საგზალი
აიღე გუდა, სანამ ისევ ჩამობნელდება მღვრიე სოფელში. და ჩირაღდანიც მაშინ აანთე, როცა ამ სახლის გადაკეტილ კარს გასცილდები, როცა ჭინჭრებით სავსე ეზო მოხუცის მსგავსად ამოიოხრებს შენს ხერხემალთან. შორი გზა გელის! იცი, ეს მთები ურჩხულებივით ქარებს აფრქვევენ ცეცხლის მაგივრად. და ფრინველები აღარასდროს გამოიბამენ ქაღალდის ამბებს პატარა ფრთებთან, ეკვატორისკენ გადამფრენებს დაავიწყდებათ ირისისფერი, მერქნიანი გაზაფხულები. იცი, მნათობებს შეუძლიათ გზების არევა… ნუღარ ახედავ შუა ღამით მწიფე ვარსკვლავთა გადაშლილ ყანებს, სადაც ჭინკები იმალებიან. ქვაბულებიდან ქვადქცეული ფართო თვალებით ტყის ბინადარი აჩრდილები მოგატირებენ. აიღე გუდა - ჩემი კაბის შუა ნაწილი, მთელი სხეულის კარტოგრამა კვლავ ზედ ეტყობა, შორით მიმავალს საგზლად გატან საკუთარ სიზმრებს და თმების ნაცვლად ერთმანეთში ჩაწნულ ტკივილებს, ერთ ქისა სურვილს და ორ ნაჭერ გამომხმარ ღამეს, შიმშილობის დროს სხვას რომ გაუყო. ეჭვებით გივსებ ორივე მუჭს - გზა არ აგებნას! ხორბლის მარცვლებად მიმოფანტე ძველისძველ ტყეში, ვიკინგებივით ამოზრდილ კლდეებს შიშველ ფეხებთან მიმოუბნიე , რომ სხვა სეზონზე დაბრუნების არ შეგეშინდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი