საქორწინო


ჩვენს პატარძალს მოვუქარგეთ
ოცდახუთი ნატი.
დროც მოსულა საქორწინო
და აყვავდა ფშატი.
ამოვქარგეთ გულისპირზე
ნაჩრდილი და ნაშუქარი,
შეეწიოს ჩვენს პატარძალს
დიდედისგან ნაჩუქარი
ღვთისმშობელის ხატი.
მშვიდობაში, მშვიდობაში,
ნუ დალიოს მაცხოვარმა
სასძლოს ჩვენის კიდობანში
ოქრო, ვერცხლი, სათი.
დედას სველი რჩება თვალი,
მამას გული მწყრალი, -
ტყავკაბები, ქათიბები,
ასიოდე ცალი,
სადიაცო, ასზე მეტი,
ქირმანული შალის,
საგულენი, პერანგები,
მოოჭვილი ლალით.
ასი მხარი აბრეშუმი,
ასი მხარი დიბი,
სააბანო ხალათები
შემკობილნი შიბით;
შვინდისფერი ყაბაჩები
ნაკერი გვაქვს სითვით,
სამ სეფეწულს გაათხოვებ
ამისთანა მზითვით.

1956 წ. 16/V. ტფილის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი