სიშორეს,რომელსაც..


სიშორეს,
რომელსაც ეპილოგი უკვე აღარ აქვს,
სხვა ქალაქებით
აჭრელებულ რუკაზე სძინავს...
სიშორეც ალბათ დაიღალა
შენი ჩრდილებით
ყოველ თეთრ ღამეს
ჩემს ოთახში კედლებს რომ სტუმრობს,
ნესტით გაჟღენთილს,
გროტესკური სიზმრების ნაცვლად.
მძაფრი ფრაზები,
ჩაძირული,
უარყოფილი,
სხვა ქვეყნის ჰავას ღალატივით
გავანდე წუხელ, -
როცა გველივით ტყავს იცვლიდა
სხეული მთვარის,
როცა მინდოდა
შენი სუნთქვით გამეთბო წვიმა.
არ მაშინებდა ეს მანძილი
ქალაქებს შორის
ჩრდილოეთიდან
შენს დასეტყვილ ქვაფენილამდე...
როცა მწყუროდი
თავთუხისფერ ჭვავის ყანებში...
სიშორე,
რომელსაც ეპილოგი თითქოს აღარ აქვს,
შევისისხლხორცე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი