ნინო ჩხიკვიშვილი-კოლაუ ნადირაძე (მოგონება)


პირველად კოლაუ ნადირაძესთან 19 წლისა მივედი. ეს შეხვედრაც რაღაც შემთხვევით მოხდა _ უნივერსიტეტში მწერალთა წრის მდივანი ვიყავი და ერთ-ერთ საღამოზე რეზო მიშველაძემ მითხრა, რა კარგი იქნებოდა კოლაუ ნადრაძესთან რომ წასულიყავი და ინტერვიუ გაგეკეთებინა; ახლა მისი კრებული გამოვიდა _ «რაც ლექსად ვერ ვთქვი» _ და იქნებ ამ წიგნზე ესაუბროო. ამ რჩევისთვის დღემდე მადლიერი ვარ ბატონი რეზოსი, ის რომ არა, აბა მე რას მივიდოდი კოლაუსთან? ეგ კი არა, ხეირიანად არც კი ვიცოდი, ვინ იყო კოლაუ ნადირაძე. მერე შინ როგორ მიმიღო, არ იკითხავ? ტელეფონზე რომ ვუთხარი _ ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და თქვენთან ინტერვიუსთვის მოსვლა მინდა-მეთქი, ისეთი მკაცრი ხმით მკითხა, კომუნისტი ხომ არა ხარო, რომ კინაღამ ყურმილი დავკიდე და გავჩუმდი. ეტყობა, სიჩუმემ გააბრაზა და ისევ გამიმეორა მკაცრად _ რა ვერ გაიგეთ, კომუნისტური პარტიის წევრი ხომ არა ხარო? არა, ბატონო კოლაუ-მეთქი, ვუთხარი. აბა, მაშინ მოდიო… ჰოდა, რომ მივედი, ერთხელ ისევ «გადაამოწმა», კომუნისტი ხომ არ ვიყავი და რომ დარწმუნდა არ ვცრუობდი, მხოლოდ ამის შემდეგ მიმიღო. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და მე და კოლაუ ნადირაძე ძალიან მალე დავმეგობრდით და იმ დღიდან მოყოლებული, ვიდრე მის გარდაცვალებამდე, ალბათ კვირა არ გავიდოდა, მასთან რომ არ მივსულიყავი.
იცით, ახლა ძალიან ვნანობ ყმაწვილური დაუდევრობით რომ მოვიქეცი და ბევრი რამ უფრო წვრილად არ ჩავიწერე მისი ნაამბობიდან. ვთქვათ, პაოლო იაშვილის უკანასკნელი ღამე. იგი ხომ მართლაც ცოცხალი მემატიანე იყო. მეტად პრინციპული და გამორჩეული. ბატონი კოლაუ ინახავდა იმ გარდასული ეპოქის სულს, რომელმაც ვფიქრობ, დღემდე მოიტანა საქართველო. ეროვნული მოძრაობა ახალი დაწყებული იყო და 1989 წელს ჩვენი ქართული, პატარა, სამფეროვანი დროშა რომ ვაჩუქე, ძალიან გაიხარა. შემდეგ მისი მეუღლე _ ქალბატონი ნორა მომიყვა: 26 მაისს დემონსტრანტებმა, რომ ჩაიარეს ჩვენს სახლთან, კოლაუ ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და შენი ნაჩუქარი პატარა დროშა ააფრიალაო!
აი, როგორი იყო კოლაუ, და ახლა თუ არ გამაჩერეთ, შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო მასზე; ამიტომაც თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ მოვჭრი. რაც შეეხება მის შემოქმედებას, კოლაუ ნადირაძის ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ გადაეჯაჭვა ქართული სიმბოლისტური სკოლის არსებობას. პოეტმა შეძლო, საუკუნის დასაწყისისა და დასასრულის ლიტერატურულ პროცესებს შორის უწყვეტი პოეტური ძაფი გაება და სიახლისადმი დაუსრულებელი ლტოლვა ცსოვრების ბოლომდე შეენარჩუნებინა. მან თავის თავში ორი პოეტი გააერთიანა: ერთი სიმბოლისტი, მეორე კი, ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციების ჩინებული გამგრძელებელი.
ჰო, იყო თუ არა კოლაუ ნადირაძე ისეთი დაფასებული, როგორც უნდა ყოფილიყო? სწორედ ამის შესახებ აკაკი ბაქრაძე ბრძანებდა: ჩვენ ვალში ვართ ამ შესანიშნავი ლირიკოსის წინაშეო. მაგრამ კრიტიკის ასეთი დუმილი და ლამის სრული იგნორირება, ვფიქრობ, ერთი მხრივ, იმანაც განაპირობა, რომ ქართველები ვართ, საქართველოში ვცხოვრობთ და კოლაუს არ აპატიეს გალაკტიონისადმი ასეთი დამოკიდებულება (კოლაუ გალაკტიონს, როგორც დიდი პოეტს, არ სცნობდა და თვლიდა, რომ არა ცისფერყანწელთა სკოლა, გალაკტიონი არ იქნებოდა იმ რანგის, იმ სიღრმის პოეტი როგორიც იყო) _ ეს ერთი.
მეორე მიზეზი მისი ჩრდილში ყოფნისა მისი ასკეტური ხასიათი გახლდათ. ის ისეთი უკომპრომისო იყო, რაღაცით, ხასიათის ბევრი თვისებით, შეიძლება ვაჟა-ფშაველასაც კი შევადაროთ.
და მესამე და უმთავრესი _ კოლაუ ნადირაძეს ყოველთვის ჩრდილში უყვარდა დგომა, არც ყანწელთა დროს გამოირჩეოდა რადიკალური გამოსვლებით, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ძლიერი მუშტი ჰქონდა და ყველა უფრთხოდა მასთან გაპაექრებას, ცდილობდნენ, საქმე დარტყმამდე არ მისულიყო.
მახსოვს, ერთხელ მითხრა _ იმ დღეს ტროლეიბუსიდან დავინახე, ვიღაც კაცი ქალს ურტყამდაო და ტრანსპორტიდან ვერ ჩამოვხტი, თორემ იმ კაცს ვუჩვენებდი სეირსო (ამ დროს კოლაუ უკვე 90 წლის იყო). მე მაშინ სიტყვა შევუბრუნე და ვუთხარი _ თქვენ რა იცით, იქნებ, ის ქალი-მეთქი, და არ დამამთავრებინა, გაბრაზდა, როგორ შეიძლება, რაც არ უნდა იყოს, კაცმა ქალზე აღმართოს ხელიო?! აი, როგორი იყო კოლაუ ნადირაძე და, სხვათა შორის, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ იგი წარმოშობით სვანია; ამაზე ის ხშირად არ საუბრობდა, მაგრამ ერთხელ მომიყვა თავისი გვარის წარმოშობის ამბავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი