აპოლოგია რუსთაველისა (14)
რეალისტური შტრიხები გვხვდება კომედიის მეორეხარისხოვანი გმირების ფერწერაშიც. ამ მხრით იმდროინდელი დასავლეთის პოეზიაში სავსებით უბადლოა ფრანჩესკასა და პაოლოს გამიჯნურების ამბავი “ჯოჯოხეთში“, თუმცა იგიც უნდა ითქვას, ავთანდილისა და ფატმანის ორგიასტული მიჯნურობის სცენას მაინც ვერ შეედრება ეს ადგილი დნტეს ჯოჯოხეთისა. რენესსანსის “ვირტუს“_ს კონცეფციაში შედიოდა უარყოფა გვაროვნული არისტოკრატიზმისა. გვაროვნული აზნაურობის ნაცვლად რენესსანსმა წამოაყენა “სულიერი აზნაურობის“ პრინციპი, ადამიანის პიროვნების პირადი ღირსებისათვის უპირატესობის მინიჭება. მოიგონეთ რუსთაველის “სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ანტიური სამყარო რესპუბლიკური იდეების სათავე იყო, ჰომეროსის ცნობილი სენტენცია: “უნდა მეფობდეს ერთი“, მთელი ქვეყნის მონარქისტებს ხელზე აქვს დახვეული. პოლიტიკურად დანტე თავის დე მონარცჰია_ში უაღერსად რეაქციული მონარქიული აზროვნების აპოლოგეტია, მისტიურად განწყობილი მოაზროვნე. რუსთაველის დროსთან შერფერდებით სავსებით რადიკალური აზრია თუნდაც იმის დასვება, რომ ტარიელი ჰინდოთა მეფის ტახტს წაეპოტინება. ამ იდეამდის ევროპული დემოკრატიული აზროვნება მივიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უბრალო აზნაურთა წრიდან გამოსულმაკაპორალმა ბონაპარტემ საფრანგეთის “ყოვლადქრისტიანი“ მეფეების გვირგვინი აყიროსავით გადაისროლა ტალახში და იმპერატორის ტახტზე ავიდა თავათ. თამამ, შეუდრეკელ და ყოველგვარი საშუალებით მიზნის მიმღწევ პიროვნებათა აპოლოგიაა მოცემული რუსთაველის პოემაში, ასეთი პიროვნებანი არა ერთი ახსოვს იტალიის რენესსანსს, ჩეზარე ბორჯიას, კოლა და_რიენცოს მაგვარი ნებისკაცები. ჰომეროსისა და დანტეს გმირები ზარდაცემული არიან ზებუნებრივი ძალების თარეშისა და “ყოვლისშემძლე ღმერთების რისხვისაგან“. ჰომეროსის ღმერთები ოლიმპიის ტრაპეზს როდი სჭჯერდებიან, ისინი ადამიანის ულუფაშიაც იდებენ წილს, ადამიანს ედავებიან ამქვეყნიურ ნაყოფთა რთველში. დანტეს უზენაესი ღვთაება ბიბლიურ იეჰოვას წააგავს, იგი ყოველივე ადამიანური ვნებების უსასტიკესად გამკითხველია. შემზარავი პანორამები წარმოდგენილია დანტეს “ჯოჯოხეთში“, სადაც ადამიანი ისჯება არა მარტო ცოდვებისა, არამედ ყოველივე ადამიანური გატაცებისა და ვნების გამოც. მინიმალურ სასჯელს განიცდიან დანტეს “ჯოჯოხეთში“ თვით ძველი ბერძენი და რომაელი ეპიკურეელები, ფილოსოფოსები და პოეტები, რომელთაც “ვერ მოასწრეს“ ქრისტიქნულ სიქველეთა ათი მცნების წაკითხვაც. რუსთაველის სამყაროს ლხენა მოცემულია კაცთათვის, სიყვარული არაა ცნობადის ხის აკრძალული ნაყოფი და რუსთაველის გმირი მხოლოდ უაღრესი შეჭირვების ჟამს მიმართავს ღვთაებას, რომელიც მიწიერი ცხოვრებისათვის განმკითხელი მსაჯული როდია, არამედ საკმაოდ პასიური მაცქერალი ცხოვრების ასპარეზზე მომხდარისა და ახდომილისა. სწორედ ამის გამო რუსთაველის გმირები უყოყმანოდ მოქმედებენ, როგორც კი მათი პიროვნული ინტერესი შეილახება. როგორ უყოყმანოდ ჰკლავს ტარიელი ხვარაზმშას ვაჟს, ასეთსავე შეუდრეკელობას იჩენენ დანარჩენი გმირებიც სხვადასხვა დროს მოპირდაპირეთა მიმართ, როცა ისინი დაინახავენ საკუთარი ინტერესების შელახვას. ასევე გულმშვიდად ურჩევს ნესტანი ტარიელს ხვარაზმელი სასიძოს მოკვდინებას “მათა სპათა აუწყვედლად“. ამ აქტის შემდეგ ტარიელი ქენჯნასაც არ განიცდის. ცნობილია, რომელიმე რელიგიის თანაზიარი უეჭველად ინანებდა კაცისკვლას, თუნდა თავის საქციელი კანონიერად ჰქონოდა მიჩნეული. ჰომეროსისა და დანტეს გმირების მოქმედება საბოლოოდ ღვთაების ნების მიერ შებოჭილია. როგორც თავისი კოსმოგონიით, ისე პოეტური მეტყველებითა და სახეთა კომპლექსით რუსთაველი გაცილებით ახლო დგას ჩვენს ეპოქასთან, ვიდრე რენესსანსის პოეზიის თავკაცნი. რუსთაველისათვის უცნობია ის მრუმე ფერბი მისტიციზმისა, როგორითაც განირჩევამთელს მსოფლიოს დიდოსტატთა შორის, დიდი ფლორენციელი, ალიგჰიერი დანტე და, თუ გნებავთ, შექსპირი თავისი მაკბეტის მიხედვითაც. სქოლასტიციზმისა და მისტიციზმის გაუვალი სიბნელით დაბანგულ ეპოქაში როსთაველი სდგას მსოფლიო პოეზიის პანთეონში ისე შეუვალი და განკერძოებული, როგორც ჩვენი მყინვარწვერი, ამომავალი მზის მთიებით გაბრწყინვებული სწორედ ამიტომაც ანალებსა და თარიღებს გაქცევია და ლეგენდად ქცეულა მისი სახელი, და მისი ომახიანი ხმა მრავალი საუკუნის ბნელით გარემოცული, დაუცხრომლად დვრინავდაქართველი ხალხის გულში, ხან მწყემსის სტვირიდა ლაღობდა იგი, ხან გლეხურ დარბაზების თაღებს ქვეშ გრგვინავდა და გლახაკების ფანდურის ჩხაკუნშიაც ისე მოისმოდა, როგორც სებასტიან ბახის მუსიკა, ორგელის ჯადოსნურ სალამურებიდან განცხადებული.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი