აპოლოგია რუსთაველისა (2)


რამდენი აკადემია იღწვის მსოფლიოში ჰომეროსის, დანტეს, შექსპირისა და გოეტეს კომენტირებისათვის, მიუხედავად ამისა, ესენი დღესაც მხოლოდ სანახევროდაა საშუალო მკითხველისათვის ხელმისაწვდომი.
არა მარტო ძველად, არა ერთმა კოლმეურნემ, ქალმა და კაცმა ზეპირად იცის “ვეფხისტყაოსანი“ საქართველოში დღესაც.
რუსთაველს ამდენი შუაკაცები არ დასჭირვებია არასდროს, ხელმისაწვდომს მის პოემაში უკომენტაროდ იგებდა და იზეპირებდა ქართველი ხალხი, ხოლო დანარჩენს ისე ითვისებდა, როგორც ინდოეთის ხალხები უფანიშადების ალოგიურ ჰიმნებს.
რუსთაველი იყო არა მარტო ფუძემდებელი ქართული პოეზიისა (ლიტერატურათა ფუძემდებელნი სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ხალხში მეორეხარისხოვანი ტალანტებიც ყოფილან), არამედ ქართული პოეზიის უწარჩინებულესი მამფალი, არა მარტო უბადლო მეტრი დიდოსტატობისა, არამედ დიდი შემკრები ქართული მეტყველებისა, ქართული ენის მაღალი კანონმდებელი და შეუმუსვრელი დუღაბი ქართული ენის კულტურისა.
ომსა და ჭირში, ნადიმსა და ლხინშიქართულ ენაზე მეტყველი მისგან სესხულობდა დღენიადაგ მხნეობას. ვინ იცის, რამდენი ვაჟკაცი გასულა რუსთაველის თქმისაგან გულმოცემული მამულის მტრების წინააღმდეგ საომრად, რამდენი მეომრისთვისვე ნუგეშუცია მასვე ბრძოლის ველზე, სულის ამოხდომის მძიმე წუთებში.
როცა ბარბაროსები შემუსრავდნენ სხვადასხა კერას ქართული კულტურისას, როცა ფოლიანტების სახელმწიფოს ნანგრევებს ქვეშ მოაქცევდნენ, გუტენბერგის გენიოსური გამოგონების ჩვენთან მოღწევამდის, ქართველი ხალხის მეხსიერება ინახავდა ჩვენთვის მისი სტროფების ჯადოსნურ კრიალოსანს.
ხომ სე ჰყავდა იგი გულში ამოჭრილი ქართველ ხალხს, მიუხედავად ამისა, რუსთაველი უაღრესად საყვარელია არა ქართველთათვისაც და უაღრესი მნიშვნელობის მსოფლიო კაცი.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი