ოცნება საქართველოზე


სანდრო ცირეკიძეს

დავიწყებული ძველი ფონები
და ნანგრევები დიდ ციხეების:
ჩვენი დიდება მოსაგონები,
ფართო ჩრდილები ცაცხვის ხეების.
შედიხარ ჩუმად, გრილი ტაძარი...
მოთაფლისფერო სახე მამების;
და საცეცხლურში ცოტა ნაცარი
და შავი ხატი წმინდა სამების.
ნიშანი ბედის _ კარზე ნალები,
სახურავები დახავსებული
და ღვთისმშობელის მოგრძო თვალები
უმანკო სევდით ამოვსებული.
ო, მაგ უნაზეს მკლავების სითბო
და მარგალიტისფერი სხეული
წარსულზე ფიქრით ოცნებას მიტკბობს _
გულში რომ არის ჩამონთხეული.
ოღონდაც ერთხელ მაინც მენახა
შენი მანდილის მაღლიდან რხევა,
გამევლო ღამით ჩუმი ვენახი
და კოშკის კარი გაეღო მხევალს...
დღეს, როცა მინებს წვიმა ასკდება
და ტვინს მიბურღავს მწუხარე ფიქრი, _
ჩემი ოცნებაც გედივით კვდება
და იფარება სათუთი ფიფქით.
კრწანისის ახლოს ყიოდა გედი,
ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს...
სხვა რა მოხდება იმაზე მეტი,
რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს?!
დიდ გზასთან
პატარა ღრუბელს, დარჩენილს მარტოდ,
მისდევს სილაზე მსუბუქი ჩრდილი
და მთელი არე სუფთა და ფართო
სუნთქავს დამტკბარი მზითა და დილით.
და თითქოს წამით, წვეთად ქცეული,
ზეცა და სივრცე გულში მეღვრება!
სითბო, მაღლიდან გადმორხეული
მიწას და სხეულს ჩემსას ეკვრება.
თვლემს ყოველივე, ნიავი გრილი
სხივებს აჟღერებს ოქროს სიმებად.
ვზივარ უძრავად, ვარ თავდახრილი,
დიდ გზას გავყურებ და მეღიმება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი