სამკუთხედი


იცი,
არასდროს მყვარებია გეომეტრია,
არც ფიგურების გამოყვანა
ხისფერ დაფაზე.
დღეს ჩემი სისხლით დაგიხატავ
მარტივ სამკუთხედს,
რომლის ალესილ კუთხეებად
ჩვენ განვლაგდებით.
იცი, შემცივდა...
მოგონილი ქალაქის მტვერი
თამბაქოს მსგავსად მიიჩვიეს
ჩემმა ფილტვებმა.
და რა ხანია გამითავდა
ფერადი ცარცი,
შენ რომ მაჩუქე მოსახატად აკვილონების.
იმ დღეს
სიზმრებმა ჩრდილოეთი ჩამომიტანეს,
ენით ვიგრძენი გაცრეცილი კლიმატის გემო...
ჩვენ ასკეტურად სამნი ვდგავართ
მარტივ წვერებზე,
ასე მარტივად
დღის რუტინას მაინც ვღალატობთ.
ჩამომიწვეთე
შენითავი ყავის ჭიქაში,
რომ გადამექცე უძილობის ნერვიულ ჩვევად,
შეუხორცებლად მიგიჩვიო შეხორცებამდე...
ჩემი კუთხიდან
გალაქტიკაც დახაზული ჩანს...
თითქოს როგორი ადვილია განმარტოება,
როცა დაფაზე სამი ხაზი
უნდა გაავლო...
და არც კი იცი
თუ რომელი მხარეა შენი,
(თუმცა არასდროს მყვარებია გეომეტრია).
სამკუთხედს ვხატავ შენს ფეხებთან
ჩემივე სისხლით...
იცი,
ის ცარციც გამითავდა შენ რომ მაჩუქე…
ჩვენ კუთხეებად გავიშლებით
ბასრ ფიგურაში
და გამოვიცნობ ,
რომ მესამე კუთხე ჩემია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი