თვითმკვლელობის ფანტაზმი
მაშინაც წვიმდა... სხვა ამინდთან რომ გღალატობდი. არ მახსოვს წელი, აღარც დღე და არც მიტევება. სანამ ზღვა თვრება, მე მოვასწრებ მომაკვდავ სხივის ხელით შეხებას, გადარჩენას და მოტაცებას. სანამ ღამეა, სანამ მიწა ებრძვის ქარტეხილს, გონებას ათრობს მკრეხელობის მძაფრი სურნელი. სანამ ზღვა ბორგავს მე მოვასწრებ მოვიკლა თავი, სისხლის წვეთებად დაგიტოვო ყველა სურვილი. მაშინაც წვიმდა და ქალაქი იდგა უმწეოდ, მკვდარ მანდრაგორებს ისევ კრეფდა შავი ინფანტა... გალაქტიკასთან უჩვეულოდ განმარტოებულ, ჯვარცმულ სიზმრები ამ მაჯებზე ამომექარგა. გამოვიგონე დასასრული ჩვენი ფანტაზმის, - პერსონაჟები გადაიქცნენ ანემონებად... მაშინაც წვიმდა, კაპრიზებთან რომ გღალატობდი, არ მახსოვს წელი, აღარც დღე და არც დაბრუნება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი