სირენა
ეძღვნება ფ. მაზერელის "სირენას" "სამყარო, ჩვენი სამყარო ისედაც საკმარისადაა გაღარიბებული და გაუფასურებული!" სიუზან სონტაგი ქარიან ღამით ზღვიდან ყვიროდა ქალი, თითქოს შველას ითხოვდა. ნაპირზე ახალგაზრდა მუშა სასაცილოდ მილასლასებდა. ქალის ყვირილზე ის ტანსაცმლიანად გადაეშვა წყალში. შეშფოთებული და ბედნიერი, რომ შეუძლია გადაარჩინოს. კეიტ ბუში, სოფი, ბ. ჰავკინსი, ტორი ამოსი. მეოცნებე მუშა დაიღუპა ჭუჭყიან ზღვაში - ღამესავით ბნელ წყალში. იახტიდან გადმოვარდნილი ქალი კი, როგორც ყოველთვის, უკანასკნელ გადამწყვეტ წამს გადაარჩინა იახტის მფლობელმა პოლიტექნიკურმა პრინცმა - და მათმა ერთბაშად დამშვიდებულმა იახტამ გააგრძელა სრიალი ბნელი წყლის ზედაპირზე. მრავალფეროვნად მოციმციმე ნაპირის ილუმინაციათა შესახვედრად. გარდაცვლილი მუშისთვის ღამის ზღვა ბავშვობისდროინდელ მუდამ სველ საწოლად იქცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი