გრეტელი
ამ ადგილიდან ყველა სახლი წერტილად მოჩანს. საკვამურიდან სიტკბოება კვამლად ამოდის. ხელს თუ შეახებ, შენც აგყვება ნამცხვრების სუნი – თითისოდენა მარციპანის თეთრი სახლების... საღამოობით იმ ნივთებს ვრწყავ, შენ რომ დატოვე, მცენარესავით ავაყვავო უნდა ზამთრამდე. კედლის ღრიჭოდან მარტოობა წყალივით წვეთავს – მეგაპოლისის ვირუსია... რაც გინდა ის თქვი – დამთხვევაა ჩვენი სიზმრებიც, რაც გინდა ის თქვი, მსგავსებაა ამ ბგერებს შორის. ვერაფერს მეტყვი, მწყურვალივით გაახელ თვალებს, საწვიმარ არხში სიტყვებს ვახრჩობ, რადგან ტბა დაშრა და ტყეები შეჭამა ცეცხლმა, რადგან ტყეები არ არსებობს, ხეებიც გაქრა, და ასანთის ღერს ხელში ვმალავ, როგორც სინათლეს უღრან ტყეში კუდიანისგან. რაც გინდა ის თქვი, სანახევროდ გაგიგებ მხოლოდ, და შენც ნახევრად იტყვი რამეს შენთვის, ჩურჩულით. შემოდგომაზე ნახევრად ჩანს კენჭების სახლიც, სადაც შენ უნდა დაგეძინა ტყის სუნით თმაზე, სადაც მე უნდა მომეძებნე ხორბლის მარცვლებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი