აპოლოგია რუსთაველისა (6)
ათინაში ერთი კერპი მდგარა თურმე ოდესღაც. იგი არას ამბობდა, არც თუ რაიმეს ასწავლიდა, არამედ წამუყოფდა, ანიშნებდა მხოლოდ. ასეთი მანიშნებელია ჩვენთვის რუსთაველიც. მას არ დაუწერია ტრაქტატები პოეტიკისათვის, მაგრამ სულ რამდენიმე სტროფით გვანიშნებს შაირობის ხელოვნებისათვის. მისი თეორია დღესაც მოისმის, როგორც მისნური გაფრთხილება ყოველი დროისა და ყოველი ერის ხელოვანთა მიმართ. პოეზია რუსთაველისათვის რითმების თვითმიზნური თამაში როდია, არამედ ერთ-ერთი დარგი სიბრძნისა. ამ მხრით პირდაპირ ეხმაურება პლატონს. “პოეტი შემოქმედივით ბრძენია“, ვკითხულობთ “ნადიმში“. ჰარმონიული ზომიერემა რუსთაველის მსოფლშეცნობის თავკიდურია არა მარტო პოეტიკის, არამედ ეთიკის საქმეშიაც. თავის პოემის შესავალშივე ემიჯნება რუსთაველი ყოველივე წრეგადასულ ჰედონიზმსა და ეროტიზმს. არაა მართალი ის აზრი, თითქოს ანტიური სამყაროის ან შუა საუკუნეების პოეზია მეტის კდემამოსილობით იყოს ცნობილი, ვიდრე თუნდაც თანადროული ბურჟუაზიის დეკადენსის პერიოდისა. როგორც ანტიურ, ისე ფეოდალურ საზოგადოებათაც სჩვეოდათ ფრიად ამორალური პოეზია. ყოველ ეპოქას, რომელიც აღმასვლას მიელტვის, უეჭველად უნდა ახსოვდეს, რომ წრესგადასულობა და ჰედონიზმი უეჭველი დაღუპვის მაცნეა. ეს განიცადეს კიდევაც ათინის, რომისა და გვიანი რენესანსის რესპუბლიკელებმა. როგორც კი ჰედონიზმი ფეხს მოიკიდებდა ცხოვრებაში, მყისვე მატს ხელოვნებაშიაც თავს იჩენდა ორგიასტული სულისკვეთებაც და ბუნებრივად იბღალებოდა ის კდემამოსილება, რომელსაც მიჯნურობის საქმეში მოითხოვს რუსთაველი. სიყვარული ჯერ კიდევ ჰინდურ ვედებში, უფრო გვიან ჰესიოდსა და ემპიდოკლეს ქმნილებებში ცნობილია, კოსმიური პირველადი პრინციპი. ემპიდოკლესათვის სიყვარული, ანუ მეგობრობა (“ფილოტეს“, “ფილია“) და სიძულვილი, ანუ წაკიდება (“ვეიკოს“) მიწიერი ყოფის თავკიდურებია. ემპიდოკლეს თეორიით მეგობრობა აკავშირებს ყოველივეს, შემდეგ ჩამოდგება წაკიდება. წაკიდებას ხასიათთა და კავშირთა გათიშვა მოსდევს, ერთსახიერება მრავალნაირობით შეიცვლება, მოვა სიყვარული და ამას ყოველივეს “ღვთაებრივი სპაიროს“ გააერთიანებს. ეს პროცესი ემპიდოკლეს კონცეპციით მარადჟამეულ მოქმედებს საგნებისა და ადამიანების ქცევასა და მოქცევაში. რუსთაველის პოემაც უაღრესად იდილიური ტონით იწყება. ლაღბობით გაჯიბრებული მეფე და ყმა სანადიროდ გასულან. იდილიური სიმშვიდეა არაბთა მეფესა და მის ამირბარს შორის. შემდეგ ამისა ჩამოდგება წაკიდება “ვეიკოს“ და აქედან იწყება მთელი პოემის დინამიკის სათავე. მეგობრობისა და წაკიდები მომენტები ნაჩვენებია როგორც ტარიელისა და ნესტანის სიყვარულში, ისე ტარიელისა და ფიდონის მეგობრობაში, დავარისა და ნესტანის ურთიერთობაში. “ვეფხისტყაოსანში“ წაკიდების ეპიზოდი ნაჩვენებია მთელს მსოფლიო პოეზიაში უბადლო, ეროტიულ სცენაში, ლომ_ვეფხვის წაკიდება, სადაც ტარიელი კოცნას მოუნდომებს ვეფხს, რომელიც გულის მიჯნურსა და მასთან წაკიდებას მოაგონებს, შემდეგ ამისა ტარიელი მოჰკლავს უზომოდ გაკაპასებულ ნადირს. რუსთაველის პოემის დასასრულში მოვა სიყვარული წაკიდებისაგან დაქსაქსულთა და ქვეყნის სხვადასხვა კიდეში გაბნეულ გმირებს პოემისას კვლავ აერთიანებს “სპაიროს“ სახით, ქაჯეთის ციხის აღების შემდეგ.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი