აპოლოგია რუსთაველისა (3)


გეოფრაფიული ორიენტაციის მიხედვით რუსთაველი აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამანზე დგას, არა მარტო იმიტომ, რომ ფაზისი ევროპისა და აზიის მიჯნად მიაჩნდათ ძველბერძენ ავტორებს.
მისი სენსორული მსოფლშეგრძნება უფრო აღმოსავლურია, ხოლო ფორმათქმნაში და თქმის ტემპერამენტში იგი ძველ ბერძენ დიდოსტატებს უფრო გვაგონებს.
ეს უკანასკნელნი მუდამ აფრთხილებდნენ ხელოვანს:
არც ზომაზე მეტი და არც ზომაზე ნაკლებიო.
წრესგადასული ენტუზიაზმის გამჟღავნება მავნებელია ხელოვნებაში, როგორც დაუოკებელი გრძნობიერები გამოჩინება, რადაგან ორივე შემთხვევაში ბანალობის საფრთხე უდარაჯებს შემოქმედს.
ზომიერება იყო სწორედ ძველბერძნული ხელოვნების ანი და ჰოე.
ამის მეოხებით მოსძებნეს ბერძნებმა ისეთი ფორმები ხელოვნებაში, რომელნიც შემდეგ საუკუნეებშიც მიუღწეველი დარჩაროგორც პოეზიის, ისე სკულპტურისა და ხუროთმოძღვრების დარგში.
ეს პრინციპი უწინარეს ყოვლისა სივრცის შეგნებიდან გამოდიოდა.
ძველბერძნებმა იდეალური პროპორციები შეჰქმნეს ადამიანისა და ბუნების ყოველგვარ განსახიერებაში.
მათი სასახლეები, ტაძრები და გემები ისეთსავე ჰარმონიულ ფორმებში იყვნენ აგებულნი, როგორც მათი ლექსები, ქანდაკებები და სურათები.
მონუმეტალურობას არასოდეს მონსტრუალობაში არ ურევდნენ ძველი ბერძნები, ისე როგორც ჩვენს დროშიაც ემართება ბევრს.
აკროპოლისის მუზეუმში, რომში, მწკრივად დალაგებულია ცალკერძ ფიდიასის, პრაქსიტელისა და უცნობი ბერძენი ოსტატების მარმარის ქანდაკებები, ცალკერძ რომაელი ეპიგონების გაჯგიმული ჰერმესები, ვენერები და აპოლონები, ეს რომაული მონსტრუალობა პანოპტიკუმის ექსპონატებს მოგაგონებს მჭვრეტელს.
ეს მონსტრუალობა ახასიათებდა არა მარტო რომის, არამედ ირანისა და ინდუსტანის ხელოვნებასაც.
მე მგონია, გოეტეს დიდკაცური თავმოდრეკილობა ამეტყველებდა, როცა იგი ირანელ პოეტებს აყენებდა თავის თავზე მაღლა.
აღმოსავლეთის ხელოვნებაში უეჭველად თვალში ეცემა კაცს ეს მონსტრუალობა.
როცა შემოქმედს სივრცის პროპორცია აკლია, როცა მას სიტყვისა და ფერადის ეკონომია ეუცხოება, ხელოვნური ქმნილების ორგანიზმსაც დისპროპორციული სახსრები ექნება და სწორედ ისაა გაზვიადების მანიის სათავე.
ეს ჰიპერბოლიზმი თანა სდევდა მაჰაბჰარატას ციკლურ პოემებს, ირანულ “შაჰნამეს“ და არაბულ “ათას ერთი ღამის“ ნოველებს.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი