ზღაპარი


პატარა ელფებს
ჩაეძინათ ხავსიან კუნძზე...
ზამთრის ქოხს შენთვის ვაშენებდი
ჯუჯებთან ერთად.
ყველა ნახვრეტი ამოვავსე მთვარის კენჭებით,
რომ არ შეგცივდეს, როცა თოვლი დაფარავს მიწას
და ჭაღარა თმებს ნაძვის ტოტით გადაივარცხნის.
დახეულ ზეწარს დავაკერებ გვირილის ფურცლებს
და ყოველ დილით
ძველ ბუხარში თეთრი დათვები
აგვიდუღებენ პიტნის ჩაის.
გამეხლართება
თვალები შენი წამწამების სიახლოვეში.
შემოაწვები
არტერიებს სისხლის ნაკადად...

მე მოგატყუებ!
დაგიმალავ ამ ზღაპრის ფინალს, -
ბოლო ეპიზოდს (როცა ჩემგან უნდა წახვიდე).
დასრულებამდე ჯერ შორია ჩრდილების ტყეში,
ჯერ ორთქლი ასდის მაგიდაზე თაფლიან ჩაის,
ჯერ ყველას სძინავს...

გადავიწყებას ერთმანეთის ბევრჯერ მოვასწრებთ
სხვა ცხოვრებაშიც სევდიანი ზღაპრის გარეშე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი