ფორმულა


ეს ქალაქია -
კედლის რუკაზე აღნიშნული შავი წერტილი.
და შენი თმების ყველა ღერზე კოდირებული სახელწოდებაც
პირობითია.
ეს სახლებია პლასტელინით გამოძერწილი, -
განლაგებული უადგილოდ ზამთრის ქუჩებზე,
საკვამურიდან ავარდნილი ნაცნობი სუნით
და ყვითელ ჭერზე შერჩენილი მთელი არქივით.
ეს კი ქუჩაა,
პირობითად ერთი ადგილი,
სადაც ყოველ დღე ჩვენ ვსწავლობდით სასოწარკვეთას.
ეს ამინდია – წვიმიანი და ცოტა მშვიდი.
(ადამიანებს მიეჩვივნენ ნაჭრის ქოლგები,
რომ მათ მახინჯი შეგრძნებები შეუნარჩუნონ).
ეს მე და შენ ვართ.
ანუ არ ვართ აღარაფერი,
ანუ სიტყვები დავაგროვეთ უართმანეთო.
ანუ მე და შენ განგვმარტავენ უკვე ცალ-ცალკე.
თუკი ქალაქი დაამთქნარებს უფერულ ამინდს,
თუ სახლის ჭერი ჩამობერტყავს არქივს საწოლზე,
ზამთრის ქუჩებზე დაიწყებენ კნავილს კატები
ან თვით ქუჩები დაიწყებენ ქცევას კატებად,
რომ შეიცვალონ მისამართი დროებით მაინც.
ეს არის ალბათ უშენობის ერთი ფორმულა –
სიცივე,
სახლი
და ტკივილი ლაქებად ჭერზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი