როცა მიდიან


ტანსაცმლით ვწვებით –
ჩექმები, კაბა, ყველაფერი ტანზე მაცვია.
ვეღარაფერი ვერ გაათბობს გაყინულ კედლებს,
ძველისძველ ნივთებს მტვრად დაედო სხვების ცხოვრება.
თითებით გეძებ, სიბნელეა.
ქრებიან გზები ფანჯრებს მიღმა,
შორს კი ტბა მოჩანს გვამებით ფსკერზე,
უფრო შორს სახლი,
იმის იქით ნისლი ჩამოწვა,
ალბათ დილამდე ასე იქნება...
ტანსაცმლით ვწევართ –
ფერად ჩიტებს თმაზე მამაგრებ,
მკვდარი პეპლებით ვაჭრელებთ ზეწარს.
ეს ძველი ტახტიც საკმარისია სიყვარულისთვის.
ცეცხლს ვანთებთ თოვლში –
გავყრით აჩრდილებს,
დღეს ეს სხეული ლითონია, არ დავიწვები,
კუდიანივით ხის ძელზეც რომ მიმაკრა ძუით,
კანს თუ მომაფცქვნი, მხოლოდ წყალი გადმოიღვრება,
დავიტბორებით.
ტანსაცმლით ვწევართ...
ამ ოთახში ცხოვრობენ სხვებიც,
გვითვალთვალებენ.
რა ხმაურია!
მოურიდებლად სახურავზე დააბიჯებენ,
ირხევა ჭერი...
ლამისაა მიწისქვეშეთს გადავეყლაპოთ.
თითქმის ჩურჩულით გეუბნები “მინდა გიყვარდე...”
ჩურჩულით...
თითქმის...
გველეშაპივით ცეცხლს აფრქვევენ შენი ბეჭები,
შენ აღარ გესმის ჩემი ენა.
გათენებასაც აღარ ვუცდით, გარეთ გავდივართ.
სისხლი მთლიანად მაგ ცივ ოთახს მივეცი ვახშმად,
კედლის ღრმულებში ჩავუწურე ბროწეულივით,
“გეყოთ? გაძეხით?” – გეკითხებით,
ფეხისგულებზე ნემსებს მარჭობ... –
თერაპიაა ესეც ერთგვარი,
იქნებ თქვენს მხარეს ასე იციან,
იქნებ წესია, რიტუალია წინაპრებისგან.
რა მსუბუქია სატარებლად, ფრანივით მიმაქვს,
საკმარისია ხელი გავუშვა, ნისლი ჩაყლაპავს.
რა ადვილია მთელი წელი შენთვის ატარო,
მაინც არავინ მიგიხვდება, არავინ გკითხავს,
რისი ბრალია კანს სილურჯე თუ შეეპარა, -
ბალას ტილოს გავს,
ხის ცხენივით უსარგებლოა.
ნეტა იცოდე, რა მჩატეა ზოგჯერ სირცხვილი,
როგორც ზამთარში გადამფრენი ჩიტების ფიქრი სამხეთულ ცაზე.





შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი