აპოლოგია რუსთაველისა (7)
პლატონისათვის სიყვარული ბიოლოგიური, გრძნობითი საწყისი როდია, არამედ მშვენიერის, სიქველის ჭვრეტის და შეცნობის ეროსი. ეროსი ეს ფიზიოლოგიური ვნებიანობის სიმბოლო როდია, არამედ იგი იდეალური სამყაროსაკენ ეზიდება სულს. “პოეტი შემოქმედივით ბრზენია, _ ვკითხულობთ პლატონის “ნადიმში“ _ და ამიტომაც იგი სხვასაც აპოეტებს, ყოველი კაცი (მის მიერ) პოეტად იქცევა, თუნდაც წინათ უმუზო ყოფილიყოს იგი, თუკი მას ეროსი დაეუფლა. ჩვენ აქედანაც ვრწმუნდებით, რომ ეროსი მუზური ნიჭით ძალმოსილი შემოქმედია. მოისარობა, მკურნალობა და მისნური წინათქმა აპოლონმა გამოიგონა სინათლის წყურვილითა და სიყვარულით გულანთებულმა, ასე რომ, იგიც ეროსის შეგირდია, ისევე როგორც მუზები მუსიკაში. ჰეფესტოს ოქრომჭედლობაში, პალას ათინა_ ფეიქრობაში და ზევსი _ ღმერთთა და კაცთა წარმართვაში“. არც რუსთაველის მიჯნურობაა პირწმინდად ბიოლოგიური საწყისი. იგი არც სიძვაა და არც უგულო “მტლაშამტლუში“ მიკნურიბისაგან ხელქმნილი მისი გმირები მარტოოდენ სქესობრივ აღტკინებას როდი აჰყოლიან, არამედ მიჯნურობა აძლევს მათ საგმირო საქმეების ჩასადენ ძალმოსილებასა და სიქველეს. რუსთაველის სიყვარულის ფილოსოფია ლეონარდო და-ვინჩისაც ეხმაურება. “უაღრესი აღტკინების მომენტში, _ გვასწავლის და-ვინჩი _ გამიჯნურებულთ რომ შესძლებოდათ საკუთარი თავის დანახვა, ადამიანის მოდგმა უთუოდ დაიღუპებოდა.“ რუსთაველის “არს ამოტორიუმ“, ისევე როგორც მისი პოეტეიკა, მორგებული გასაღებია როგორც რუსთველის მსოფლმხედველობისა, ისე მთელი პოემის არქიტექტონიკის შესაცნობად.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი