პიანინო ანუ რიტუალი არიელისთვის
ჰერ C. M. Schröder, იუდეველთა საიდუმლო უნდა მოგაფცქვნა შავი ტანიდან! იქნებ რამდენი ათწლეულია რაც ამ ცივ კედელს მიეჩვიე და მეზობლების სიზმრებს ისმენ უცხო ენაზე. მუნჯი კადრივით ყელში იგუბებ მათ წყვეტილ ბგერებს – იოგებშორის. ეს ერთადერთი პროტესტია, ძვირფასო Schröder. უმოძრაობამ ფორმა დაკარგა გზისპირა სახლში... ეგ შენი ძვლები წინადაცვეთილი მამაკაცის ნარჩენებია. და მე კი, Schröder , ერთადერთი მოჩვენება ვარ შენს სიჩუმეში, სადაც ფანჯრები ოდნავი სუნთქვით ტრანსფორმირდება. გათენებისას მოდიან მკვდრები და ფიჩხებივით ნაგროვებ დღეებს კართან გვიყრიან. მე, ერთადერთი შენი ფრაუ და მოჩვენება, ძველი ტილოთი გწმენდ შიშებისგან ყოველ შაბათ დღეს, თორემ ეს ხმებიც სადაცაა ჭერს დაბზარავენ. მე მოგცემ ჩემს ხორცს, ამ თმებს, თხელ ძარღვებს... მოირგე კანის ყველა უჯრედი, თორემ შენს მხარეს დიდი ხანია ერთფეროვნება მიეძალა ინფექციებად. ჩაიდგი ხორხი, რომ იყვირო სისხლისდენამდე და ქალაქები დაივიწყონ მაგისტრალებმა, თითების მსგავსად რომ იშვერენ ჰაერში სახლებს, ქვიანი ენით რომ ლოკავენ ახალ ეპოქას კარამელივით. მოირგე ჩემი კიდურები! და გზა, რომელიც დატეხილია ოთხივე მხარეს, ფეხისგულებზე უნდა აიკრა. ჰერ C. M. Schröder, ჩემთან დატოვე ეგ მტვრიანი, შავი წაღები! დაბრუნებამდე გადაგინახავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი