მე ისევ გეძებ..
მე ისევ გეძებ... გუშინ სახლთან გელოდებოდი... ოთახში, რომლის ბნელ კედლებში მე გავიზარდე, ვიწრო ქუჩაზეც, სადაც მიწა სიცხემ დახეთქა. ველოდებოდი დაბრუნებას უცხო სახელით, სხვა ეროვნებით - (უპასპორტოდ), თუნდაც სხვა სახით... ქარები ქროდნენ ნოსფერატუს უკვდავ კანტატად, დაკარგულ ჩრდილებს შენ მუხლებთან ჩამოეძინათ... გელოდებოდი სიცხიანი დიდ ქალაქებში და გამვლელების ცივ თვალებში გეძებდი თითქოს. ეს გაყინული, ნაცრისფერი სიცარიელე ჩემი გონების დამსხვრეული სარკეებია, ანარეკლებად რომ ინახავს საკუთარ ცოდვებს, როგორც წერილებს, სისხლით ნაწერს, შენთვის შენახულს. შენ არ მოდიხარ... ან იქნებ არც კი არსებობდი, გამოგიგონეს თაბორის მთებში, მაგდალასკენ მიმავალ გზაზე. გამოგიგონეს, რომ ვიღაცას, ჩემსავით მარტოს და გზააბნეულს შენი ნახვა მონდომებოდა. მე დღეს შენს სხეულს საკუთარი ყელით ვატარებ... შენს ჯვარცმულ სხეულს ველოდები ყველა ამინდში, ვიწრო ქუჩაზე, სადაც გოგო წითელი თმებით და ჯინსის კაბით ევანგელეს ყიდის ორ ფუნტად. ზოგჯერ მგონია, რომ ეს გოგო თვალებით მე მგავს და მეშინია, მეშინია არ დამავიწყდე. შენ არ მოდიხარ... გუშინ სახლის წინ კიბეებზე ჩამომეძინა... ვიცი, მოხვედი გამჭირვალე, თბილი ხელებით. ვეღარ გიცანი, მოჩვენება მეგონე ალბათ აჩემებული აპოკრიფის ბოლო თავიდან. მე ისევ გეძებ... ისევ გეძებ... მჯერა, გიპოვი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი