აპოლოგია რუსთაველისა (1)


შვიდი საუკუნის მანძილზე იდგა ბნელში ქართული პოეზიის იგავმიუწვდომელი ორფეოსი, პოეტთა შორის ბრძენი უდიდესი, ბრძენთა შორის მოძღვართ-მოძღვარი.
არც ერთ სახლს ამშვენებს მისი სახელის მემორიული დაფა, არც რომელიმე აკადემიის წევრად აურჩევიათ იგი ოდესმე, არც თუ დაფნითა და მუხის ფოთლებით შეუმკიათ მისთვის შუბლი თანამედროვეთ.
იგი ხელიდან გასხლტომია მემატიანეთა ყურადღებას და ვინ იცის, ბიოგრაფები შესძლებენ თუ არა თარიღების სალტეში მოაქციონ ოდესმე მისი აქ მოსვლის და იდუმალი გაუჩინარების ამბავი, ხოლო ქმნილება მისი დღესაც სძევს ჩვენს წინაშე, როგორც უპირატესი თავკიდური ქართული პოეტური კულტურისა, მომდევნო თაობათა პოეტებისათვის გარდაუვალი ბარიერი, ენათმეცნიერთათვის თავსამტვრევი საგანი, ისტორიკოსთათვის გამოუცნობელი მეტეორიტი.
ბიოგრაფებსა და მკვლევარებს მიასწრო ხალხის ხსოვნამ მის სახელამდის, ამავე ხალხმა შექმნა ლეგენდა ლეგენდა ათინიდან შინმობრუნებული ობოლი ჭაბუკისა, უიმედოდ გამიჯნურებული და უკვალოდ გადაგებული ჩანგოსანი რაინდის გამო.
შორიდან, ძლიერ შორიდან მოისმის ეს ამბავი, როგორც სულზე უტკბესი მუსიკა, რომელიც ჩვენს გონებას არას ეუბნება, მაგრამ უნებლიე სურვილი მებადება მაინც, მისი უცნაური ცხოვრების გაუშიფრავი ლეგენდა მარადჟამს შერჩეს ქართველი ხალხის მეხსიერებას, როგორც უჩვეულო რამ ნათელის გაელვება საუკუნეთა უმთვარო ღამეში.
ჟამის უწყალო გრიგალებმა შელეწეს მისი თანადროული საქართველოს ბასტიონები, მეფეთა, ერისთავთა და ქორიკოზთა დროშები ბრძოლებში დაიფხრიწა, სამთავროთა სამანები თავდასხმებმა წარხოცეს, მეფეთა ტახტები ურდოებმა დაამხვეს, გვირგვინები სათეატრო ბუტაფორიად ქცეულან, კანონები _ მკვლევართა საკითხავად, არხები ჯოჯოთა და კოღოთა საუფლოდ, ქარავნების მიერ დატკეპნილი მსოფლიო გზები კაჭაჭს მოუცავს, მაგრამ ჟამთა სიავემ ვერ შემუსრა რუსთაველის სტროფების სილბო და სიმტკიცე.
მისმა ჯადოსნურმა არფამ საწერად დასვა ქედმოდრეკილი გადამწერლები, მიმბაძველთა მთელი თაობანი ფეხზე დააყენა, მანვე აამღერა რაინდი და პოეტი, მწყემსი და გლეხი, მეომარი და მიჯნური და ეს ხმა საუკუნეთა მანძილზე თანდათანობით შეერწყო ხალხისას და ამიტომაც იკარგება ხშირად სამანი მასსა და ხალხურ პოეზიას შორის.
სწორედ ამიტომაც რუსთაველის პოემა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე საკრალური მწერლობა, უფრო გამართობელი, ვიდრე ზღაპარი, უფრო ძვირფასი, ვიდრე სამკაული პატარძლებისათვის პირის სანახავად მიტანილი; ამიტომაც ამკობდა იგი მრავალი საუკუნის მანძილზე ქართული მზითვისწიგნების რეგისტრს.
რუსთველის ლექსი უფრო მეტია, ვიდრე შაირი, უფრო ღრმა, ვიდრე დიდაქტური ფილოსოფიის შეგონებანი, რადგან იგი პოეზიისა და სიბრძნის სამანზე იყო გამიზნული.
სამანზე მდებარე ყოველივე უცნაური ყოფილა მუდამ, ამიტომაც უპირველესი გრძნობა, რომელსაც ეს პოემა აღძრავს კაცის გულში, ეს არის გაოცება.
გაოცებაა ყოველივე შეცნობის ანი და ჰოე, რადგან სამყაროს წინაშე გაოცებამ გამოიწვია პირველი ამღერება მიჯნურისა და პოეტკაცისა.
ასე ყოფილა მას შემდეგ, რაც პირველ მოისარს ჩანგი აუღია ხელში, კაცობრიული კულტურის სალაროს მხოლოდ ისღა შერჩენია, რაც თანადროულსა და მარადიულს თანაბრად წასდგომია.
სწორედ ამიტომაც გვაოცებს რუსთველი დღესაც, ჩვენ, დიდი ეპოქების გამოცდილებებით დატვირთულთ, ბნელი საუკუნეებისაგან მონაგარი სიბრძნის თანაზიართა, ჩვენ, პიეზოელექტრობის, ატომგულის, რადიის, გასაოცარი ქიმიის, ფენომენური ავიაციის სასწაულების მაცქერალთ, ჩვენ, კლასსური და იდეოლოგიური კონტრასტების მიერ წარმომსდგარ კატალიზმების გადამტანთ, და რუსთველი გვაღელვებს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი უკიდურესი პროვინციების კოლმეურნეებს, მწყემსებსა და მონადირეთა, რომელთაც ჯერაც მხოლოდ შორიდან თო დაუნახავთ რკინისგზებისა და ქარხნების ბოლი.
იგი აოცებს მათაც, ვინც ჯერ არ იციან რ აიმ სიბრძნისა, რომელსაც მსოფლიო აკადემიები, უზარმაზარი ლიტერატურე, საროტაციო მანქანები და პრესსა, საერთოდ ინტელექტის ქიმია აწვდის ადამიანის გონებას.
უდიდესთაგან უდიდესი ხელოვნება ამაში გამოხატულა მარადჟამს: ურთულესის უმარტივესი საშუალებით გადმოცემა, გამოუთქმელის, უფსკრულში მიჩქმალულის სამზეოზე გამოტანა, უმაღლესის მიერ შენიშნულის უმდაბლესის გონების ლერწზე დამყვნა და უღრმესი სიბრძნის ნათლადჩენა უბირთაგან უბირისათვისაც.
ან ვინ შეედრება სიმაღლეს იმისას, ვინც უზესთაესის მწვერვალიდან უმდაბლესამდის ხმას აწვდენს, ვინ შეედრება სინათლეს იმისა, ვინაც ჩვენი ბუნების ღამითი მხარეების წაუსაფრებლად ნათელს ჰფენს უმრუმესს, ვინ შეედრება დიდოსტატობას იმისას, ვინაც უდიდესს სიბრძნეს უმარტივესი სიტყვით გვასწავლის, კი არ გვასწავლის, არამედ გვანიშნებს და ყოველ კაცს, ვისაც მისი გენიის ემანაციის შუქი მისწვდენია, ასე აფიქრებინებს, თითქოს ქმნილება მისი თამაშითა და ლაღბობით იყოს შენაქმნი.
ან ვინ გაუტოლდება გენიას იმისას, ვინც ყოველ კაცში შემოქმედს აღვიძებს და ყოველ შემოქმედში ნამწიფებს ოსტატს.
ასეთია რუსთველის გენია.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი
TOP.GE