ფიქრი კრწანისზე და მანანა ორბელიანზე
განა არ ვიცი, განა არ ვხედავ, რომ სხვა დროების ჩამოდგა ჯერი?! მაგრამ რად მტანჯავს ეს ფიქრი ნეტავ, და, რაც არ მოხდა, ის რატომ მჯერა? როცა ბრძოლების დაჰქროდა ქარი, როცა კოშკიდან კრთოდა მანდილი _ მაშინ დაშნების რეკავდა ზარი, და სულ სხვა იყო გულის წადილი!.. კრწანისის ახლოს ჰყიოდა გედი, ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს... სხვა რა მოხდება იმაზე მეტი _ რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს? მაშინ ეგ სახე მენახა ნეტავ, ნეტავ შენი ხმა მე მომესმინა, როცა ტიროდა ქართველი დედა იქ, სადაც სამას არაგველს სძინავს! ო, მაგ უნაზეს მკლავების სითბო და მარგალიტისფერი სხეული წარსულზე ფიქრით ოცნებას მიტკბობს _ გულში რომ არის ჩამონთხეული. ოღონდაც ერთხელ მაინც მენახა შენი მანდილის მაღლიდან რხევა, გამევლო ღამით ჩუმი ვენახი და კოშკის კარი გაეღო მხევალს... დღეს, როცა მინებს წვიმა ასკდება და ტვინს მიბურღავს მწუხარე ფიქრი, _ ჩემი ოცნებაც გედივით კვდება და იფარება სათუთი ფიფქით. კრწანისის ახლოს ყიოდა გედი, ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს... სხვა რა მოხდება იმაზე მეტი, რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი