...მაშინ სიტყვები იყო ქაღალდის


მაშინ სიტყვები იყო ქაღალდის, –
რკინის მაკრატლით გამოჭრილი
და გამურული კორპუსების სახურავიდან
ფრანის მაგივრად გაშვებული მეორე მხარეს,
დიდხანს რომ იფრენს ქარიან დღეს
პერიფერიულ დასახლების თავზე და ბავშვებს
ანგელოზები მოაგონდებათ საშობაო ბარათებიდან.
სინამდვილეში კი ანგელოზებს
გაცილებით მკაცრი სახე აქვთ,
ვიდრე მისალოც ბარათებზე ხატავენ ხოლმე,
თუმცა ჩვენ უკვე აღარ ვფიქრობთ ანგელოზებზე,
რადგან ჩვენ ყველა მფრინავ საგანს გადავავიწყდით დიდი ხნის წინათ,
როცა დღეები დაემსგავსა მუყაოს სახლებს თოჯინებისთვის.
ჩვენც იქ ვცხოვრობდით.
მაშინ მე და შენ გვერქვა სახელი
და უმარტივეს თამაშს ვსწავლობდით განსხვავებული სახელწოდებით.
მაშინ სიტყვები იყო ქაღალდის
და გაჭვარტლული სახურავიდან
მაინც შემეძლო გამეფრინა შენი სახლისკენ,
ახლა კი,
როცა შენ "ერთ-ერთი" ხარ,
მე კი - "არავინ",
ქარს გაუჭირდა სიტყვის ზიდვა
ჩემი მართკუთხა მაგიდიდან შენს ლოგინამდე…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი