აპოლოგია რუსთაველისა (5)


მსოფლიოს დიდ პოემათა შორის ყველაზე ტანმორჩილია “ვეფხისტყაოსანი“, თუმცა იგი მთელი მაშინდელი სიტყვიერი კულტურის უბადლო სარკეა, და ამას ახერხებს იგი, რადგან პოემაში დაცულია რომანული ქარგის მათემატიკური კანონზომიერება და ამავე დროს ავტორი უაღრესად აფორისტული მანერით კუმშავს და ამკვრივებს სათქმელს.
აფორისტულ მეტყველებაში რუსთველი შეუდარებელია.
ასევე უნიკალურია რუსთაველის რითმიული ინსტრუმენტი.
როგორც ძველი აღმოსავლეთის, ისე ანტიური პოეზიის უდიდესი შედევრებიძნიადსაკითხავია ჩვენს ეპოქაში.
ჩვენი საუკუნე სულ სხვა მოთხოვნებს უყენებს პოეტურ ნაწარმოებს და ეს ეხება უწინარეს ყოვლისა ფორმიას ქმნილებისას.
ანტიურ ერებს არ მოეპოვებოდათ ბოლორითმოვანი ლექსი, ბერძენთა ჰექსამეტრები უხმოდ საკითხავად როდი იყო განკუთვნილი, არამედ ხმამაღლა სათქმელად და სამღერლად.
ამიტომაც ჩვენს დროში ძნელი საკითხავია არა მარტო ანტიური პოეზიის ნიმუშები, არამედ გოეტეს “იფიგენია“, ჰერმან და დოროთეც.
რუსთაველის გენიამ შექმნა ისეთი უაღრესად ქართული ფორმა ლექსისა, რომელიც ზედმიწევნით იდეალურია როგორც უხმოდ საკითხავად, ისე წარსათქმელად და სასიმღეროდ.
თუ ჰომეროსის, ვირგილიუსისა და დანტეს ოემები ასე თუ ისე მონოტონურ რიტმულ პრინციპზეა აგებული და დიდ მანძილზე ღლის მკითხველის ყურადღებასმ რუსთაველის პოემაში მაღალი და დაბალი შაირი ენაცვლება ურთიერთს.
ეს მოვლენა მხოლოდ ახალ საუკუნეებში შეამჩნიეს დასავლეთის პოეტებმა და დიდ პოემებს ნაირნაირი რითმიული ინსტრუმენტი შესშველეს, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში გოეტეს “ფაუსტს“.
შუა საუკუნეებში, რუსთაველის შემდეგ ერთი საუკუნით გვიან, მხოლოდ დანტემ იხმარა ბოლორითმოვანი ლექსი დიდი პოემის დასაწერად.
დანტეს ტერცინი, ანუ “ტერცა რიმა“, სამსტრიქონიანი ლექსია, სამკეცი რითმით ურთიერთზე გადანასკვული და იამბური სტრიქონებისაგანაა მთლიანად შემდგარი.
ამ მხრით, ტერცინი გაცილებით უფრო ნაკლებად “დემოკრატიულია“, ვიდრე ხალხურ ქართულ შაირთან მისადაგებული ლექსი რუსთაველისა.
დანტეს უდიდეს ამსახურებად ეთვლება იტალიური ნაციონალური ფორმის მოძებნა და ჰეგზამეტრის დაძლევა, რამდენადაც ჰეგზამეტრის პრობლემა მე-18 საუკუნის მიწურულამდის აწვალებდა დასავლეთის პოეზიას. სამაგიეროდ დანტეს კომედია ფაბულურ მაგისტრალს მოკლებულია, მის პოემას არ მოეპოვება ისეთი სიუჟეტური ქარგა, როგორც ჰომეროსსა და რუსთაველის “ვეფხისტყაოსანს“, ამ მხრით ეს უკანასკნელნი უახლოვდებიან დიდოსტატობით დაწერილ რომანებს.
დანტეს პოემის დინამიურობის საწყისია რითმიული მუსიკალობა, ჰომეროსი და რუსთაველი კვალდაკვალ მისდევენ ფაბულურ ქარგას. სწორედ ამის გამოც, რომ თანამედროვე მკითხველი უკვე აღარ კითხულობს ხმამაღლა, თანადროული თანადროული მსოფლიოს ლირიული პოეზია იძულიებულია დღითიდღე დაუთმოს თავისი ოიზიციები მხატვრულ პროზას, საერთოდ ეპიკას. ბაირონის, გოეტეს, ლონგფელოსა და ვაჟა-ფშაველას მიერ შექმნილი პოემის ჟანრი თითქმის გადავარდა.
თავად ბაირონმა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამაოდ მოსინჯა გზა პროზისაკენ, ხოლო ჰაინრიხ ჰაინემ უფრო მძაფრად განიცადა ეს ტრაგედია, მან დიდხან ამაოდ იბრძოლა კლასიკორი პოემის აღსადგენად, მერმე პროზის ფონს დაუწყო ძებნა, მაგრამ ნარკვევის ჟანრს ვერ გასცილდა.
მარტოოდენ ლირიკა რომ აღარ ყოფნის უაღრესის დინამიურობით ღტკინებულ თანადროულობას, ეს კარგად ესმოდათ სიმბოლიზმის კორიფეებს: ბოდლერს, ვერლენს, შტეფან გეორგეს და რაინერ მარია რილკეს.
ამ უკანასკნელმა სიკვდილის წინ საერთოდ უარყო ლირიული ლექსი და ეპისტოლურ პროზას შეაფარა თავი.
ქართული პოეზიაც ეპიკისაკენ მიჰყავდა მუდამ რუსთაველის გენიას. დავით გურამიშვილმა შესძლო მე_18 საუკუნეში ეპიკური პოემის შექმნა, ეპიკისათვის გმირულად იბრძოლეს გასულ საუკუნეში ნიკო ბარათაშვილმა, ვაჟა-ფშაველამ, ილიამ და აკაკიმ და ზოგიერთმა თანამედროვემ. ჩვენი საუკუნის პოეზიასაც აქეთკენ ანიშნებს რუსთაველი.
თანამედროვე მწერლობას უდიდესი ზიანი მიაყანა უკანასკნელ საუკუნეში ევროპელი ფორმალისტების მიერ გავრცელებულმა თეორიებმა.
თავფარავანის ტბად დადგებოდა ის მელანი, რომელიც დახარჯეს მათ დასამტკიცებლად იმისა, თითქოს პოეზია გუდაფშუტა რითმების ოინბაზობა იყოს მხოლოდ.
სიმბოლიზმის, ფუტურიზმის, ექსპრესიონიზმისა და სხვა ლიტერატურულ “იზმების“ ქურუმებმამეორე მხრითაც ავნეს პოეზიას.
ეს იყო გადაჭარბებული მინიატურიზმი. როგორ სასტიკად დასცინის რუსთაველი ამ “ნადირთა მცირეთა მონადირეებს“, რომელთაც დიდი რბევის ატანა ვერ მოეხერხებინათ, სამაგიეროდ ას ლიტრა რკინას ღეჭავდნენ ტრაბახით.
ეს მინიატურიზმი და ეპიური იმპოტენტობა საფრთხეს უქადისმთელი ჩვენი ეპოქის ლიტერატურას, რადგან საუკუნე რომელმაც უდიდესი დირიჟაბლები აუშვა ცაში, გრანდიოზული არხების, ქარხნების, ბოლოს ოდიდესი კატაკლიზმების საუკუნე ბუნებრივად მოითხოვს დიდსა და მონუმენტურ ეპოსს.
რადგან ეპოქალური ეს იგივეა, რაც ეპიური.
ნაციონალური მწერლობა მხოლოდ მაშინ იქცევა ლიტერატურად, როცა იგი ეპოსის თავკიდურებს დაემყარება. ლირიული პოეზია აზიის, ავსტრალიისა და აფრიკის ნომადებსაც მოეპოვებათ, მაგრამ თავისთავად ლიტერატურა ეპოსიდან იწყება მხოლოდ.
“მაჰაბარატა“, “შაჰნამეს“, “ილიადასა“ და “ოდისევის“ ავტორები ხალხებისა და მათი კულტურების შეხლა _ შემოხლას, ომებსა და ყოფას გვიხატავენ, ასევე “ვეფხიტყაოსანში“ ერთი რომელიმე ნაციონალობის ანალები როდია აღწერილი, არამედ მთელი მისი თანადროული მსოფლიოს ინვაზიების, იმ საუკუნის ყოფის, ეთიკისა და მსოფლმხედველობათა ურთიერთთან შერკინების ამბავი.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი