ევრიდიკე
იარე ნელა! და წყლის ზედაპირს აღარასდროს შეავლო თვალი, ნუღარც სარკეებს დააკვირდები უცხო ოთახში, სხვადასხვა ნივთებს რომ ყლაპავენ მოუნელებლად. ნუღარც ტყეები გაგახსენდება. იყო დრო, როცა თქვენ სახლობდით მზიან ადგილას. მაშინ ხმაური და სიტყვები არ არსებობდა და მისი ხორხიც ბადესავით იჭრდა ხოლმე შენი სახელის ყველა ბგერას, როგორც ჭრელ თევზებს. ახლა კი ნელა უნდა იარო ფხვიერ მიწაზე, ამღვრეულ ტბებში გადაყარო მოჭრილი თმები. ზოგჯერ ძნელია გამოიცნო წითელი ფერი შენი თითების ნაკვალევია თუ საშოშივე დამხრჩვალი ბავშვის. უნდა ისწავლო მანძილები მის ხერხემლამდე, ნოტიო კლიმატს მიაჩვიო შენი სხეული, თორემ მთლიანად გამოგაშრობს უსახლკარობა. იყო დრო, როცა თეძოებზე ოფლი გდიოდა და სახურავზე ჩიტებივით ისხდნენ თვეები. ის კი ვერასდროს ვერ ხვდებოდა, სქელი ხეები, სახლის უკან რომ არ ხარობდნენ, ხელისგულებზე გადმოგირგეს დაუკითხავად. იარე ნელა, დაკოჟრილი, შიშველი ტანით! არა გრძელ გზაზე, არა მისკენ, არამედ უკან
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი