გზაჯვარედინზე
კიბე მივადგი ღამისფერი ღრუბლიან თაღებს და მოვიპარე ცის საშოში მძინარე მთვარე. ჩამოვიტანე, მოგიტანე ლურჯ სამსხვერპლოზე, როგორც კერპთათვის შესაწირი თეთრი ბატკანი. თითქოს იმ ღამით ფოთოლცვენა გარდაიცვალა და მიიცვალა მონატრება ისე უჩუმრად... ისე უხამსად გიყურებდი სხვის მკერდზე მთვლემარს... გადაავიწყდა ალიონსაც ზღვასთან მრუშობა, სანამ შენს სისხლში იღვრებოდა ცრემლად ყაყაჩო. წნევა გადაწვდა ევერესტის თოვლიან მწვერვალს, შენ არ ინაღვლო, წუხელ ქარმა თუ შეგაცია. ცუდი ჰავაა ორი ქვეყნის გზაჯვარედინზე, ზოგჯერ ისე წვიმს მანქანებიც ვეღარ დადიან... მე გავერიე ბოლო წვეთად წითელ საწამლავს და ვამპირივით მთელი ღამე გწოვდი ძველ სიზმრებს. ჩამოვიტანე, შემოგწირე ლურჯ სამსხვერპლოზე ცის სველ საშოში მოთარეშე უხორცო მთვარე, (ახლაც ატყვია ყვრიმალებზე ნათითურები). ასე გარყვნილად გიყურებდი სხვის მკერდზე მძინარს, სანამ მის კანში დაეძებდი ედემის ბაღებს, მაჯაზე პულსი ასოთხმოცჯერ ფეთქავდა წუთში, მე აღარ ვგავდი სინდისდაღრღნილ არეკლილ აჩრდილს, ცხრავე სარკიდან ჯალათივით რომ მიღიმოდა. შენი სუნი სდის იკებანას სიკვდილის პირას... კიბე მივადგი ღამისფერი ღრუბლიან თაღებს და მოვიპარე ცის საშოში მძინარე მთვარე, თუმცა ღმერთებმა ვერ მიიღეს ეს შესაწირი... ჩემი ბრალია, ასე დიდიხანს ვეძებდი იერს და მოკრძალებით გადარბენილ ცოდვებს ხელებზე. მეც შევერიე ბოლო წვეთად სისხლში საწამლავს და ვამპირივით მთელი ღამე გწოვდი სიცოცხლეს... ცუდი ჰავაა ორი ქვეყნის გზაჯვარედინზე, ზოგჯერ ისე თოვს მანქანებიც ვეღარ დადიან, ემიგრანტებმა დანტეს გზები უნდა გათელონ. აჰა, მეგზურად მოგიყვანე ცბიერი მთვარე, თუ მოგშივდება ერთად დავკლათ ლურჯ სამსხვერპლოზე, იქნებ ღმერთებმა შენი მოთქმა უფრო ისმინონ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი