Anno 1923
(1923 წელს გამოცემული გაზეთ "საქართველოს სამრეკლო"-ს მეთაური წერილი) ხვალ საქართველო ძველი ტკივილებიდან ახალი წლის იმედებისაკენ ხელს გაიშვერს. წელიწადი და საუკუნე არაფერს მისცემს ქვეყანას, თუ მას არაფერი აქვს თავის თავისთვის მისაცემი. ყოველი წელი ჩვენგან ელის თავის შინაარსს, ყოველი დრო ჩვენგან მოითხოვს ახალ სიტყვას და ახალ საქმეს. დრო თავისთავად ცარიელი სიტყვაა, იგი ჩვენს გარეშე არ არსებობს. დრო ცარიელი საწყაულია, რომელიც ჩვენგან ითხოვს მუდამ შევსებას. მოდიან სასტიკი და ულმობელი წლები, მოისწრაფიან პირგამეხებული საუკუნის მესაყვირენი. რაც უფრო წინ მიდის ადამიანის მოდგმა, მით უფრო რთულდება მსოფლიოს შეგნებისა და ბუნების დამორჩილების მაშინერია. დღეს არც ერთ ერთს არ შეუძლია იმით ამაყობა, რაც ის ყოფილა, დღეს ყოვეილ ერი იმით ამაყობს, რაც ის არის; არა წელთა დაზიდულობა იძლევა წონას, არამედ შემოქმედების ხელმწიფეობა. ძველ ქართულ პატრიოტიზმს წარჩინებული წინაპრების მანდატით მოჰქონდა თავი. ჩვენ უარვყოფთ იმ პატრიოტიზმს, რომელიც მხოლოდ წარსულს დაემაყრება. ჩვენ უარვყოფთ იმ პატრიოტიზმს, რომელიც წინაპართა მავზოლეუმის ჩრდილს შეაფარებს თავს. მკვდრები - რაგინდ წარჩინებულნიც იყვნენ - ცოცხლების მაგივრად ვერ ილაპარაკებენ. ჩვენ უარვყოფთ იმ რბილკანიან თაობათა იმედებს, რომელთაც ქალაჩუნური აღთქმებით მიაძინეს ქართული შემოქმედების სამერმისო იმპულსი. ჩვენ უარვყოფთ იმ თაობებს, რომელთაც ქართველ ერს გზა-კვალი აუბნიეს ქიმერიული იდეალებით. მოდიან სასტიკი და ულმობელი წლები! ადამიანის მოდგმა საშინელ ტკივილების კონვულსიებით იკაფავს გზას ახალი შემოქმედებისაკენ. ინგერვიან ძველი ციტადელები, ილეწება ძველი სამყარო და სამშვიდობოს მხოლოდ ის ერი გააღწევს, რომელსაც მავთულის ნერვები აქვს, პერსპექტივა არწივისა, გონებამახვილობა მაკიაველის. ვინ გაიმართლებს დღეს თავს იმითი, რომ ბარიერი მაღალია, დაბრკოლება - დიდი, კონკურენცია - აუტანელი. ბარიერებს იმიტომ აშენებენ მაღალს, რომ კარგი მოჯირითეების ვაჟკაცობა გამოჩნდეს, დაბრკოლებანი იმისთვის არსებობენ, რომ დაძლეულ იქმნან. კონკურენცია იმისათვისაა მოგონილი - უნიჭიერესი და უძლიერესი გამოაჩინოს. სისუსტე სხეულის უძლურობის შედეგია. მხოლოდ სისუსტე ატავიზმია. ვინ გაიმართლებს ამიერიდან თავს, რომ ისტორიის ფატალიზმმა 42 გრადუსზე მოაქცია და არა ოკეანის რომელიმე კუნძულზე. მოდის ათას ცხრაას მეოცდასამე წელი და ქართველობა ერთხელ კიდევ უნდა დაფიქსირდეს. დაფიქრდეს არა იმისთვის, რომ შეჩერდეს და უკან დაიხიოს, მხოლოდ იმისთვის, რომ ვეფხვისებური ნახტომი გააკეთოს წინ. დაფიქრდეს არა იმისთვის იჭვნეულივით, რომ შეყოყმანდეს, არამედ იმისთვის, რომ შეპყრობილივით წინ გაეშუროს. ყველაზე უფრო დაფიქრება გვაკლია ჩვენ. დაფიქრება ბუნებაში ღრმად ჩახედვაა და არა განზე თითის გაშვერა. ქართველობას მუდამ განზე თითის გაშვერა უყვარდა. ქართველი პატრიოტები მუდამ განზე თითს იშვერდნენ და ქართველობის გარეშე ეძებდნენ ქართველობის დამღუპველებს და ქართული ოჯახის წახდომისა და დაქცევის მიზეზებს. 1923 წელს ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენს თავს, ჩვენ ამიერიდან არც ხანგადასული ქალები ვართ, რომელნიც სასიძოების მოლოდინში არიან. შინაგანი გარდატეხა გვჭირდება ჩვენ დღეს. ყოველი მორალური გარდაქმნა მხოლოდ შინაგანი ხასიათის უნდა იყოს. არც სენტიმენტალური წუწუნი უშველის ვისმეს. სენტიმენტალობა დღეს მხოლოდ ღიმილს იწვევს. სენტიმენტალობა სისუსტის საწინდარია. არც დიდი საფრთხე გაამართლებს ვისმეს ჩვენზე გულს, რადგან ყოველ ერს მხოლოდ დიდი საფრთხისა და დიდი განსაცდელის პირისპირ შეუქმნია დიდი ღირებულებანი, დიდი საფრთხე და დიდი გასაჭირი უდიდესი მასწავლებელია, დიდი გასაჭირი - უდიდესი იმპულსი. ყოველი პიროვნება და ყოველი ერი მხოლოდ გასაჭირის გენიაში ქმნიდა. დიდი უბედობა დიდი ცეცხლია, თუ თქვენ გულში დიდი ცეცხლი არ გაღვივდა, ისე ფოლადი არ გადნება, ისე ბედი არ გამოიჭედება. ქვეყანა იმისაა, ვისაც ათასორას გრადუსიანი ცხუნვარების ატანა შეუძლია. მორალური შინაგანი გარდატეხა სჭირია უწინარეს ყოვლისა ქართველობას. ჩვენ ძველებური ქართული ურმებით ვერასოდეს ვერ მივეწევით ფეხმალ დროის პეგასებს. დრო მიფრინავს სიზმარს გადაყოლილივით. რადიო სადგურებმა ათასეული კილომეტრები გადალახეს. ერები იბრძვიან და ჰქმნიან აარ მარტო მიწაზე, მიწის ქვეშ, მიწის ზევით. იმ ერს, რომელიც მხოლოდ მიწის ზედაპირზე ახერხებს ორიენტაციას, დღეს არავინ გაუტოლდება, მას არავინ გაუყადრებს თავს. იმ თაობებმა, რომელთაც ქართველი ერის სადავეები ეპყრათ ახლო წარსულში, მათ ქართულ მიწაზე ორიენტაცია ვერ მოახერხეს რადგან ქართული მიწა მათ ვერ იცვნეს და უცხო მიწამ ისინი უარჰყო და არ მიიღო. მათ ქართული სული არ უდგათ სხეულში. მათ არ უყნოსვიათ სინოყიერე ქართული მიწისა და ამიტომაც ქართული მიწის პოხიერება მათთვის უცნობი დარჩა. ქართველი ინტელიგენცია დაძველებული იდეოლოგიის კარაბადინებით სწამლობდა ქართველ ხალხს. ქართველი ინტელიგენცია გიორგი ერისთავის კომედიის გმირს ჰგავად, რმოელიც ოდესაში ნახულ ნაძვების კვალობაზე უპირებდა ტოტძალოვან ქართულ ჭადრებს შეპარსვას. ათეული წლები უნაყოფოდ გავიდა და ქართველმა ინტელიგენციამ ვერ დაასრულა განყენებული პრინციპების დოღი. შედეგი ყოველ ჩვენთაგანისათვის თვალსაჩინოა დღეს. წაქცევაზეა მიმდგარი ქართული თეატრი, ცხოვრებას და თანადროულობას ჩამორჩა ქართული ლიტერატურა, უპატრონოა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. დრომოჭმულ დოგმებში გაყინულია ქართული ეკლესია. სრულ ლიტურგიულ ძილშია ქართული საზოგადოებრივი აზრი (უკეთ რომ ვსთქვათ, არც არსებობს ასეთი რამ დღეს საქართველოში). მთელ რიგ ქართულ კულტურულ დაწესებულებაში მოკალათებულა ხერხემალგამშრალი აბულიით სნეული მეთაურები. უიმედოა ქართული ახალ თაობის მომავალი. ახლო წარსულშიაც ჩვენი თაობები იზრდებოდნენ და ამას ზრდა როდი დაერქმევა (ცნება ზრდილობისა უცილოდ შეიცავს განვითარების ცნებას). ჩვენი წინამორბედი თაობების ზრდას უფრო "ვეგეტაცია", მცენარისეული ზრდა თუ ეწოდება. ქართველი კაცი იზრდებოდა ოჯახის, სახელმწიფოს, ლიტერატურისა და ეკლესიის ტრადიციების გარეშე. კულტურული ადამიანის პიროვნება დადაღუილა აღნიშნული ფაქტორების ზეგავლენით, ამით განირჩევა იგი უტრადიციო, უზნეო, ურწმუნო ველურისაგან. მოდის წელი ახალი, განახლებას ითხოსვ ქართული ოჯახი, ქართული ლიტერატურა, ქართული საზოგადოებრივი შეგნება. ნაწილი ჩვენი მეთაური ინტელიგენციისა წალიწადზე მეტია, სრულიად ხელჩაქნეულია; ნაწილი - ეგოისტური ცხოვერბის დოღში ჩაება: მას არ ანიტერესებს არც ქართული გაზეთი (იგი სავსებით გადაეჩვია კითხვას), არც ქართული თეატრი, არც ქართული ლიტერატურა. ერთი ნაწილიც ელტვის, ვიდრე ოქროს მთები ზღვის გაღმიდან აიყრებიან და ჩვენთან მოვლენ. მოდის ახალი წელი და იმედების ახალი პლანეტები მოექანებიან ჩვენსკენ. ერის საჭეთა მპყრობელებს კი დიდი სიფხიზლე და ნერვების დაჭიმვა სჭირდებათ - ვინც ზეზე მდგარი კუთებდაჭიმული არა სდგას კოფოზე და არ მართავს თავის ბედის ტაიჭებს, მას უთუოდ გადაუბრუნდება თავისი ეტლი, იგი უსათუოდ ასცდება თავის ბედის ცდომილს. არც ისე უიმედოა ჩვენი მომავალი, არც ისე უჩინოა ჩვენი ბედის ვარსკვლავი. ქართველობას დიდი ამოცანები მოელის წინ. დასავლეთის დიდი ცივილიზაციისა და კულტურის ცეცხლოვანი ეტლი უახლოვდება ჩვენი სამშობლოს საზღვრებს. უახლოესს მომავალში ქართველობამ უნდა იკისროს ამ ახალი კულტურის შუამავლობა ძველს ლევანტში, ირანისა ად წინა აზიის მიდამოებში. ახლო აღმოსავლეთი, რომელიც ოდესმე ჩვენ შემოქმედებას ანაყოფიერებდა იდეურად, დღეს ჩვენგან მოელის განაყოფიერებას და აახლ იდეების თესლს. ძალოვანი გრიგალები გადადიან ჩვენს თავზე, მაგრამ მით უფრო მადლიანია უზენაესის ხელით ჩვენს თავზე ჩამობერტყილი კალთა სიუხვისა. ქართველებში დღეასც თვალსაჩინოა ის ძლიერი აქტივისტური, შეტევითი ენერგია, რომელსაც ძუძუს აწოვებს ჩვენი ქვეყნის ციცაბოიანი მიდამო და მთების ქედმაღლობა. ამ ენერგიის წყალობით ვუძლებდით ჩვენზე მოიერიშე ხალხების ურდოებს. თუ წარსულში ჩვენ მოგერიებითი კულტურული პოლიტიკის წარმოებას ვუნდებოდით, ემრმისში ჩვენ პასიური კულტურული პოზა აქტიურ ატიტუდად ნუდა შევცვალოთ. ატყუებენ ქართველ ხალხს ისინი, ვინც მუდამჟამს ჩვენის მცირერიცხოვნობით ამართლებენ ქართველი ერის პასიურობას და უნაყოფობას. მცირერიცხოვანი ერი ყველაზე ადვილად ღებულობს კულტურის გალვანიზაციას, მცირერიცხოვანი ერი ყველაზე უფრო ელასტიურია, დიდი კულტურანი მუდამ მცირერიცხოვანი ერის წრეში შობილან. ასეა ძველი საბერძნეთი, პალესტინა, რომი, იტალია, ახალი დანია, შვეცია, ნორვეგია. მცირერიცხოვანი ერი ყველაზე მძაფრად გრძნობს "ერთადყოფნის" ოკუმენურ მისტერიას. მოდის ახალი წელი, ახალი პლანეტი ძველ პლანეტთა სისტემაში იმ იმედით, რომ ღმერთი სინათლისა და სიმართლისა ჩვენთან არის. ჩვენი რწმენაა ჩვენი ციხე-სიმაგრე. ეს რწმენა აძლევდა ძალას ჩვენს წინაპრებს, როცა ისინი ველურ მეზობლებს ნათლავდნენ, ეს რწმენა აძლევდა მათ ძალას, როცა საქართველოს ქედმაღალ ციცაბოებზე ქართულ კათედრალებს და ციტადელს აშენებდნენ. რევოლუციის დროს ხალხს ყველაფერი ავიწყდება. ახლა ვყელაფრის მოგონების დროა. საქართველოს ნიტელექტუალურ სტომაქს განწმენდვა უნდა, ძლიერ ბევრი ბალასტია მასში. ჩვენი ლოზუნგია; ოკციდენტ! არავინ ისე არ უარყოფს, როგორც ჩვენ, არავინ ისე არ იტყვის ჰოს, როგორც ჩვენი ჰოს მთქმელი ბუნება. განახლება უნდა ქართულ შემოქმედებას, დაფიქრება მართებას ქართველობას, მორალური გარდატეხა ჩვენს ეროვნულ პიროვნებას. ახალი იმედებით გაცისკროვნებას მოელის ჩვენგან ახალი წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი