ნისლები სცვივათ აივნებიდან


ახლა ციფრი ვარ მაღვიძარაზე...

მუხლებზე დაჩოქილს ჩემივე ჩრდილი თავზე მადგება.

ყოველ საღამოს,

ცხრა საათზე კივილს დავიწყებ... - 21:00

ეს წერტილები უკიდეგანო მაგისტრალია ჩვენს შორის, -

სივრცე ნულიდან თორმეტ ციფრამდე...


ონკანებიდან სისხლი მოსდით ცივ მდინარეებს,

ჟანგიან სიზმრებს ატარებენ სხვისი ცოდვებით.

მე მშვიდად ვწევარ აბაზანაში ინდიგოსფერი კოტონის კაბით,

სისხლჩაქცევებით ფეხისგულებზე.

და ვხედავ ნისლებს,

თეთრეულივით რომ ჰკიდია მილების ზემოთ.

სახლი, რომელიც არც კი გვქონია,

ფანჯარასთან დგას,

ხელს თუ გაიწვდი კარებს გააღებ.

და აჩრდილებით გავსებული ბნელი ტყეები

აღარასოდეს მოგენატრება.

ახლა დრო არის შეიზიზღო კოტონის კაბა სისხლის ლაქებით…

რადგან კედლები დაიბზარა ოთხივე მხარეს,

ელექტროსაათზეც ციფრებს მხოლოდ ნულის ფორმა აქვთ,

როგორც სიყვარულს დიდი ღმერთების ძველ ფორმულაში.

წყარო: www.nplg.gov.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი