მე და მისტერ ანდერსენი


(ყველას, ვინც ისევ ხედავს მოჯადოებულ გომბეშოს და ჯადოქრებს)

ძველ ჩემოდანში
ჩავალაგე მთელი ბავშვობა, -
ჭრელი ზღაპრები გაყინული კოპენჰაგენის.
სიზმრების ტბაში
დავაძინე ობოლი გოგო,
ბოლო ასანთის ღერებით რომ თითებს ითბობდა .
ჩამოვამწკრივე
ხის ძველ სკივრში ჯარისკაცები,
ერთიც უფეხო,
სევდიანი თვალების მქონე.
ისლანდიაში ზამთრის სუსხი შლიდა იალქანს,
თოვლის დედოფალს უკან გაჰყვნენ ფანტაზიები.
და გერდას მსგავსად,
დაკარგული ოთხ სამეფოში,
თეთრ სივრცეებში დაგეძებდი
როგორც ზღაპრის გმირს.
ჯადოქრებისგან ვისახსოვრე ოქროს ვაშლები,
ვკოცნე გომბეშოს გაწეპილი, სველი სხეული,
წაბლისთვალება უფლისწულად რომ ქცეულიყო,
მერე ჭაობთან, ლილიებში ჩამოგვეძინა...

და გავექეცი
იმ დიდ ხომალდს "გაზრდა" რომ ჰქვია,
ვერ დავივიწყე
ზამბახისფერ ზღაპრის მინდვრები.
ხორბლის მარცვალზე რა ხანია სძინავს დედოფალს,
მასაც ჩემსავით ელანდება კოპენჰაგენი.
მოდი,
გავუსწროთ
იმ დიდ ხომალდს "გაზრდა" რომ ჰქვია,
დავიკარგებით, უსწრაფესად დავიკარგებით...
ცისარტყელების ოაზისში წამოწოლილებს
რას არ გვიამბობს ჯადოქრებზე
ჰანს ქრისტიანი...
მოდი,
ერთხელაც დავივიწყოთ მიწიერება,
ბავშვური ცოდვით
ჩვენც შევცოდოთ ბოლო ზღაპარში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი