრძანა: აბა ერთი სავეს თასი ამ ჭკუის კოლოფსაც მიმირთმიეთ, ჩვენებურ სასმელს რომ გასინჯავს, ეგებ ჭკუაზე დადგეს და გუნება გამოუკეთდესო. მსახურებმა წამსვე აუსრულეს ხელმწიფეს ბრძანება: თასი სისხლით აავსეს და უფლისწულს წინ დაუდგეს, მაგრამ უფლისწულმა თასი გვერდზე გასწია და ხელმწიფეს უთხრა: არ იცი, რას სჩადიხარ. გული დანაცრებული გაქვს და ტვინი დამყაყებული, ვინაიდან ეს ცრუ და შლეგი ქვეყანა ნამდვილი გგონია, ნამდვილი ქვეყნისა კი არა იცი რა. ნამდვილ ქვეყანას მაშინ იხილავ, როცა ამ დილეგს თავს დააღწევ, სადაც წყვდიადი მეფობს და სიმყრალის სუნი დგასო. გაჯავრდა ამაზე ხელმწიფე და ბრძანა: რაკი ისეთი უჟმური და უხასიათო ყოფილა, რომ ჩვენი მათრობელა სასმელის გასინჯვა არ სურს, მაშ ჩვენ გავსინჯოთ მაგის წყალწყალა სასმელი, ვნახავთ მაინც, როგორ გვეამება და რა ჭკუაზე დაგვაყენებსო, და მზარეულებს უბრძანა, ეჰეი, მზარეულნო, ამ ჭინჭყელს თავი გააგდებინეთ და მაგის სისხლი პაპიჩემის საყვარელი ჭინჭილით მომართვითო. მზარეულებმა წამსვე გრძელ დანებს დაავლეს ხელი და ამღვრეული თვალებით, დორბლიანი პირითა და დაღმეჭილი სახით უფლისწულს გარს შემოერტყნენ. შეებრალა მაშინ უფლისწულს ეს ხალხი, ისე შეებრალა, თვალზე ცრემლი მოადგა და გულიდან ახლაც მოსწყდა ერთი წვეთი სისხლი, რომელიც იმ ქვეყნის მიწას დაეცა, მაგრამ რა ექნა! რაკი ვერა შეასმინა რა, გაეცალა იქაურობას. ქალაქს რომ გასცდა, კვლავ ჩაესმა იდუმალი ხმა: არც ახლა დაიჯერებ, რომ ეს ხალხი წყვდიადის ნაშიერია და სინათლისა გაგონებაც კი არ უნდაო? არაო, მიუგო უფლისწულმა, არც ახლა დავიჯერებო, და განაგრძო გზა. იარა, იარა, დიდხანს იარა, ძალიან დიდხანს იარა, მრავალი ქვეყანა შემოიარა და მრავალი საკვირველება ნახა. ერთ ქვეყანაში გამოჩენილ მოქალაქეებს თავები საკუთარ სიბინძურეში ჰქონდათ ჩარგული და კმაყოფილები ბუყბუყებდნენ; მეორეში იქაურ ხელმწიფეს ორ ფეხზე სიარული კანონით აეკრძალა – ძნელიაო – და ამით გახარებული მოსახლეობა ხალისიანი ყიჟინითა და ვაშას ძახილით ოთხზე დაკუნტრუშებდა; მესამეში დანაწევრებული ლაპარაკი მობეზრებოდათ და ერთმანეთს ღრუტუნით აგებინებდნენ სათქმელს; მეოთხეში ერთმანეთს პირზე კოცნიდნენ და ზურგში ხანჯალს ურჭობდნენ; მეხუთეში ნათესავები ნათესავებს დანა-ჩანგლით შეექცეოდნენ და პირს ჭრელი პირსახოცით იწმენდნენ; მეექვსეში სიკეთეს პირში აფურთხებდნენ; მეშვიდეში სიყვარულს ქვებით ქოლავდნენ; მერვეში სიმართლეს სახრჩობელაზედ ჰკიდებდნენ... კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ აქ გავჩერდეთ, ვინაიდან სულ ერთია, სადმე მაინც მოგვიწევს გაჩერება... ყველა ქვეყანაში, სადაც კი მიდიოდა, უფლისწულს იქაურების საცოდაობით გულიდან თითო წვეთი სისხლი სწყდებოდა და მიწას ეცემოდა. ჟამიდან ჟამზე იდუმალი ხმა წამოეწეოდა, ნიშნს უგებდა და უკან დაბრუნებას ურჩევდა, მაგრამ უფლისწული მის ყრანტალს აინუნში არ აგდებდა... ბოლოს, მას შემდეგ, რაც მრავლის უმრავლესი ქვეყანა გაიარა, ურიცხვი და უთვალავი საკვირველება ნახა და გულის სისხლიც ბლომად გასდინდა, ის დაუსრულებელი თავდაღმართიც ჩაათავა. ჩაათავა თავდაღმართი და ერთ ტრიალ მინდორზე გავიდა, რომელიც იმოდენა იყო, ბოლო არ უჩანდა. მინდორს შუაში მღვრიე, ბინძური და განიერი მდინარე ჩაუდიოდა. გაიხედა უფლისწულმა და ხედავს; გამოჩნდებიან პირქუში ადამიანები. რომლებიც ლანდებს გვანან, მდუმარედ ფეხაკრეფით მოაბიჯებენ, ნიავივით უჩუმრად და უხმაუროდ გადაივლიან ტრიალ მინდორს და უწმინდურების მდინარეში შედიან; იმავ წამს აბუყბუყდება მდინარე, აქაფდება, აზვირთდება, წამოიმართება უწმინდურების ერთი ვეებერთელა ტალღა, საშინელი ღმუილით დააცხრება ადამიანებს და ძირს დასცემს; წამოიმართება უწმინდურების მეორე ტალღა, საშინელი ღმუილით დააცხრება დაცემულებს და ხორცსა და ძვალს ერთმანეთისგან გაყრის; წამოიმართება უწმინდურების მესამე ტალღა, საშინელი ღმუილით დააცხრება ხორცსა და ძვალს და უწმინდურებაში გახსნის; დაშოშმინდებიან მაშინ ზვირთები და მდინარეც დამშვიდებით განაგრძობს გზას, , ვიდრე ხელახლა არ გამოჩნდებიან მდუმარე და პირქუში ლანდები. შეზარა ამ სანახაობამ უფლისწული, თვალი აარიდა უწმინდურების მდინარეს. იმავ წამს იდუმალი ხმა ჩაესმა: ახლა რაღას იტყვი სინათლის მოციქულო? არც ახლა დაიშლი შენსას? იცოდე, ეს მდინარე წარწყმედის დიდი მდინარეა, რომელსაც ვერც ზემოდან გადაევლები, ვერც ქვემოდან გაუძვრები და ვერც წყალდაწყალ გახვალ ისე, რომ ამაოების ტალღებმა უწმინდურებაში არ გაგლესონ და არარსებობის მორევში არ ჩაგითრიონო. არა უპასუხა რა უფლისწულმა იდუმალ ხმას, დაჯდა მოშორებით, გარეგანი თვალი დახუჭა და განსჯის თვალი გაახილა. ხედავს, მართლაც უკეთურობითაა სავეს მთელი ეს მხარე, ყველგან სისხლისა და ბალღამის სუნი დგას და სინათლის არც ერთი სხივიც კი არსაით ჩანს. შეწუხდა უფლისწული, უფრო გაიმახვილა განსჯის თვალი. ხედავს, დაუნდობლობა გამეფებულა და შეწყალება არსადაა, სიცრუე გამეფებულა და სიმართლე არსადაა, გულგრილობა გამეფებულა და თანალმობა არსადაა. კიდევ უფრო შეწუხდა უფლისწული, კიდევ უფრო გაიმახვილა განსჯის თვალი. მაშინ გაახსენდა მოძღვრის ნათქვამი, ეს ისეთი მხარეა, სადაც ხალხს ერთმანეთი უყვართ და სძულთო. მაშ ამდენ სიძულვილში სიყვარულიც უნდა იყოს სადმეო, გაიფიქრა უფლისწულმა და უკიდურესად გაიმახვილა განსჯის თვალი. და აჰა, დაინახა, რომ ბოროტება ამ მხარეში უმეცრებისგანაა და არა სიავისგან, სიყვარულიც უმეცრების ხაროში გდია და სიძულვილის ლაფითაა დაფარული. უმეცრების მიზეზი კი სიბნელეა. ამის დანახვაზე უფლისწულს თვალზე ცრემლი მოადგა და გული ყელში მოებჯინა, მტკიცედ წამოდგა, გაიხსენა მამის ელვარე ამბორი და გაბედულად შედგა ფეხი წარწყმედის მღვრიე მდინარეში. აბუყბუყდა წამსვე მდინარე, აქაფდა, აზვირთდა, წამოიმართა უწმინდურების ვეება ტალღა, აიზიდა, აიქოჩრა და ღმუილით დაატყდა თავს. საშინელმა ტკივილმა თხემით ტერფამდე დაუარა. გაუძლო ტკივილს უფლისწულმა. ერთი კი შეტორტმანდა, მაგრამ არ დაეცა. მაშინ ტალღა კვნესით დაიმსხვრა მის თეთრ სხეულზე. წამოიმართა წამსვე მეორე ტალღა, აიზიდა, აიქოჩრა და ღმუილით დაატყდა თავს. ამჯერად წარბიც არ შეუხრია უფლისწულს, ხოლო ტალღა კვნესით დაიმსხვრა მის თეთრ სხეულზე. წამოვიდა მესამე ტალღა, აიზიდა აიქოჩრა და ღმუილით დაატყდა თავს. უფლისწულს არც კი გაუგია, როგორ დაიმსხვრა ტალღა მის თეთრ სხეულზე. მიდის წყალდაწყალ და თეთრად ბრწყინავს მისი სხეული. მიდის უწმინდურებათა შორის დ ავერ ეკარება უწმინდურება, ვინაიდან ლმობიერებით აქვს გული სავეს. იარა წყალდაწყალ, იარა და აჰა, მიაღწია ნაპირს. დადგა თუ არა მიწაზე ფეხი, წამსვე მის წინ წყვდიადის ხელმწიფე გაჩნდა. ხელმწიფე დიდია და საშინელი. ერთი კი ათვალწუნებით ახედ-დახედა უფლისწულს და მერე ხელი ხელს შემოჰკრა. რას მიბრძანებო? მოისმა საიდანღაც ნაცნობი იდუმალი ხმა და წყვდიადის ხელმწიფის გვერდით უეცრად შავი მსახური გაჩნდა. მომახსენე, რაც გაიგეო, უბრძანა წყვდიადის ხელმწიფემ. ამ ჭაბუკს ჩვენი მოსპ[ობა სწადიაო, მოახსენა მსახურმა. თუ ჩვენი მოსპობა სწადია, რად არ უთხარით, რომ ეს შეუძლებელია, აქამდეც ბევრმა სცადა, მაგრამ ყველა დამარცხდაო? ვუთხარით, მაგრამ არ დაიშალაო, მიუგო მსახურმა. თუ უთხარით, მაგრამ არ დაიშალა, რად არ აჩვენეთ საზარელნი სახილველნი ჩვენნი, რომ თავზარდაცემული უკან გაბრუნებულიყოო? ყველაფერი ვაჩვენეთ, მაგრამ ვერ შევაშინეთო. თუ ყველაფერი აჩვენეთ, მაგრამ ვერ შეაშინეთ, რად არ დასაჯეთო? მრავალგზის დავსაჯეთ, მაგრამ არაფერმა გაჭრაო, მიუგო მსახურმა, ჩავქოლეთ და ვერა დავაკელით რა, ჩამოვახრჩეთ და ვერა დავაკელით რა, თავი გავაგდებინეთ და ვერა დავაკელით რა, ცოცხლად მიწაში ჩავდეთ და ვერა დავაკელით რა, კლდიდან გადავჩეხეთ და ვერა დავაკელით რა, წყალში დავახრჩეთ და ვერა დავაკელით რა, ცეცხლში დავწვით და ვერა დავაკელით რა, ასო-ასო ავქენით და ვერა დავაკელით რა, საწამლავი მივეცით და ვერა დავაკელით რა, ყველა სიკვდილით მოვკალით, რაც კი ჩვენს ხელთ სიკვდილია, და ვერა დავაკელით რა; რაც მეტი ვტანჯეთ, უფრო მოემატა სიყვარული. წარწყმედის უდიდესი და უბინძურესი მდინარეც ხომ, თავადაც ნახე, ისე გამოიარა, ფეხის თითიც არ დასველებია. ახლა ისღაა ბოლო იმედი, ვისი სულიც შენა ხარ, და ქვეყნის ბვედიც მასზე ჰკიდია, თუ გვიშველის ის გვიშველის, თორემ დასრულდა შენი მეუფება და ესააო. ნუ გაიკრიფე ენად, გასწი, თავისუფალი ხარო, მკაცრად უბრძანა მაშინ მსახურს ხელმწიფემ და, მსახური რომ ისევ ისე უეცრად გაქრა, როგორც წეღან უეცრად გაჩნდა, კიდევ ერთხელ ახედ-დახედა უფლისწულს და ჰკითხა: რა გინდა, რისთვის მოსულხარო? რაც შავმა მსახურმა მოგახსენა, იმის მეტი სხვა არა მინდა რაო, მიუგო უფლისწულმა. რა ცოტა რამ გდომებიაო! თავი გადაიქნია წყვდიადის ხელმწიფემ, მაინც რას მემართლები, ვისთვის რა დამიშავებიაო? მეტი დაშავება რაღა იქნება, ხალხს სინათლეს უმალავ და ქვეყნად ბოროტებას თესავო! ამაზე წყვდიადის ხელმწიფემ გუულიანად გაიცინა და თქვა: როგორ გეტყობა, რომ ჯერ კიდევ ბალღი ხარ და ცხოვრებისა ბევრი არაფერი გაგეგება რა, თორემ ეგეთ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს მოერიდებოპდიო. მე მხოლოდ იმას ვუმალავ ხალხს, რიოსი გამოჩენაც საზიანოა და მაწყინარია, და მხოლოდ იმას ვთესავ, რისი მომკაც იოლი და სასარგებლოა; მზრუნველი ხელმწიფე სწორედ ასე უნდა იქცეოდესო. შენ რომ სიბნელე გგონია, განა მართლა სიბნელეა, - სინათლეა, ოღონდ მოზომილი სინათლე, იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ის გამოჩნდეს, რისი გამოჩენაც აუცილებელია. ჟამიდან ჟამზე გველეშაპის ორი პირიდან ერთ-ერთი იღება და მცირეოდენი სინათლე შემოდის, რათა დასანახი დავინახოთ, მაგრამ არკი დავბრმავდეთ. განა არ იცი, რომ მეტისმეტი ნათელი თვალებსა წვავს. შენც სწორედ იმიტომ გგონია ეს ქვეყანა უკუნ სიბნელეში დანთქმული, რომ სინათლის ბრწყინვისაგან თვალის ჩინი დაშრეტილი გაქვს. თუმც, არც იმას დავმალავ, რომ სხვაფრივ კარგი ვაჟკაცი ჩანხარ და ძალიანაც მომეწონე, თუ ჩემთან დარჩები, ჩემს მემკვიდრედ დაგნიშნავ, ტახტს დაგიტოვებ და ჩემ ს შემდეგ ამ დიდებული ქვეყნის ხელმწიფე შეიქნებიო. არაო, უთხრა უფლისწულმა, მე აქ იმისთვის მოვედი, რომ სინათლეს გზა გავუკაფო, შენი ტახტი არა მჭირდებაო. კარგად დაფიქრდიო, უთხრა წყვდიადის ხელმწიფემ, აქაურობას რომ შეეჩვევი, დარწმუნდები, რომ ამაზე უკეთესი ქვეყანა სხვაგან არსადაა. დარჩი, არ ინანებ. ეგ კი არა, შესაძლოა ემაგ ბრტყელ-ბრტყელ ლაპარაკსაც კი გადაეჩვიოო. ტყუილად მათათბირებო, მიუგო უფლისწულმა, თუ ძალა გერჩის, ძალა მიჩვენე და მეც ძალას დაგახვედრებ, თუ არადა გზიდან ჩამომეცალე, ეგ შემპარავი ლაპარაკი სულ ამაოაო. წყვდიადის ხელმწიფემ ამაზე უთხრა: თუ გინდა მე დამამარცხო და სინათლეს გზა გაუკაფო, გველეშაპის ერთი პირიდან რომ შემოხვალ, მეორე პირიდან უნდა გახვიდე. განა არ იცი, რომ ეს შეუძლებელია? ეს სიპი, ციცაბო და თვალშეუდგამი კლდე, საიდანაც გაღმა ტრიალ-ტრიალით ჩამოვარდი, გამოღმა მხარეს უკანვე უნდა აიარო და აბა როგორ აივლი? რომც აიარო და წვერზე ახვიდე, იქ ხომ გველეშაპის ხახაში მოხვდები და გველეშაპის ხახას თავს როგორ დააღწევ? გიჯობს აქ დარჩე, მამაცო უფლისწულო, და ჩემი წყალობა შეიშნოვო და შეირგოო. უფლისწულმა კვლავ უარი თქვა, წყვდიადის ხელმწიფე ძალიან გაწყრა: მაშ კარგი, რაკი არ იშლი, წადი, მაგრამ იცოდე, რაც დაგემართოს, ყველა შენს თავს დააბრალეო. ეს უთხრა და გზიდან ჩამოეცალა. წავიდა უფლისწული, შეუყვა ციცაბო კლდეს, მიდის და ძლივს მიდის დაკიდებულ აღმართში. ხელ-ფეხიდან სისხლი სდის და მაინც წინ მიიწევს, მკლავში ღონე ელევა და მაინც მიდის. მიდის და აღმართს ბოლო არ უჩანს. ჟამიდან ჟამზე მამის ელვარე ამბორს გაიხსენებს, მამის ელვარე ამბორი მხნეობას ჰმატებს და მიდის, მიდის... კლდე იმოდენაა, დაბლა ძირი არ უჩანს და მაღლა წვერი. მაინც მიდის. იარა, იარა, არავინ იცის, რა დრო გავიდა და რა მანძილი გაიარა, ბოლოს და ბოლოს დაქანცულმა და გასავათებულმა როგორც იქნა ის პიტალო კლდე აათავა და გველეშაპის ხახას მიაღწია. გაიხედა და ხედავს, გველეშაპის ლაშების მცირე ნაპრალიდან სინათლის ეული სხივი მოჩანს. გაეხარდა უფლისწულს და წავიდა იმ ნაპრალისკენ, მაგრამ ახლო რომ მივიდა, გველეშაპი უეცრად შეირხა, ამოძრავდა, მოირკალა, მოისალტა, დაიგორგლა, პირი პირში ჩაიდო, კბილი კბილს მოსჭიდა და უფლისწული, იმის ნაცვლად, რომ სინათლეზე გამოსულიყო, ერთი ხახიდან მეორეში მოხვდა. მაშინ გველეშაპმა პირი პირს მოაშორა და უფლისწული ხელახლა გადავარდა ვეება და უძირო წიაღში. მიქრის თავქვე, მიექანება საშინელი სისწრაფით. ირგვლივ უკუნი ღამე, ლორწოვანი ნესტი და მყრალი სუნია... ერთი სიტყვით, ყველაფერი თავიდან დაიწყო და აჰა, მიაბიჯებს უფლისწული თავდაღმართში, გადადის ქვეყნიდან ქვეყანაში, საცა კი მივა, ყველგან აბუჩად იგდებენ, დასცინიან, აფურთხებენ, ტალახის გუნდებს ესვრიან, ხან ძელზე აჰყავთ, ხან ჯვარზე, ხან სახრჩობელაზე, ხოლო უკან წყვდიადის ხელმწიფის შავი მსახური მისდევს და ნიშნისმოგებით მისძახის: აკი გაფრთხილებდი, სინათლის უფლისწულო, ამ კუნაპეტ ღამეში დაიმარხები-მეთქი! მიდის უფლისწული, განვლო ყველა ქვეყანა და ყველგან თითო წვეთი გულის სისხლი დატოვა, გაიარა უთვალავი განსაცდელი, ჩაათავა ბოლო დაღმართი, მიაღწია ტრიალ მინდორს, გავიდა წარწყმედის მდინარეს, არ შეეპუა წყვდიადის ხელმწიფეს, კვლავ უარი უთხრა დარჩენაზე და განაგრძო ტანჯვა-წამების გზა, აათავა როგორც იქნა, ის დაკიდებული აღმართი და ავიდა გველეშაპის ხახაში; მოირკალა მაშინ გველეშაპი, პირი პირში ჩაიდო, კბილი კბილს მოსჭიდა და კვლავ გადაისროლა უფლისწული ბნელსა და უძირო წიაღში. ერთხელ განმეორდა ასე, ორჯერ, სამჯერ, მრავალჯერ... ჩანს უნდა გამართლდეს შავი მსახურის წინასწარმეტყველება, ჩანს, საბოლოოდ უნდა დაიმარხოს ამ კუნაპეტ ღამეში, მაგრამ იმასაც ატყობს უფლისწული, რომ, როცა კი წარწყმედის მდინარეს მშვიდობით გააღწევს და წყვდიადის ხელმწიფეს იქ დარჩენაზე უარს ეტყვის, მახსოვრობა თანდათან უბრუნდება, ხოლო რაც უფრო უბრუნდება მახსოვრობა, მკლავში ძალა ემატება, გონებაში ნათელი და გულში სიყვარული. არავინ იცის, რამდენჯერ შემოიარა უფლისწულმა ის პირშეკრული წრე, რამდენჯერ ავიდა პიტალო კლდეზე და რამდენჯერ ჩამოვარდა. და აი, დადგა ჟამი, როცა იგრძნო, რომ უკვე შეეძლო იმ შიგანაქოთებულ გველეშაპს შებმოდა. მართლაც, ერთხელ, როდესაც ჩვეულებისამებრ აათავა აღმართი და გველეშაპიც ჩვეულებისამებრ მოირკალა, პირი პირში ჩაიდო და კბილი კბილს მოსჭიდ,ა, უფლისწულმა ღმერთი ახსენა დ აიმ უხსენებელს დიდი ბრძოლა გაუმართა. თითო ფეხი თითო ხახაში ჩაუდგა, თითო ხელი თითო პირში გამოსდო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გასწია და გამოსწია. აიზიდა გველეშაპი, აბორგდა, შეტორტმანდა, ჯერ საზარელი ხავილი ამოუშვა ორთავ პირიდან, მერე ცცეცხლის ენები ამოსტყორცნა, შეიძრა ირგვლივ ყოველი. გველეშაპის ბორგვა მალე მისსავ წიაღს გადაეცა და აითქვიფა გველეშაპის წიაღი. წაღმა-უკუღმა დატრიალდა ყოფის ბორბალი. აქ მიწა იძრა, იქ ვულკანი ამოიფრქვა, სხვაგან უფსკრულმა პირი გახსნა, მაღალი მთები გუგუნით ჩამოიქცა, კოკისპირული წვიმები წარღვნად მოვიდა, მიწის გულიდან ამოხეთქილმა ლავამ მიწის პირი დაფარა; მეხი ჭექდა, ელვა ელავდა მაღლით დელგმა მოდიოდა, დაბლა ხანძარი მძვინვარებდა, გრიგალი ღმუოდა. ადამიანებს გობნებაზე ლიბრი გადაეკრათ. ლიბრგადაკრულებმა უაზროდ დაავლეს ხელი იარაღს და ერთმანეთს დაერივნენ. სოფელი სოფელზე აღდგა, ქალაქი ქალაქზე, ქვეყანა ქვეყანაზე; უმოწყალოდ ხოცეს და ჟლიტეს ერთმანეთი, მათი გოდება და ვაი-ვიში ცასა სწვდებოდა; სისხლის მდინარეებმა დატბორა ბაღები და ვენახები, მრავალი სამეფო აღიგავა პირისაგან მიწისა, უამრავი ხალხი მოისრა. თუ ვინმეე გადარჩა, თავის ჭკუაზე აღარ იყო, შიშისაგან დაზაფრულები პირქვე ეყარნენ და წამიწამ სიკვდილს მოელოდნენ. უფლისწული და გველეშაპი კი დიდხანს იბრძოდნენ. ბოლოს იმარჯვა უფლისწულმა, აჯობა გველეშაპს, კბილი კბილს მოჰგლიჯა, პირი პირს მოსწყვიტა და აჰა, გამოსცდა აშმორებულ ჯურღმულს, დიდ სინათლეზე გამოვიდა. გაწყდა წრე და გამთელდა თოკი... მას აქეთ დგას უფლისწული წარმავლობის მთვლემარე მდინარეში და ზე აღმართულ ხელებში გველეშაპის თავებიუჭირავს.გველეშაპი ახლაც ცოცხალია. იბრძვის, ტორტმანებს, იკლაკნება და ცეცხლებს ჰყრის, მაგრამ მისი დღეები დათვლილია. ორთავ ხახა დაღებული აქვს, შიგ სინათლე გადის და წყვდიადი ნელ-ნელა ნათდება. მიუჩვეველ ადამიანებს ეშინიათ სინათლის და შორეულ კუნჭულებში იმალებიან, სადაც ჯერ კიდევ ბნელა, ვინც გაბედული იყო, სინათლეს თვალი გაუსწორა და ჯურღმულსააც თავი დააღწია. ახლა დანარჩენების ჯერია. ხოლო გველეშაპი, თუმც კი დამარცხებულია, მანამ იბრძოლებს დ ა მანამ არ მოკვდება, სანამ თავის წიაღში ერთი მფრთხალი და მორჩილი კაცი მაინც ეგულება. როცა ყველას მოეფინა ნათელი, როც აიმ მხარის ყველა მცხოვრები, ვინც კი ცოცხალი დარჩა, სინათლეზე გავა, გველეშაპის აღსასრულიც დადგება: ცეცხლი დაევსება, ძალა გამოელევა და ისე გაქრება, თითქოს არც არასოდეს ყოფილიყოს. მაშინ თვლემის მდინარე დაშრება, ნაპირი ნაპირს შეუერთდება, ნაპრალი ამოივსება, რაც დანაწევრებული იყო, ისევ გამთლიანდება და დიდი ბრძოლიდან დაბრუნებული ძლევამოსილი უფლისწული ბროილს სასახლეში ელვის ტახტზე დაბრძანდება. თუ ღმერთმა ინება, ვინ იცის, იქნებ ეს დიდებული დღე ჩვენს მოსწრებაში დადგეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი