კ ა რ ი
“A thousand doors ago when I was a lonely kid…” Anne Sexton ოცდაორჯერ გაღებული კარიდან ირიბად მოჩანს სახლი შვიდი ფანჯრით და გადახდილი სახურავით. ეზოში ბავშვები არ თამაშობენ, არ რჩებათ გრძელ სკამზე ზღაპრების წიგნი ან უფეხო თოჯინა გახუნებული კოტონის კაბით. მათ აღარ სტკივათ გადაქექილი მუხლისთავები ... ოცდაორჯერ გაღებული კარიდან ვარსკვლავები აღარ ჩანს, - ვარსკვლავთცვენისას ვერ მოვასწარი გა(და)ფიქრება… არ იკეტება კარი ურდულზე და უჩვეულოდ აღწევს სივრცე ახლა ჩემამდე... აქ იშვიათად მოდიან სტუმრები, ზღურბლთან დგანან და ძვირფას ნივთებს უწყებენ ძებნას. ადვილადმსხვრევადი ფაიფურის თეთრი გრძნობები და თმების ნაცვლად ოცნებამჭრელი ბასრი მაკრატელი სხვენში დავმალე დიდი ხანია. ოცდაორჯერ გაღებული კარი არ ვიცი სად გადის... როცა სადღაც, ნახევრადგახდილი მზე მძიმედ მოძრაობს, ვეღარ პოულობს ტრაექტორიას, - ზღურბლის აქეთ სიცივეა. ვეღარ შემოხვალ… თავისებური მიკროკლიმატი, რომელსაც მხოლოდ მე მივეჩვიე ან იძულებით შემომიჩვია, ცელსიუსით არ იზომება… ზღურბლზე იდექი! მობეზრებამდე მათვალიერე ასე... შორიდან… ვერჩასახული ჩვენი შვილები, თხევადი ტანით და გადარჩენის ხარბი წყურვილით, ბავშვურ გრაფიტებს დახატავენ საშვილოსნოში… ოცდაორჯერ გაღებული კარიდან ირიბად მოჩანს ვადაგასული კალენდრები… სხვენში ატანილ საინტერესო, ლამაზ ნივთებს კი ნისლივით სქელი მტვერი დაედო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი