კოლაჟი


I - სიზმარი

რიტუალად მექცა
სველი ფეხებით
თეთრ და ჭუჭყიან კენჭებზე დგომა.
სარკე დაიმსხვრა...
გამთენიისას ონკანებიდან
მოტკბო სისხლი სდის ცივ ოკეანეს,
მეოთხე ჯგუფის უარყოფითი და უმარილო.
ისე დამძიმდა წყალი ჩემი სიზმრის მოსმენით,
ვეღარ ატარებს...
ვეღარ იტევს ამდენ ფერად კადრს, -
სრულმეტრაჟიანს.
მერე მილებში იჭედება ჩემი სიზმრები
და შუა ღამით კვლავ მიწიდან მიბრუნდებიან,
რომ მეორე დღეს ისევ წყალში
დაიხრჩონ თავი.


II - მკითხაობა

როცა ბოლო ღერ სიტყვას
მომაწვავს სულზე ზამთარი,
რაღაც მოხდება...
და საფერფლეში დარჩენილი
შენი სიგარა
მზისგან დაძონძილ
დილას დაფერფლავს...
ჟანგიან ონკანს
ჭუჭყიანი წყალი თუ წასკდა,
მაჯა ჩემი თმით გადაიხვიე -
ასეთ ამინდში
თვითმკვლელობაზე ფიქრი გვჩვევია
თურმე ორივეს.
ჩვრებში გაკარი
დუჟმორეული
ყველა ტკივილი,
ზღურბლზე მიაგდე
და საფერფლეში დარჩენილი
შენი სიგარა
მზისგან დაძონძილ
დილას დაფერფლავს.
რაღაც მოხდება...
ხელიგულზე კი
მესამე ხაზი
უსაშველოდ გადახრილია...


III - კვამლი

ამ დროს მთავარი რუხი ფერია...
და მთვარე,
როგორც ამულეტი
შავი ღრუბლების...
მაგისტრალები მძიმედ ოხრავენ
და ქალაქების არსებობაც კი ავიწყდებათ...
იქნებ ამიტომ იწერენ მკლავზე
მათ სრულ სახელებს...
მაგისტრალები ვერ იტანენ
რუხთვალებიან,
უცხო ტურისტებს.
რუხი ფერია ახლა მთავარი...
მთვარე კი
როგორც ამულეტი
მაგისტრალების
სველ,
ცივ ამინდში
კვამლის მსგავსია.
ან ტაბლეტივით გადატეხილი,
რომელსაც სვამენ მხოლოდ ბედლამში...
ორმოციანი წლების ჯაზი
ფხაჭნის ფირფიტას...


IV - ინსომნია

ვერასდროს ვხვდები რატომ არის
დილის ჰაერი ასეთი ცივი,
ასეთი სუფთა.
თითქოს თავიდან იბადება,
თავიდან იწყებს
გამჭირვალე ფილტვებით სუნთქვას.
თავჩახრილი მზე
სანამ ჰორიზონტს ულოკავს მუცელს,
დაკლაკნილ კლდეებს ეფერება
ხორკლიან ზურგზე.
ამ დროს სიკვდილი სიგიჟეა...
კარდიოგრამის აპარატზე მიერთებული
ბლაგვი სიზმრები
სწორ, გრძელ ხაზებად ლაგდებიან
და თავის ჩრდილებს უწყებენ ძებნას
ამობრუნებულ ხელისგულებში.
ელექტროსკამზე
უჩვეულოდ ხვდებიან დილას,
თანამედროვე ეშაფოტზე
ჰაერი სისხლით აივსებს ბრონქებს.
მე შევიშალე...
ვიხრჩობი...
დილით ჰაერი ისე მძიმეა
სიმსუბუქისგან
და ამაზრზენი,
ფეხისწვერებით გაივლის ნისლი სიცარიელეს.
ასეთ დროს ძილი სიგიჟეა,
როცა კედლები დაიბზარა უფარდო სახლში… -
ინსომნია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი