კონსტანტინე გამსახურდია - ირაკლი აბაშიძე
არაერთგზის დამიწერია და ტრიბუნიდან მითქვამს: ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიყვარული ჩვენს თანამედროვეთა მიმართ. ჩვენი მწერლობისა და ისტორიის მზეგადასული გმირები ბოლოს და ბოლოს ჩვენი წარმოდგენის ფორმებია მხოლოდ. ქართველი ხალხის აქ მოსვლამდის მილიონი წლების მანძილზე არსებობდნენ ჩვენი მშვენიერი მთები, ჩვენი შმაგი მდინარეები. ჟამის უსასრულო სრბოლაში ჩვენმა ხალხმა შექმნა თავისი ეროვნული მწერლობა და ისტორია, თავისი ისტორიული პროზა და ფოლკლორი. ჩვენ ყოველივე ამის მემკვიდრენი ვართ, მაგრამ მუდამ იმის ცდაში უნდა ვიყვეთ, ჩვენ, დღევანდელებმა, შეძლებისამებრ გადავაჭარბოთ კიდევაც ახდომილსა და აღსრულებულს და თავათ შევქმნათ ჩვენი დიდი ეპოქის საკადრისი კულტურა სიტყვისა. ჩვენ ყველანი გაგვახარა ირაკლი აბაშიძის 1963 წელს გამოცემულმა პალესტინურმა ლექსებმა. მე ვიტყოდი, ეს გახლავთ ჭეშმარიტად მინანქრული პოემები. დიდი ფაქიზი ოსტატობითა და ლექსის იშვიათი ორკესტრირებით შესრულებული. ირაკლი აბაშიძე მეწვია ამ ოცდაათი წლის წინათ ჩემს მარტოხელა, დაღვრემილ ბინაზე, ჯაფარიძის ქუჩაზე. უნდა ვაღიარო ჩემი სისუსტე, მე მუდამ განსაკუთრებულ გულისყურს ვაპყრობდი ადამიანის გარეგნობას. მაშინაც მომეწონა ეს მშვენიერი, კეთილად აღზრდილი, ბეჭბრტყელი ვაჟკაცი. მან მოკრძალებულად ამოიღო ჯიბიდან თავისი ლექსები და ჩემი თხოვნისამებრ რეჩიტაციას შეუდგა. ეს ლექსები შეეხებოდა სიყვარულსა და ბუნებისადმი ტრფიალს, მეგობრებს, ამხანაგებს და, რაც უმთავრესია, სამშობლოს. გამოხდა ჟამი. მე გულმოდგინედ თვალს ვადევნებდი ირაკლი აბაშიძის ზრდასა და პერმანენტულ წარმატებას. უნდა გამოვტყდე: საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნობის პირველ პერიოდში მე მასთან არაერთხელ მქონია შეპაექრება; ისიც უნდა აღინიშნოს: იგი წამკიდეს ზოგიერთმა ენატანიებმა. წარმოიდგინეთ ამ ხვანჯებში ლომის წილი დაიდვეს ზოგიერთმა უპარტიო მწერლებმა. ესენი ოდესღაც ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. მე მათთვის სიკეთის გარდა არაფერი გამიკეთებია: ერთი მათგანი გამობრძანდა “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენის” გამო გამართულ დისკუსიაზე და ჩემის თანდასწრებით ასეთი რამე სთქვა: “მე ძლიერ მაოცებს კონსტანტინეს კადნიერება…” ეს შეეხებოდა ჩემს ერთ ფრაზას ამ რომანის ბოლოსიტყვაობიდან, სადაც მე ვამბობდი: “კონდოტიერები მე არ მიმაჩნია-მეთქი ნაციონალურ გმირებად”. ირაკლი აბაშიძის სასახელოდ უნდა ითქვას, მას სიჭაბუკეშიაც არა სჩვეოდა თავისი შეცდომების ფარვატერში გაჯიქება. ჩემი ბობოქარი ცხოვრების გადამკიდეს არაერთხელ დამიკარგავს წონასწორობა. ირაკლი აბაშიძე ბედნიერი ბუნების ადამიანად მყავს მინიშნებული. ამას მე იმადაც ვიხსენებ, რომ მწერლობა მარტო ლექსების, რომანების და დრამების წერას არ ნიშნავს. თუ მწერლის ქმნილების უკან არა დგას კეთილშობილი ვაჟკაცი, ეს ყოველივე ამაო ჩმახვა აღმოჩნდება. მე არაერთხელ მძაფრად დავჯახებივარ ჩვენს ირაკლის, მაგრამ იგი მუდამ მიფრთხილდებოდა. ერთ-ერთი შეტაკების დროს ირაკლი გამოვიდა ჩემი რომანის დისკუსიაზე და პირდაპირ გამაოცა მისმა გულტფილობამ და კაიკაცობამ. ირაკლი გახდა “მნათობის” რედაქტორი. იმ ატმოსფეროს, რომელსაც 1953 წლამდე ხელს უწყობდა ერთი გარემოება, რომელიც დღესაც ალპივით აწევს თავზე ჩვენს მწერალთა ორგანიზაციას. ეს არის ზენორმული გადიდება მწერალთა კავშირის წევრებისა. ცხადია, 450 მწერალი იაკობ ცურტაველიდან დღემდის არა ჰყოლია საქართველოს. ცხადია, ნამდვილ მწერლობას ყოველთვის ახლდა ერთგვარი ამალა. ისიც უეჭველია, დღეს ლიტერატურას ესაჭიროებიან არა მარტო ლიტერატურისმიერი გენერლები, არამედ საშუალო კალმოსნებიცა. მეცხრამეტე საუკუნეში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მეინახენი გარს უსხდნენ როგორც ქართულს, ისე სომხურსა და რუსულ ლიტერატურას, მაგრამ ეს მეინახენი მოკრძალებულნი იყვნენ. ჩვენს საუკუნეში გაჩნდნენ ე. წ. “ხელოვნებისათვის წამებულნი”, რომელნიც ენერგიულად მოისწრაფვიან კავშირში. ამ ადამიანებს ხელი მოსცარვიათ სხვა პროფესიებში, ზოგს არცა სურს პროფესიული შრომა. ილია ჭავჭავაძე მომრიგებელი მოსამართლე იყო მრავალ წელს, რაფიელ ერისთავი მაზრის უფროსი, ლევ ტოლსტოი – ოფიცერი, ტეკკერეი – ვაჭარი, ჩვენს მეინახეებს არც სწავლა ესაჭიროებათ, არც მოანგარიშედ და ბუხჰალტრად დადგომას ეგუებიან. მე ხშირად მისაყვედურნია ი. აბაშიძის, გ. ლეონიძის, ს. ჩიქოვანისა და ა. მირცხულავასათვის: თქვენი კაიკაცობისა და გულჩვილობის მეოხებით მწერალთა კავშირის კარები ფართოდ გაუღეთ უნიჭოებს და მათი გაუგონარი მომძლავრების მეოხებით მაკულატურით ნაგვიანდება ჩვენი ჟურნალ-გაზეთების პორტფელები და გამომცემლობათა გეგმები. არსებითად საქმე სხვა რიგად უნდა წარგვემართა. მწერალთა კავშირი ისეთივე შეუვალი ბასტიონი უნდა იყოს, როგორც მეცნიერებათა აკადემიაა ყოველ კულტუროსან ქვეყანაში. ამ აკადემიაში მხოლოდ ელიტეს უღებენ კარს. რჩეულთაგან რჩეულს და არა ხელმოცარულ ადამიანებს, რომელთა ნაცოდვილარი მჭლე კატას აეკიდება. არა მოცულობისა, არამედ ესთეტიური ღირებულების მიხედვით. ამიტომაც წარყვნეს ეს ჩვენი ლიტერატურა უნიათო ჟურნალისტებმა და ოცობედა ნარკვევების ავტორებმა. ცხადია, ჟურნალიზმს თავისი სასარგებლო როლი აქვს, მაგრამ მწერლობაში მოძალებული ჟურნალისტი არავის ესაჭიროება. ავიაციის, ატომგულის, აერონავტიკისა და დიდი ქიმიის ეპოქაში ზოგიერთი მწერალი შეაკრთო მეცნიერების, ტექნიკის ფანტასტიურმა მიღწევებმა. ერთ-ერთ პლენუმზე ი. აბაშიძის სიტყვაშიაც მოისმა პესიმისტური ტონი. განა მარტო ატომგული და ვარსკვლავეთია საოცრება? ყოველი არსი ამ ქვეყნად უთუოდ ენიგმაა. ახლა მოვიგონოთ ის საოცრებანი, რომელიც ნაციონალურ ენასა და მწერლობას თან ახლავს. რამდენ რეგვენს უნახავს ვაშლის ნაყოფის ძირს ჩამოვრდნა. მერე რა? ნიუტონმა მიაქცია ამ ამბავს ყურადღება და გრავიტაციის კანონები შექმნა. ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარებას არასოდეს შეუშალა ხელი პოეზიის, მწერლობის აღორძინებისათვის. გოეტე ბრწყინვალედ ეუფლებოდა მრავალ მეცნიერებათ. მისი უფაქიზესი ლირიკული შედევრების გვერდით მანვე შექმნა გოეტე-ლამარკისეული განვითარების თეორია, თეორია ფერთა სიუხვისა. ბუნებისმეტყველურ და ექზაქტურ მეცნიერებათა აღორძინებამ მეცხრამეტე საუკუნეში პირიქით, ხელი შეუწყო ჰონორე დე ბალზაკის შემოქმედებას. იგი დაეუფლა მედიცინასა და ბიოლოგიას. მიუხედავად ამისა, იგი სვედენბორგის ფილოსოფიით იყო გატაცებული და ამის მეოხებით დაწერა თავისი შესანიშნავი რომანი “შაგრენის ტყავი”. ემილ ზოლა, კიპლინგი და ანატოლ ფრანსიც, თავიანთი დროის უგანათლებულესი ადამიანები, კარგად იცნობდნენ ბუნებისმეტყველურ მეცნიერებებს. მთელი სამყარო ერთ უზარმაზარ ქარხნად რომ იქცეს, კაცობრიობა ყოველთვის სიამით აღვსილი ყურს დაუგდებს ბულბულის სტვენას, ბეთჰოვენის სონატა აპასსიონატას და ლირიკოს პოეტის სიმღერას. მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა იმის მტკიცება, თითქოს უსაშველო მაშინერიის ეპოქაში არავის ეცალოს დიდი რომანების საკითხავად. ქართული დიდი პროზა დაამშვენა რამდენიმე თანამედროვე ოსტატმა და ამგვარად შეიქმნა უახლესი ქართული მწერლობა, რომელიც არც ერთ მრავალრიცხოვან ერის ლიტერატურას არ ჩამოუვარდება თავისი მიღწევებითა და დიდი პოტენციალით. კრიტიკა წინა საუკუნეებში, ჩვენ არც გაგვაჩნდა. ხუთიოდე შესანიშნავი კრიტიკოსი გვერდით ამოუდგა ჩვენს პირველხარისხოვან მწერლებს. ეს ყოველივე ჩვენს ეპოქაში შეიქმნა, ჩვენს თვალწინ და ჩვენივე გამრჯე, დაუღალავი მარჯვენის წყალობით, საბჭოური ხელისუფლების დახმარებით. ჩვენი მწერლობის კორიფეებმა უკვე გადალახეს კავკასიონის უღელტეხილი და ჩვენ უკვე ჩვენი ქვეყნის მიჯნებს გადაღმა ვერკინებით დიდ მდინარეთა ნაპირებზე დაბადებულ, ისტორიის მიერ განებივრებულ ხალხების მწერლებს. ამ მცირე შენიშვნებს პრეტენზია არა აქვთ ი. აბაშიძის მთელი შემოქმედების მიმოხილვისა. ეს ყოველივე მეგობრული გამოძახილია, რაც გამოიწვია ი. აბაშიძის პალესტინურმა ლექსებმა მხოლოდ და მხოლოდ. უნდა ითქვას, ეს ციკლი ლექსებისა დიდი შენაძენია ჩვენი მწერლობის უკანასკნელი ათეული წლებისა. მე მათ მინანქრული ლექსები ვუწოდე. ქართველი ხალხის მოუშუშებელი გულისტკივილი იყო და დარჩება თამარისა და შოთას დაკარგული საფლავი. ამის გამო ტირის მეთარე, ეს ატირებს ყმაწვილებს, როცა ისინი ქართლის ცხოვრებაში ამოიკითხავენ თამარის ცხედრის გელათში წასვენებას. ხოლო შოთას საფლავი? იგი პალესტინაში ეგულებოდა ჩვენს ხალხს და ნაციონალური ტრადიცია უეჭველად გამართლდება ბოლოს და ბოლოს. შენ აქ ხარ, აქ ხარ, მონასტრის კარებს, ათასწლის ლოცვებს, ათასწლის ქარებს ძაგძაგით, უხმოდ შევახე ხელი. გალავნის უკან ჯახანი ხმელი, გალავნის უკან ათასი ზარი, და ჩვენს წინ მძიმედ გაიღო კარი მონასტრის არა, კლდეკარის ხვრელი. შენ აქ ხარ, აქ ხარ, დასრულდა კვალი, მშობელი მიწის ეს მედო ვალი, აქ შენი მშვიდი ნაბიჯი შეწყდა, აქ დაწდა ცრემლი, ხმელეთს რომ რეცხდა. ვდგავარ შენს სახლთან, შენს ჩამქრალ ცეცხლთან წუხილი მესხთა, ძახილი მესხთა. განა მარტო ეს ორი სტროფი, მთელი ლექსი ზეაღმტაცია და უცნაური წუხილის მომგვრელი. მართლაცდა, როგორი ტრაგედიით დასრულდა უდიდესი პოეტის ბედი. მისმა ქმნილებამ გაუძლო შვიდი საუკუნის გრიგალებს, ხოლო პოეტის პირადი ცხოვრება დარჩა ამოუშიფრავი ენიგმა. მე არა მგონია ეს ურიგო იყოს. რამდენი მწერლის ბიოგრაფიაა ჩვენთვის ცნობილი, მერმე რა? რუსთველის ცხოვრება დაგვიხატა ქართველი ხალხის მდიდარმა ფანტაზიამ. ამ ლეგენდამ პალესტინამდის მიიყვანა სვეგამწარებული პოეტი. ლეგენდაო? ლეგენდა ისტორიის პირველადი დვრიტაა. ლეგენდის წიაღში იბადება ისტორია ყოველი ერისა, ხოლო ლეგენდა უსაზმნოდ როდი იქმნება. როგორი რომანტიული ამბავია! შვიდნახევარი საუკუნის შემდეგ ქართული პოეტი საყარიბოდ მიდის პალესტინასა და შესანიშნავ ლექსებს უძღვნის ამ ამბავს. სამმა ჩვენმა აკადემიკოსმა – ი. აბაშიძემ, ა. შანიძემ და გ. წერეთელმა პოეტის ნეშთის ნაცვლად ჩამოიტანეს რუსთაველის პორტრეტის ანაბეჭდი და ჩვენმა ხალხმა გაიხარა უკვე მოხუცი პოეტის ნახვით. მე მიმაჩნია: ქართველი ერი მაინც ბედნიერია ასეთი დიდი და კეთილშობილი ისტორიის, ასეთი ბრწყინვალე რომანტიული ბიოგრაფიის პატრონი. ჩვენი მახვილი, როგორც ბიბლიური ხმალი იქცევისი, თავს დასტრიალებდა ჩვენს სათაყვანებელ სამშობლოს. იცავდა არა მარტო ქართველ ხალხს, ჩვენს მოძმე სომხებს, ოსებს, შირვანელებს; სამივე გიორგის, ხუთივე ბაგრატის, დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალისა და სიმონ მეფის მახვილი პერმანენტურად ელავდნენ ტფილისის, ლორეს, ბირთვისის, ბოჭორმის, ანისის, დვინის ციხეთა დაცვისას და იგივე მამაცურად უტევდა თავრიზის, ბაღდადის და მოსულის ციტადელებს. ამ გაუგონარმა სიმამაცემ დაგვატკბო ჩვენცა და დაგვავაჟკაცა. აღმოსავლეთის ფანატიურმა ურდოებმა შელეწეს ტფილისის, ლორეს, ბირთვისის, ხერთვისის, ვარძიის, ტაოს კარის, ალინჯის კარის და არზრუმის ციხეები, სამეფო დროშები ომებში დაფხრიწეს. მაგრამ ვერ შემუსრეს ჩვენი ერის უკვდავი სული და ქართველ ხალხს ხელიდან ვერ გამოაცალეს ხმალი იქცევისი. იგი ყოველ ჩვენგანს ხელში ექნება სიკვდილის ჟამამდის. ვინ იცის, როგორ მელის ვარძია… რა დიდ ფიქრშია, რა მწველ დარდზეა; როგორ აძგერდნენ სამცხის ქედები… ვინ იცის, როგორ მელის ვარძია! როგორ მელიან თმოგვის კედლები. უთქმელ ღაღადით, უთქმელ ვედრებით, როგორ ამღერდნენ მაღალ ღმერთისთვის… როგორ მელიან თმოგვის კედლები. ბრწყინვალეა “ხმა ჯვარის მონასტრის გალავანთან”. ციტატის მოყვანაც ძნელია, ეს არის ნამდვილი რეკვიემი მზე-გადასულ საუკუნეთა. საქართველო ამაყობს არა მარტო თავის ტერიტორიაზე მოფენილი ტაძრებით, კოშკებითა და ციტადელებით, არამედ ქართველი ხალხის სახსრებით აშენებული მონასტრებით, იგულისხმება პეტრიწონის, ათონის, პალესტინისა და ის ცამეტი ტაძრის რაიონები ანტიოქიის სანახებში, რომელიც ამას წინათ აღმოაჩინა ინგლისელმა არქეოლოგმა სტივენსონმა. ეს მონასტრები მარტო კულტის შესასრულებელი პუნქტები როდი ყოფილან, არამედ იმჟამინდელი განათლების კერანი. არაბებმა, მონღოლებმა და თურქებმა შელეწეს ეს ტაძრები, მაგრამ თავდადებულ მოღვაწეთა შრომის ნაყოფი ათასობით ინახება დღეს ჩვენს მუზეუმებში. – “მე დავიკარგე, დავიკარგე, თუ დღეს აღმოვჩნდი?” – “მე გარდვისახე? ძველი ჩემი გახმა ყვავილი? კვლავ ახალ ვარდთა, უფრო კარგთა დღეს ვარ მფლობელი?” გვამცნობს პოეტი. ისტორიის უქცეველი დიალექტიკა ასეთია: მტარვალების ხმალსა და წერაქვ-ცულს არ ძალუძს კულტურის ფენომენთა აბსოლუტური ამოძირკვა, ამიტომაც ამაოდ დაშვრნენ ბნელეთის მოციქულები. კულტურის შემუსვრა ყოვლად შეუძლებელია. მთელს მსოფლიო ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ, უთუოდ დარწმუნდებით, რომ ბარბაროსები საბოლოოდ მუდამ დამარცხებულან. ამან გადაარჩინა ეგვიპტის, პალესტინის, ძველი საბერძნეთის, საქართველოსა და სომხეთის მწერლობა, მხატვრობა და ხუროთმოძღვრება. ცნობილია: როცა ატილას ტკბილი ლექსი მოასმენინეს, მან იტირა თურმე. დაემხვნენ ღაზნევიდები, სასანიდები, ფეხლევები, თემურ-ლენგი და ჩინგისხანი, ჯალალედინი და სულტან ბაიაზეთი, მაგრამ გადარჩნენ მათ მიერ მიმძლავრებული ერები და კულტურანი. ოდითგანვე ხელოვნება ფენიქსის დარად აღორძინდებოდა ხოლმე მრუმე საუკუნეთა რუინებიდან. სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი დიდი რუსთაველი, ჩვენი იგავმიუწვდენელი ხუროთმოძღვრების, მხატვრობის და პოეზიის ძეგლები. ხომ ზეაღმტაცია უკვე ღრმა სიბერეში გადამდგარი გრიგოლ ორბელიანის “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”. ჩემს სიჭაბუკეში მე არ შემეძლო უცრემლოდ წამეკითხა იგი. როგორი საშინელი უსასოობა და სევდა დაგვიტოვა მან! და გრიგოლ ორბელიანი იმიტომაც ჩავიდა საფლავში გაუხარელი, რომ იგი სიცოცხლეშივე დამარცხდა როგორც მამულიშვილი. ირაკლი აბაშიძის პალესტინურ ლექსებშიაც ალაგ-ალაგ იგრძნობა შეფარვული სევდა, მაგრამ საბოლოოდ იგი საქართველოს ფენიქსებრი აღორძინების მედაფეა. მან კარგად იცის, რომ ეს ჩამოლეწილი ციხეების და დანგრეული მონასტრების აღმაშენებელნი ამაოდ არ დამშვრალან. ქართველი ერის შეუდრეკელი სული, მისი ენა, მისი მწერლობა შეუმუსვრელი აღმოჩნდა და სწორედ ამან შეგვაძლებინა ჩვენ, მათ მესიტყვეთ, ახალი სიტყვა გვეთქვა ჩვენი დიდი ეპოქისათვის. პალესტინური ლექსების ციკლში მრავალი მარგალიტია, მაგრამ ჩემს გულს ყველაზე მეტად მოხვდა სავსებით იშვიათი, დიდი ოპტიმიზმის სხივით გამტფარი “ხმა კატამონთან”. ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ, შენ, ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან… დაეცეს, იქნებ, სიმაგრე ყველა, მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად. დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას, დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას, ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი, ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი, მხოლოდ შენ, უჭკნობს, შენ ხატად ქცეულს, რა დრო, რა დასცემს შენს უკვდავ სხეულს. ასეთი ომახიანი, ვაჟკაცური აპოთეოზი ამშვენებს და აგვირგვინებს ირაკლი აბაშიძის ბრწყინვალე ლექსების კრებულს. 1964 წ.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი