კვიპაროსი


წარმოიდგინე...
დედამიწაზე ერთ-ერთ წერტილში,
რომელიც ალბათ გლობუსზე
არ ჩანს,
ცხოვრობს პატარა ზანგი გოგო
ბრმა და ობოლი...
ყოველ ახალ დღეს
ელოდება დედის ჩამოსვლას
ცივი ქვეყნიდან,
სადაც
ცხოვრობენ სხვისი მშობლებიც
და აღარასდროს მობრუნდებიან
ქუსლმოტეხილი ფეხსაცმლებით გამოვლილ გზებზე.
შებინდებისას ხეებშორის გაბმულ ჰამაკში
ჭამს მწარე ფაფას.
…რადგან ბებია უკვე მოხუცდა და,
როგორც წესი,
არ ახსენდება
შაქრის მოყრა რძიან ფაფაზე.
ღამით არ სძინავს...
უდაბნოების ცხელ სუნთქვას ითვლის...
წარმოიდგინე,
დედამიწის ერთ მკრთალ წერტილში,
ალბათ სამყარო იმ ბრმა გოგოს ცისარტყელაა...
და უხილავი...
დედასაც ხედავს მკრთალ ფერებში
ხვეული თმებით და ხის მძივებით
ატყავებულ ტერფამდე ასხმულს.
ის კვიპაროსს ჰგავს...
ან იქნებ ერთხელ კვიპაროსის ხედ გადაიქცა,
სულისფერ ჩრდილში მშვიდად არწევს
თავის ბრმა გოგოს და ჰამაკის თოკს
წელზე იხვევს სისხლისდენამდე...
მერე რა მოხდა,
თუკი მკერდში რძე გამოუშრა
და უნაყოფო საშვილოსნომ ხმობა დაიწყო...
ჰავის ბრალია...
ან ევროპიდან მოვარდნილი ეპიდემიის...
შოვინისტური ქალაქების სუნი რომ ასდის,
ახალ ქარხნებში ჩამოსხმული ილუზიების...
წარმოიდგინე,
რომ ეს სუნი ჩვენც აგვდის ტანზე,
წარმოიდგინე ის სოფელი,
შორს... აფრიკაში...
წარმომიდგინე...
ის გოგო ვარ, -
ბრმა, უსახლკარო...
და უკეთესი ვიდრე ახლა,
ვიდრე შენს გვერდით,
21-ე პალატაში გამოძერწილი...
მეც ავისხამდი კვიპაროსის ხის სამკაულებს
და აღგზნებული ქარიშხლების პულსს დავითვლიდი...
წარმოიდგინე
ის გოგო ვარ, -
ზანგი, ობოლი...
დედაჩემი კი კვიპაროსის ხედ გადაიქცა.
ალბათ,
ვერასდროს მივხვდებოდი,
რომ კოკაინი კაკაოს ტორტზე გაცილებით გემრიელია.
რომ ნიკოტინი რიტუალია ორგაზმის შემდეგ
და არა ჩვევა...
ვერ გავიგებდი,
როგორ უყვართ ან ეზიზღებათ
მავთულებივით გადახლართულ ფართო ქუჩებში
ახალ პრიმატებს...
წარმოიდგინე,
ეკვატორის მეორე მხარეს
მე ვიქნებოდი
უსინათლო და
უკეთესი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი