შენი სიმშვიდე ..


შენი სიმშვიდე
ჩამესახა ორივე თვალში,
ემბრიონივით,
სანაპიროზე მონაცრისფრო ცივი იზარის...
იქ სადაც ჰაერს შენი კანის სურნელი ასდის,
სადაც შენ სუნთქავ
პლანეტებსა და მიწას შორის
გამოკეტილი
გაორებულ კერპებთან ერთად.
ამოგიჩემე ფობიებად
ჩემს ფიესტაზე,
და ისე ახლოს,
ისე ახლოს
მოცოცდი სულთან,
რომ მოვისურვე დაბადების განმეორება.
ორივე თვალში
ჩამელეწე შავ-თეთრ ფრაგმენტად,
გამოგონილი კალენდრებით, უამინდობით...
შენი თითები მოძრავ ისრებს ემსგავსებიან
და სველ სხეულზე
არარსებულ დროს აჩვენებენ.
სიზმრებგამოღრღნილ,
ღამენათევ ჩემ პლანეტაზე,
ტყეს ამ მხარეში ფოთლად ცვენა არ ეზარება
და ფორთოხლები გამხმარ ტოტებს ეხორცებიან...
აქ ჰაერს თითქოს შენი კანის სურნელი ასდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი