მაღალი კაცი (მოთხრობა)


 ერთ მხარეს კლდეა, მეორე მხარეს ხევი. შუაში ნაცრისფერი გზა გადის.
ნაცრისფერ გზაზე ავტობუსი მირახრახებს. მგზავრები ინჯღრევიან და ერთმანეთს მხრებით ეჯახებიან (რასაც მერე გამოლაპარაკების საბაბად იყენებენ). ზოგჯერ, როცა ავტობუსი მოულოდნელად შეანელებს სვლას, სკამებიდან ისე წამოიწევიან, თითქოს გაფრენას აპირებენო. სინამდვილეში გაფრენის საშიშროება არ არსებობს, მაგრამ უკან დაშვებისას რომ არაფერი იტკინონ, ცდილობენ, სიმძიმის ცენტრი ტერფებზე გადაიტანონ და ინერციის ძალას რაღაცა დაუპირისპირონ.
   ავტობუსში ხალვათობაა, თუმცა დასაჯდომი ადგილები თითქმის მთლიანად დაკავებულია (სულ ბოლო მერხია თავისუფალი. იქ მხოლოდ ერთი მთვრალი კაცი ზის, რომელსაც პორტფელი ორივე ხელით მაგრად ჩაუბღუჯავს და საიმედოდ ჩაუხუტებია გულში).
   მძღოლს უკან გადავარცხნილი თმა, დაბალი შუბლი, მასიური სახე, სქელი, ჯაგარა წარბები და იმედგაცრუებული გამომეტყველება აქვს.
მგზავრები ჭრელი ხალხია. ყველას თავისი გზა აქვს, თავისი მიზანი და თავისი ქერქი. მაგრამ ამ სიჭრელეში არის ერთი საერთო ფერი, ერთი საერთო ნერვი, რომელიც ყველას კრავს, ყველას აერთიანებს, ყველას ერთ წრეში აქცევს და ბიოლოგებსა და სოციოლოგებს სახეობრივი კლასიფიკაციის საშუალებას აძლევს. ეს ის საერთო ნერვია, რის გამოც მგზავრები მშვიდობიანად სხედან ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთს არ ერჩიან და ერთმანეთის არ ეშინიათ. მეტიც: საერთო ნერვი, საერთო ფერი აიძულებთ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ, პატივი სცენ ერთმანეთს, გაუფრთხილდნენ და ზურგი გაუმაგრონ. ასეც იქცევიან.
   ავტობუსში ცხელა და ოფლის სუნი დგას. მაგრამ მგზავრებს ეს არ აწუხებთ. კარგი ხანია შეეჩვივნენ და ვეღარ გრძნობენ.
მგზავრებს თითო ხელი საერთო ნერვზე უკიდიათ და უდრტვინველად სხედან საერთო წრეში, სადაც მშვიდობიანი თანაარსებობისა და ურთიერთგაფრთხილების წესი მოითხოვს, რომ ნამდვილი მღელვარება სიმშვიდის ფარგლებში ჩაეტიოს, ნამდვილი ემოციები რაციონალურად დაიხარჯოს და ნამდვილი აღშფოთება ზუსტად იქნას დოზირებული.
მიუხედავად სიცხისა, ავტობუსში სიხალისეა, მხიარულება და სასაუბრო თემათა მრავალფეროვნება.
   მაგალითად, სქელი, ფაშფაშა დედაკაცი (წინა რიგში, ფანჯრის მხარეს), რომელსაც პატარა თავი, განიერი ყბები, ორკეცი ღაბაბი და უზრდელობამდე კმაყოფილი სახე აქვს, ზნეობრივ პრობლემებს იკვლევს.
(ეს ჩვენი ნაქები გულიკო თურმე კაი ორი წელიწადია უნამუსოდ დაეთრევა კუროებში. აბა! ქმარს, როგორც წესია, მისი უსაქციელობა ყველაზე ბოლოს შეუტყვია. უბანში კაცი არ იყო დარჩენილი, ეს ამბავი რომ არ სცოდნოდა. ეგ კი არა, თითისტოლა ღლაპები, არაფრისგან არაფერი რომ არ გაეგებათ, ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ თურმე, წამო, ჭალაში წავიდეთ, გულიკობანა ვითამაშოთო. აბა! ისე, რომ გაუგია, ნამეტანი კი წყენია საწყალს. გულდათუთქულს უთქვამს თურმე, ჩემი გულნარასგან ასეთ რამეს სწორედ არ მოველოდიო. ოჯახის დანგრევა მაინც ვერ გაუბედია. კი არ გაემტყუნება! კაი ათი წლის ცოლ-ქმარი არიან და გაუჭირდებოდა, აბა რა იქნებოდა მიჩვეულის გადაჩვევა. პირობა კი დაუდვია იმ არდასაცლელს, მეტს აღარ ვიზამო, მაგრამ, ქალმა თუ გაიწია, იმას პირობით კი არა, ჯაჭვით ვერ დააბამ. კბილით დაგიღრღნის იმ ჯაჭვს და თავის უზნეობას მაინც იზამს).
მეორე ქალი, რომელიც ამ ამბავს ხარბი ყურადღებით ისმენს, იმ ასაკსაა მიტანებული, როცა „გულიკოს ეფექტი“ თანდათან განყენებულ თეორიად იქცევა. ჩათქვირებულ სხეულს სიმკვრივე უკვე დაუკარგავს და უმიზნო დეკოლტეს ქვეშ ამოზნექილი შემოდგომის მკერდიც გედის გაჭიანურებულ სიმღერას მიუგავს. იქნებ ამიტომაცაა, რომ ფაშფაშა მეზობლის ნაამბობი ზედმეტად ახლო მიაქვს იმ თავის მოშიშვლებულ გულთან, ერთიანად წამოპილპილებული თვალებიდან აღშფოთების ცეცხლს აკვესებს და იმ ცოდვიან გულიკოს სულ ისეთი რჩეული ზედსართავი სახელებით იხსენიებს, როგორიცაა, „წუპაკი“, „მიწაწასაყრელი“ (არა „მიწადასაყრელი“, როგორც სხვა, ნაკლებგაწიწმატებული ქალი იტყოდა, არამედ „მიწაწასაყრელი“) და „გავარდნილი“. (ეს ზნეობრივი გააფთრება სავსებით გასაგები რეაქციაა. ამას იოლად მიხვდებიან ისინი, ვისაც არასოდეს მისცემია შემთხვევა საყვარელი გაეჩინა, ან, კიდევ უკეთესი, ერთხელ მიეცა ასეთი შემთხვევა და ისიც ხელიდან გაუშვა).
   პატარა ტანის, გამხდარ, ლოყებჩაცვენილ ახალგაზრდას, რომელსაც შუაში გაყოფილი და სუფთად გადავარცხნილი შავი თმა აქვს, სწორნაკვთებიანი სახე, გულღია გამომეტყველება და თაფლისფერი, ჭკვიანური თვალები, გრძელულვაშიანი ჭაღარა გლეხი მოუგდია ხელთ და პატრიოტიზმის პროცედურას უტარებს. (ყველამ თავი დაგვანებოს, ძია კაცო, თუ შეიძლება! ჯერ იმდენი გააკეთონ, რამდენიც ჩვენ გაგვიკეთებია, და მერე გველაპარაკონ. ჩვენ, ჩემო ბატონო, სისხლიც ბევრი დავღვარეთ და ოფლიც. და, საერთოდ, საქარავნო გზა საქართველოზე გადიოდა. ვინ გამოხატა ერის ლიტერატურული გენია ისე უხვად, როგორც რუსთაველმა, ბარათაშვილმა, გალაკტიონმა? ვაჟა-ფშაველაზე არაფერს ვამბობ. ერთ მოზრდილ ერს მარტო ცოტნე დადიანის თავდადება ეყოფოდა სატრაბახოდ. ჩვენ კი, ვინ მოთვლის, რამდენი ცოტნე დადიანი გვყავდა, რამდენი მინდია და, როგორც პოეტი იტყვის, „და რამდენი კიდევ ყაზბეგი“! მაგრამ არ ვტრაბახობთ. იმიტომ რომ არ გვიკვირს. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე ვთქვათ, ნორმალური სიტუაცია).
   ჭკვიანთვალებიანი ახალგაზრდა ვაჟა-ფშაველას ხსენებაზე რატომღაც ოდნავ დაიმორცხვებს და ხმასაც დაუწევს, ჭაღარა გლეხი დაინტერესებული და, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებული უსმენს და, შიგადაშიგ, თეთრი, აპრეხილი ულვაშები უცნაურად უთრთის. ვეება, ბეჭებგანიერი ჯეელი (ბრტყელი თავი, სქელი, შუბლზე ჩამოშლილი თმა და გაუპარსავი პირისახე) ისე ზის, რომ სკამის სამი მეოთხედი უჭირავს. და თუმცა მის თანამოსაუბრეს, კაფანდარას, გაძვალტყავებულს, თვალებგამოღლაპულს, რომელსაც ისეთი შესახედაობა აქვს, კარგად თუ არ დააკვირდი, ვერც მიხვდები, გამურულია, შავია, თუ სულაც ბოლში გამოყვანილია, იმ დარჩენილ ერთ მეოთხედზე მეტი არც სჭირდება, მაინც ისე საცოდავადაა მიკუნჭული კუთხეში, როგორც ეს დაჩაგრულსა და გაუბედურებულ კაცს შეეფერება. (ბიჭო, შე კაი დედმამიშვილო, თუ დალევა არ შეგიძლია და, საერთოდ, თუ გალსტუკით ხარ დაბადებული, რას წამომიჯექი ამ მამაპაპურ სუფრაზე, რომ წამომიჯექი! მოვდივარ მე ბიბლიოთეკაში და გიშლი ხელს? კარგი, მოხვედი - მოხვედი, ბოლოში მაინც დაჯექი, შე კაცო, და ისე იყავი, ვითომ არა ხარ. მამალივით რომ მოიფხორები და ჭრელ გალსტუკს მოაფრიალებ, რატომ იმას არ ფიქრობ, რომ შეიძლება ეგ ჭრელი გალსტუკი ცუდად ჩამყვეს გულში! ამის მერე რომ კიდევ სუფრის თავში გამომეჯგიმები და მეტრიან ენას წაიგდებ, გაგლახავ, თუ ძმა ხარ, აბა რას გიზამ! ბიჭო, შე მამაცხონებულო, ხომ იცი, ორ ბოთლ ღვინოს რომ დავლევ, ის ორი ბოთლი ღვინო ვინმეზე უნდა გამოვინელო. რას მეჩხირები თვალში! ოჯახაშენებულო, ან გვერდზე მიდექი, ან მითხარი მაინც, ჩემი დირექტორის სასიძო თუ ხარ, და სხვას გავლახავ, ჩემთვის სულ ერთი არ არის! სამსახურს რატომ მაკარგვინებ და საციხედ რატომ მიხდი საქმეს! ის ორი გროში რომ არ მქონოდა შავი დღისთვის გადანახული, ხომ ციხეში უნდა ვყოფილიყავი ახლა! ციხეში გამძლები ვარ მე?!) ბოლო სიტყვებზე პერანგის ქვედა ღილსაც იხსნის, ბანჯგვლიან მკერდს გამობურცავს და საწყალობელი თვალებით მიაჩერდება თანამოსაუბრეს. თანამოსაუბრე ერთს ხარბად შეხედავს უზარმაზარ მკერდს, მერე ტუჩებს უცნაურად მოპრუწავს, სწრაფად აარიდებს თვალს და ფანჯარაში დაიწყებს ყურებას.
   მარცხენა მხარეს, შუა რიგში, ბიჭი და გოგო ზის. ბიჭი მაღალია, დიდშუშებიანი სათვალე უკეთია, გრძელი თმა აქვს და სერიოზული სახე. გოგო ძალიან ლამაზია, გახეხილი ჯინსი და მკვრივ სხეულზე მჭიდროდ შემოტმასნილი ბიჭური ხალათი აცვია. (შეგრძნების ორგანოები იარაღია, მეტი არაფერი. ჩვეულებრივი იარაღი, როგორც ჩაქუჩი, როგორც კალამი, როგორც რადიომიმღები. ჰო! აი, ეს კარგი შედარება მოვიფიქრე! - სამყარო გადამცემია, ადამიანი კი - მიმღები, რომელიც ხუთ ტალღაზე მუშაობს, რაკი შეგრძნების ხუთი ორგანო აქვს. სამყარო უამრავ სხვადასხვა სიგნალს გვიგზავნის თავისი არსებობის შესახებ. ჩვენ მათგან მხოლოდ ნაწილს აღვიქვამთ, კერძოდ, იმ ხუთს, რომლებიც ჩვენს ტალღებს შეესაბამება. მაგრამ რაკი სიგნალი მრავალგვარია, მიღებაც მრავალგვარი უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს ჩვენგან განსხვავებული ცნობიერება, რომელსაც სხვა იარაღები, შეგრძნების სხვა ორგანოები აქვს. ერთდროულად ერთსა და იმავე სივრცეში არსებობს უამრავი ცნობიერება, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა სახით აღიქვამენ. ოღონდ ეს მრავალი ცნობიერება თავთავიანთ განზომილებაში იმყოფება. მეცნიერებას კი გულუბრყვილოდ ჰგონია, თითქოს ჩვენი ხუთი საცოდავი ორგანო სამყაროს ყველა პარამეტრს ამოწურავს. მეცნიერება ხუთი პაწაწკინტელა წერტილის მიხედვით ცდილობს უსასრულო სამყაროს ხატი შექმნას. რა ჭეშმარიტებაზე შეიძლება ასეთ დროს ლაპარაკი!) ბიჭი ისეთი ყოვლისმომცველი გატაცებით ლაპარაკობს, რომელიც მოგვიანებით, როცა აღტკინება გაივლის, ყელში ცივ სიმშრალესა და სიცარიელის გაუგებარ გრძნობას ტოვებს ხოლმე. ლამაზი გოგო თვალს არ აშორებს. მისი ოდნავ მიბნედილი მზერა ბიჭის სახეს ელამუნება, ტუჩებზე შედარებით ხანგრძლივად ჩერდება. აშკარაა, სამეცნიერო-ფანტასტიკურ სიგნალებს ისე ბეჯითად არ აღიქვამს, როგორც ამას მოსაუბრის ცეცხლოვანი თავდავიწყება მოითხოვს. გოგო დროდადრო სახეს ძალიან ახლოს მიუტანს სახესთან და თავის მხრივ გახშირებული სუნთქვის მძაფრ სიგნალებს უგზავნის, მაგრამ მისი სიგნალები უკვალოდ იკარგება, რადგან ბიჭი სხვა ტალღაზე მუშაობს. მძღოლი დროდადრო სარკიდან გამოხედავს სალონს, წამით თვალს გადაავლებს თავის სამწყსოს და მერე ისევ ნაცრისფერ გზაზე გადააქვს ყურადღება.
   უფრო მნიშვნელოვანი ავტობუსში არაფერი ხდება. ცხადია, მგზავრი სხვაც ბევრია (ღიპიანი, ლოყებღაჟღაჟა კაცი, შავებიანი დედაბერი, სუფთად ჩაცმული, სუფთად გაპარსული და სუფთად დავარცხნილი ოხუნჯი ახალგაზრდა, მკერდმაღალი და ტუჩებშეღებილი ქალი და სხვა.), სხვა თემებიც მუშავდება (ეკონომიური, პოლიტიკური, სოციალური და ასე შემდეგ), მაგრამ ეს ყველაფერი ძირითადი მგზავრებისა და ძირითადი თემების წვრილმანი ვარიაციებია და მათზე არ შევჩერდებით.
სულ ბოლო რიგში, როგორც უკვე ითქვა, ერთი მთვრალი კაცი ზის, პორტფელი ორივე ხელით ჩაუბღუჯავს, გულში საიმედოდ ჩაუკრავს და, ძილი რომ არ მოერიოს, ბეჯითად და უშედეგოდ ცდილობს უაზრო თვალების არეული ფოკუსი წინა რიგში (მისკენ სახით) მჯდომი ქალის თეთრ მუხლებზე გაასწოროს.
   შეიძლება აღვნიშნოთ კიდევ ახალგაზრდა ქურდი, რომელიც მოწყენილი და ცოტა გაღიზიანებული დგას უკანა კართან. მას იღლიაში დაკეცილი გაზეთები ამოუჩრია, შარვლის უბე შეუკრავი აქვს და აშკარად უკმაყოფილოა იმით, რომ ავტობუსში ასეთი ხალვათობაა. რაც შეეხება იმ მაღალ კაცს, თავისთვის რომ ზის ჟურნალში თავჩაგრული, მას ჯერჯერობით არავინ ამჩნევს (მომდევნო გვერდებზე, იცოცხლეთ, იგი ყურადღებას მიიქცევს. დაბნეულ მგზავრებს ისე აერევათ, ისე აეშლებათ და ისე აებურდებათ წლობით ნახარისხევი, დანომრილი და ანბანზე გაწყობილი ემოციები, რომ კარგა ხანს მოუნდებიან მათს ხელახლა გაცალკევებასა და თავთავის ადგილას დალაგებას). როდის ამოვიდა, ისიც არავის გაუგია (გარდა იმ ქალისა, რომელიც მის გვერდით ზის, ფანჯრის მხარეს).
   ამოსვლით კი კარგა ხანია ამოვიდა. ამოვიდა უსაშველოდ მაღალი, გამხდარი, ბეჭებში მოხრილი. გრძელი სახე და გრძელი, წვეტიანი ცხვირი აქვს. ქერა თმა კეფაზეღა შემორჩენია. ძველი, გაცრეცილი, ყავისფერი კოსტიუმის ქვეშ თეთრი ხალათი აცვია და წვრილკვანძიანი, შავი ჰალსტუხი უკეთია. ხელში გატენილი საქაღალდე უჭირავს. ამოვიდა, დაჯდა საქაღალდიდან რაღაც ჟურნალი ამოიღო, ჩარგო შიგ თავი და აღარც აუწევია. გვერდით მჯდომმა ქალმა, რომელსაც ზომაზე დიდი მკერდი და წითლად შეღებილი ტუჩები აქვს, ერთი მოხედა, უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი და მრგვალი გავა ოდნავ, მაგრამ აშკარად დემონსტრაციულად მისწია ფანჯრისკენ. მაღალ კაცს ეს არ შეუმჩნევია.
   როდესაც ავტობუსი იმ ადგილს მიუახლოვდა, რომელიც ბედისწერის მიერ წინდაწინვე იყო შეგულებული, მარჯვენა რიგში, ფანჯრის მხარეს მსხდომმა მგზავრებმა მზექალა შორიდანვე შეამჩნიეს (ოღონდ, მზექალა თუ ერქვა, რაღა თქმა უნდა, ჯერ არავინ იცოდა). ამაში საკვირველი არაფერია. საკვირველი, რომ არ შეემჩნიათ, ის იქნებოდა, რადგან, ჯერ ერთი, გაჩერებაზე მის მეტი არავინ იყო, და მეორეც, თუნდაც ხალხით ყოფილიყო გაჭედილი იქაურობა, მისი გარეგნობისა და მისი ჩაცმულობის პატრონი მაინც წამსვე მიიქცევდა ყველას ყურადღებას.
   ფერ-უმარილის სქელი, უსწორმასწორო ფენით მოთხუპნილი სახე თეთრად უბზინავდა და ამ თეთრ ფონზე ალისფრად გაფერადებული ტუჩები ისე ჩანდა, თითქოს თოვლში ყაყაჩო ამოსულიყოს. ქუთუთოებზე და თვალის უპეებში მუქი ცისფერი საღებავი ეცხო, წამწამები შავად მოეთხვარა. ასეთივე შავი, ძალიან მსხვილი და ოდნავ ირიბი ხაზები მისდევდა თვალის კუთხეებიდან საფეთქლებისაკენ. თმა უამრავ წვრილ ნაწნავად ეყარა კისერზე, ტანთ ეცვა რუხი ფერის გულდახურული კაბა, რომელიც კოჭებამდე დასთრევდა და ისეთი ფოჩებით ბოლოვდებოდა, ძველებურ სუფრებს რომ აქვს ხოლმე. კაბის ზემოთ პალტო ეცვა. მართალია, თხელი, საგაზაფხულო პალტო იყო, მაგრამ ამ გაგანია სიცხეში ასეთი პალტოც კაცს გახურებულ ღუმელად მოეჩვენებოდა. თუმცა ეს სხვათა შთაბეჭდილებაა. მზექალას წინაშე, როგორც ჩანს, ტემპერატურის პრობლემა არ იდგა. მას პალტოც ეცვა და ხელთათმანებიც (რომლებიც ზოგიერთი უტყუარი ნიშნის მიხედვით, ერთ დროს თეთრი უნდა ყოფილიყო). მკერდზე უსწორმასწოროდ გამოჭრილი თუნუქის მედალი ეკიდა.
   იდგა გზის პირას ლაღი და ამპარტავანი, ფეხებთან მომცრო, შავი ჩემოდანი ედო, მარჯვენა ხელი აეწია და ჭუჭყიანი ხელთათმნის თითებს მსუბუქად უქნევდა ავტობუსს. მძღოლმა ავტობუსი გააჩერა და უკანა კარი გააღო.
მზექალამ ჩემოდანს ხელი დაავლო და წელში ამაყად გამართული, საკუთარი ღირსების გრძნობით თავით ფეხებამდე გამსჭვალული, დედოფლის აუჩქარებელი ნაბიჯით და თხელი სხეულის ოდნავი რხევით წამოვიდა. ავტობუსთან შეჩერდა და ცოტა შეყოყმანდა, ნაბიჯიც კი გადადგა უკან. წამით ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს გამგზავრება გადაიფიქრაო, მაგრამ მერე თავის თავს წყნარად გაუღიმა და ამოვიდა. უნდა ითქვას, რომ, როდესაც მარჯვენა ხელი ავტობუსის ღია კარს მოსჭიდა და გვერდზე გადახრილმა, ჩემოდანი და ცალი ფეხი ერთად შემოდგა საფეხურზე, მის ჰაეროვნებასა და შეუვალ ღირსებაში მცირეოდენი ბზარი გაჩნდა.
   მძღოლმა კარი დახურა და ავტობუსმა გზა განაგრძო. მზექალამ ჩემოდანი დადგა, წელში გამართულმა და თავაწეულმა აუჩქარებლად მოავლო მგზავრებს ამაყი მზერა, მერე იმ მთვრალ კაცს მიუბრუნდა, გულში ჩახუტებული პორტფელით რომ იჯდა და ძილს ებრძოდა, საღებავებად ქცეული წამწამები ნაზად ააფახურა და ჰკითხა: - ჩემო მთვლემარე მეგობარო, ხომ ვერ მეტყვით, ამ ხომალდს კურსი საით უჭირავს?
მთვრალმა კიდევ უფრო მაგრად მიიკრა გულზე პორტფელი და ძალთა უკანასკნელი დაძაბვით თვალის გახელა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. წარბები კი ასწია, მაგრამ ქუთუთოებს ძვრაც ვერ უყო. მაშინ ამ უიმედო საქმეს თავი მიანება და თქვა: - აამმ... ბლლ... ბ...
   რაკი მთვრალისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო, მზექალამ სინანულით გადაიქნია თავი და ახალგაზრდა ქურდისკენ მიტრიალდა, რათა ახლა მისთვის მიეცა იგივე კითხვა. მაგრამ ახალგაზრდა ქურდმა, შესაფერისი სამუშაო პირობების უქონლობით ისედაც განაწყენებულმა, არ მოისურვა მზექალასთან საუბარი. თვალები დაუბრიალა, ჰააო! - ერთი შეუღრინა და მუქარისთვის რომ მეტი დამაჯერებლობა მიეცა, მარჯვენა ბეჭი მოწყვეტით წამოაგდო წინ. მზექალა წამით შეკრთა, მოიკუნტა, თავი მხრებში ჩარგო, თეთრ სახეზე პანიკურმა შიშმა გადაურბინა. მაგრამ შიში მყისვე დასძლია, ისევ გაიმართა, ისევ ლაღი და ამპარტავანი გახდა, უიღბლო ქურდს ერთი გამანადგურებელი ზიზღით შეხედა და უცებ ხმამაღლა, მთელი ავტობუსის გასაგონად შემოსძახა: - მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამა ჩემი, წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და-ძმებია ჩემი.
   ამ განცხადებაზე თითქმის მთელმა ავტობუსმა მოიხედა. (გარდა მთვრალისა, ორი მძინარე ქალისა და ჩვენი ნაცნობი მაღალი კაცისა, რომელიც კვლავ ჟურნალში თავჩარგული იჯდა. რაც შეეხება მის გვერდით მჯდომ ქალს, იმ ქალმა მაშინვე მოიხედა, ოღონდ, სანამ მზექალას შეხედავდა, მისი მხედველობის არეში კვლავ მაღალი კაცი მოხვდა და ხაზგასმულად უკმაყოფილო სახე მიიღო). მძღოლმა სარკეში შეავლო თვალი მზექალას, ხმადაბლა გაიცინა და მზერა ისევ ნაცრისფერ გზაზე გადაიტანა.
ფაშფაშა ქალმა, რომელმაც გულიკოს თავქარიანობა სერიოზული მსჯელობის საგნად აქცია, ფართო, კმაყოფილი ღიმილით შეათვალიერა მზექალა და თქვა: - ვაი, შენ კი მეისპი, შენ!
   შავებში ჩაცმულმა კაფანდარა დედაკაცმა, რომელიც მოპირდაპირე რიგში იჯდა, იგივე აზრი ასე გამოთქვა: - გაქრი, აჰანდე!
ხოლო მის უკან რომ მსუქანი, ღიპიანი, ლოყებღაჟღაჟა კაცი იჯდა, იმ კაცმა ისეთი ხმით დაუმატა, თითქოს ყელში ვიღაც უჭერდა: - ჯოჯოხეთსაო ერთი მაშხალა აკლდაოო!
   ამით ავტობუსმა ამოწურულად ჩათვალა თავისი დამოკიდებულება მზექალასადმი. მოტრიალებული თავები უკანვე მიტრიალდნენ.
მზექალა ერთხანს ახალგაზრდა ქურდის გვერდით იდგა. მართალია, ბოლო სკამი, სადაც მთვრალი იჯდა, თავისუფალი იყო, მაგრამ იქ დაჯდომა არ მოისურვა. ჩემოდანი აიღო, ცოტა წინ წაიწია და წეღანდელივით ხმამაღლა გამოაცხადა: - პროკრუსტეს სტუმრებო! ხომ ხედავთ, ზენა ქარმა დაუბერა. დაუთმეთ ადგილი უცხო სილამაზეს.
   პასუხად აქა-იქ სიცილი გაისმა. ჭკვიანთვალებიანმა ახალგაზრდამ ღიმილითა და გაკვირვებით (ქვედა ტუჩი გამობზიკა და თავი რატომღაც მოწონების ნიშნად დაიქნია) შეხედა მზექალას. მერე თეთრულვაშაპრეხილ მეზობელს მიუბრუნდა: - პროკრუსტე ერთ კაცს ერქვა. ვინც ზომაზე გრძელი იყო, ფეხებს აჭრიდა. ვინც ზომაზე მოკლე იყო - ჭიმავდა.
- უყურე შენ! - გაიკვირვა თეთრულვაშიანმა და აპრეხილი ულვაში კიდევ უფრო აიპრიხა. - არსენა არ ყოფილა!
- არსენა რად ყოფილა? - ვერ გაიგო ჭკვიანთვალებიანმა, მაგრამ გამოძიება დაეზარა. - ეტყობა ეს ქალი განათლებული ქალია. ეგებ სწორედ განათლებამ გააგიჟა. სად შეუძლია საუკუნეებით გადაღლილ გონებას...
მაგრამ ჭკვიანთვალებიანს ამ დროს მზექალა მიუახლოვდა და შეაწყვეტინა: - ჭაბუკო, ვერა გრძნობთ, რომ ზენა ქარი უბერავს?
ჭკვიანთვალებიანმა გულღია ღიმილით ახედა, მერე საჩვენებელი თითი გაილოკა, მაღლა ასწია და დარწმუნებით თქვა: - კი. მართლა უბერავს.
- მაშ, ადექით და დაუთმეთ ადგილი უცხო სილამაზეს.
ჭკვიანთვალებიანი არ დაიბნა. ხელახლა გაილოკა თითი, ხელახლა ასწია მაღლა და თქვა: - შევმცდარვარ. ჯერ არ უბერავს.
- როცა დაგიბერავს, გვიანი იქნება! - მწყრალად უთხრა მზექალამ და ამაყად შეაქცია ზურგი.
   ამაზე მგზავრებს ისევ გაეცინათ. ჭკვიანთვალებიანმა კი პალტოს ქამარში ჩაავლო ხელი, სწრაფად მოსწია და, როცა მზექალამ ამაყად მოიხედა, ისეთი სახით დაიწყო ფანჯარაში ყურება, ვითომ არაფერი ჩაედინოს.
ფაშფაშა ქალმა თავისი ორკეცი ღაბაბი მოატრიალა და ხმამაღლა დაუძახა: - აქით მოიწი, ერთი, ქალო, შენი კაბის უზორი მაინტერესებს.
მის გვერდით მჯდომმა ქალმა, გულიკოს თავშეკავებულ ქცევაში რომ წეღან ტერმინოლოგიური სიცხადე შეჰქონდა, ხმამაღლა და ცოტა ხელოვნურად გადაიკისკისა.
   სათვალიანმა ახალგაზრდამ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა: - რას ერჩიან ამ უბედურს! მზექალამ ქედმაღლური მზერა მიაპყრო ფაშფაშა ქალის ღაბაბს. მერე უცებ თვალები გადმოუქაჩა, ენა გამოყო და უთხრა: - ეეე!
იმ ორმა მძინარე ქალმაც გაიღვიძა.
   ახლა მხოლოდ ჩანთაჩახუტებული მთვრალი და ჟურნალში თავჩარგული მაღალი კაცი არ იღებდნენ მონაწილეობას საერთო მხიარულებაში.
მზექალა ოდნავ წამოედო ვიღაცის დადებულ ფეხს, დროზე შეიკავა თავი, გასწორდა, კვლავ ამაყი სახე მიიღო და ახალ მსხვერპლს მიადგა.
- გრძნობთ, როგორ უბერავს ზენა ქარი? მსხვერპლმა, სუფთად ჩაცმულმა, სუფთად გაპარსულმა და სუფთად დავარცხნილმა ოხუნჯმა სწრაფად, გაზეპირებულივით მიუგო: - ვგრძნობ, აპა არ ვგრძნობ!
- მაშ, დაუთმეთ ადგილი უცხო სილამაზეს.
- მე არა, მარა, - ისევ მომზადებულივით გამოეპასუხა მსხვერპლი. - თუ მოგწონვარ, ჩემს ქალს მოელაპარაკე და იქნება იმან დაგითმოს თავისი ადგილი. ავტობუსი ხორხოცებდა.
   ლოყებღაჟღაჟა ღიპიანმა თავისი ყელში წაჭერილი ხმით წამოიძახა: - გაჰყე, გოგო, გაჰყე. იგრე შეგინახავს, ზენა ქარს არ მოგაკარებს.
სათვალიანმა ახალგაზრდამ ვეღარ მოითმინა: - რა არის ბოლოს და ბოლოს! დაანებეთ თავი, თავისი უბედურება ეყოფა საწყალს!
ამ სიტყვებს მხოლოდ მზექალამ მიაქცია ყურადღება. მიხედა სათვალიანს, ინტერესით შეათვალიერა, მერე ახლო მივიდა და უფრო მეტი ინტერესით დააცქერდა. ბოლოს ჰკითხა: - თქვენ ვისი ტიკიტომარა ბრძანდებით?
სათვალიანმა ტუჩები მოკუმა და თავისთვის ჩაილაპარაკა: - შენთვის ვამბობ, შე საცოდავო... მზექალამ სევდიანი სიბრალულით შეხედა. მერე მის გვერდით მჯდომ გოგოს უთხრა: - თბილად ჩააცვით, გეთაყვა, და ორპირ ქარში ნუ გააჩერებთ, არ გაგიცივდეთ.
გოგომ გაბრაზება დააპირა, მაგრამ ბიჭს შეხედა და სიცილი წასკდა.
სათვალიანის უკან ის მაღალი კაცი იჯდა.
მზექალამ მისკენ გადაინაცვლა და გაშლილ ჟურნალში ჩახედა. ერთხანს თვალებმოჭუტულმა უყურა, ოდნავ დაიხარა კიდეც, მერე ქვედატუჩი გამობზიკა, მხრები აიჩეჩა და ასე მხრებაჩეჩილი გაჩერდა იმის ნიშნად, რომ რაღაცას ძალიან უცნაურსა და ძალიან გაუგებარს წააწყდა. ბოლოს უთხრა: - ჯერ არ მოუღწევია თქვენამდე ზენა ქარის ქროლვას?
მაღალ კაცს არ გაუგია.
   მაშინ მზექალამ მოკაუჭებული საჩვენებელი თითი მხარზე დაუკაკუნა: - უფლისწულო! მაღალი კაცი შეკრთა და თავი ასწია. მზექალას დანახვაზე კიდევ ერთხელ შეკრთა, თვალები წამით დახუჭა და გაახილა და ცოტა დაგვიანებით მიუგო: - ბატონო!
- თვითონ ბატონო და დიდი თავადო! - მზექალამ განებივრებული არისტოკრატის მოწყალე ღიმილით გაუღიმა. - ადგილს ხომ არ დაუთმობთ უცხო სილამაზეს?
მაღალმა კაცმა ხელი დაავლო საქაღალდეს, რომელიც მუხლებზე ედო, გაშლილ ჟურნალთან ერთად ჩაბღუჯა და სწრაფად წამოდგა.
- მაპატიეთ... - დამნაშავის შეწუხებულ სახეზე სიწითლემ გადაჰკრა. - ვერ შეგამჩნიეთ. მაპატიეთ. დაბრძანდით.
   მზექალა კაცს მისჩერებოდა და მისი ღიმილი, როგორც ნამი დილის მზეზე, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად გაქრა. ნაკვთები არ გასწორებია და ღიმილისთვის გაწყობილი, მაგრამ უღიმილოდ დარჩენილი სახე ნიღაბს დაემსგავსა. მერე ეს ნიღაბი შეშფოთებითა და გაკვირვებით გაიჟღინთა. უყურებდა მზექალა მაღალ კაცს, რომელმაც თამაშის ნაცნობი და დიდი ხნის დადგენილი წესები მოულოდნელად დაარღვია, და რა ექნა, არ იცოდა. ბოლოს სხვა მგზავრებს მოავლო ფრთხილი და გამომცდელი მზერა, რათა მათგან მაინც მიეღო ამ უცნაური გამოცანის პასუხი. მაგრამ ავტობუსში გაკვირვების დუმილი იდგა. ავტობუსი თვითონ მოელოდა პასუხს. მაშინ მზექალა ნელა, გაუბედავად შევიდა დათმობილ სკამსა და წინა სკამის საზურგეს შუა. ოღონდ შევიდა არა ისე, როგორც ჩვეულებრივ შედიან, არამედ ისე, რომ სახე შეთავაზებული სკამისკენ ჰქონდა, ზურგი კი - წინა სკამის საზურგისკენ. თან მთელი ამ ოპერაციის განმავლობაში მაღალ კაცს უჩუმრად უთვალთვალებდა. მაგრამ მაღალ კაცს, ეტყობა, მოვლენათა შემდგომი მსვლელობა აღარ აინტერესებდა. როგორღაც მოეხერხებინა საქაღალდის იღლიაში ამოჩრაც, ავტობუსის ზედა სახელურზე ხელის მოკიდებაც და ჟურნალის გადაშლაც. იდგა და კითხულობდა. მზექალა ჩაცუცქდა, სკამის საჯდომს ორივე ხელი დაადო და ფრთხილად მიუსვ-მოუსვა. მერე გათამამდა და უფრო გულმოდგინედ შეამოწმა. ასევე გულმოდგინედ, საფუძვლიანად შეამოწმა საზურგეც. თან ცალი თვალი მაღალი კაცისკენ ეჭირა. ბოლოს შეტრიალდა, ხელები სკამის სახელურებს ჩაავლო და დაიხარა, მაგრამ ერთბაშად მაინც არ დაჯდა. ჯერ ოდნავ შეეხო სკამს და მცირე ხნით გაიტრუნა. მერე ნელ-ნელა დაეშვა. რაკი ამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გაბედულება მოემატა, თამამად შეტრიალ-შემოტრიალდა, საზურგესაც გაეხახუნა და უცებ გახარებულმა წამოიწყო: - რა ვქნა, რა ვუყო თავსაო, ამ ჩემს პატარა ქმარსაო, არცა აქვს შენახვის თავი, არცა მანებებს თავსაო.
   ირგვლივ კვლავ გაისმა სიცილი, მაგრამ ეს უღონო, ცოტა არ იყოს, გაუბედავი სიცილი მალევე ჩაქრა. ჰაერი მაღალი კაცის გაუგებარი საქციელით იყო დამუხტული.
   მაღალმა კაცმა

წყარო: www.qwelly.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი