აპოლოგია რუსთაველისა (9)


ლეოპოლდ რანკემ მართებულად შენიშნა, რომ ევროპის კულტურის ორი ათასი წლის ისტორია მოწმეა იმისა, რომ ამ მანძილზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის იდეური ზეგავლენა მძაფრად ებრძოდნენ ურთიერთს.
უფრო გვიან გოეტემ და ჰაინემ აღნიშნეს ერთგვარი დუალიზმი დასავლეთის კულტურაზე ზემოქმედ ფაქტორებისა. ეს დუალიზმი შენაცვლებით მჟღავნდებოდა, ერთი იყო ჰელლენისტურ წარმარტული მშვენიერების იდეალი, ხოლო მეორე ასკეტურ ქრისტიანულისა.
რუსთაველის ხანა ემთხვევა ადრიან რენესსანსის ეპოქას ე. წ. “ქრისტიანი ხალხების“ ისტორიაში.
ცნებანი რენესსანსისა და ჰუმანიზმისა ბევრ შემთხვევაში ფარავენ ურთიერთს. თუმცა სიტყვა რენესსანსი იტალიური “რინასციტა“_დან მომდინარეობს. არც თუ ხელოვნების ერთ რომელიმე დარგში განსახიერებულა იგი.
რენესსანსი შეეხო არა მარტო პოეზის და მხატვრობას, არამედ აზროვნების, ყოფის, სოციალური ცხოვრების ყოველნაირ გამოვლინებას.
რენესსანსი ახასიათებდა არა მარტო იტალიურ ტრენჩენტოს და ქვარტოჩენტოს, არამედ ეს იყო დიდი, ინტერნაციონალური მოძრაობა, რომელიც ახალი ერის პირველი ათასეული წლის შემდეგ ჩამოდგა ქრისტიანული ქვეყნების აზროვნებასა, შემოქმედებასა და ყოფაში.
რენესსანსი განსახიერდა არა მარტო დანტეს, პეტრარკას, ბოკაჩიოს ლიტერატურულ ქმნილებებსა და იტალიური ფრესკის მხატვრობაში, არმედ მისი იდეური ფლუიდები გადაწვდენია საქართველოს საეკლესიო მხატვრობას, ხუროთმოძღვრებას და რუსთაველის გენიოსურ პოემაში ამ მოძრაობის ზეგავლენანი არა ნაკლებად ხდებიან საცნაურნი.
რენესანსი დასავლეთში მიმართული იყო რეაქციულ, ანტინაციონალური კათოლიკური კლერიკალიზმისა და ასკეტიზმის წინააღმდეგ; ცხადია, ბიზანტიური ქრისტიანიზმიც არა ნაკლებ აჩლუნგებდა მისი ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ერებს.
თუ დასავლეთში ლათინური ენის ინტერნაციონალიზება ხელს უშლიდა ნაციონალურ ენებს, აღმოსავლეთში სომხურსა და ქართულს საუკუნეების განმავლობაში მოუხდათ ბრძოლა ბერძნულ ზეგავლენასთან როგორც ეკლესიაში, ისე ეკლესიის გარეთ, ხელოვნებასა და ყოფაში.
ამ ბრძოლის უტყუარ ნიშნებს დღესაც თვალნათლივ ვხედავთ საქართველოს მხატვრობასა და ხუროთმოძღვრებაში.
იტალიური რენესსანსის ლოზუნგი იყო: “რეგენერაციო რომე, რეგენარი 1937 წელი ციო იტალიე“. ბუნებრივობისაკენ, თავისუფლებისაკენ _ იყო რენესანსის მთავარი ლოზუნგები.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი