არ მიყვარს ვარდი


არ მიყვარს ვარდი, აღარც მთვარე, მოგვი ციური,
ძველ პოეტებმა რომ გასთელეს და შემაძაგეს.
ბულბულს ორკესტრი მირჩევნია სიმფონიური,
ღიმილის ნაცვლად სიძულვილი მატყვია ბაგეს.
არ მიყვარს ღამე, სერენადა, შელლის მიმოზა,
არც უკვდავება - კაცთა მოდგმა გულმავიწყია;
სულმდაბალ ბრბომ თუ შუბლი დაფნით არ შემიმოსა,
ჯერ სახელისთვის მათხოვრობა არ დამიწყია.
თავს არ ვიტყუებ არც ოცნებით, არც მოჩვენებით,
თუ ცის მნათობიც მომიძულებს და გამიმეტებს,
- ელექტროს შუქი აღსავსეა ახალ მშვენებით, 
როს წინწკლებს აფრქვევს ძილმორეულ ღამის პლანეტებს.
მე თქვენთვის დამაქვს, კაცუნებო, ნიღაბი შავი,
აპოლოს რჩეულს თქვენ სალამიც არ გამიბედოთ,
გვერდს ჩაგიარეთ და მიტომაც დავხარე თავი,
შურით არეულ სახეებში რომ არ შეგხედოთ.
იდუმალ კოშკში ფანტაზია დავსვი დედოფლად,
მას ჩემი ლანდი სასიძოდ ჰყავს, მისივ მხლებელი,
ვიცი გავირბენ შეუმჩნევლად ამ წუთი-სუფლად,
ვით მძინარ ტყეში შუა ღამის მატარებელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი