ბერლინი
კვიკლოსიდან __ “დიდი ქალაქი“ კურფიურსტერ დამმი. თეთრი ქვებით უცხოდ ნაგები, პიქუში, ვრცელი გველეშაპი მარად მქშინავი, ეგ საარაკო ქარვასლები, სარკოფაგები, კარიბჭეებთან - სიმბოლიურ არწივის თავი, ტალღა ხალხისა, შემორტყმული ელექტროს სალტით იცინის, კვნესის და ჩოჩქოლებს ნაირნაირად, შავნი დარბაზნი, აგებულნი შავის ბაზალტით, პირმოქუშულნი დამხობილან შპრეეს ნაპირად. რაღაც ირყევა, იზნიქება... შავი ლანდები შემოიჭრება დიდ ქალაქში ქშენით, დაფდაფით, ტოკავს ოქროთი დაჩითული გირლიანდები, გირლიანდები აკინძული ელექტრო ძაფით. ისმის ხრიალი, ხრაშა-ხრუში, ზარების ჟღერა, შოფრებისა და ვატმანების ფრთხილი პაროლი, მთვრალ მეზღვაურთა ხმადაბალი, ნელი სიმღერა, როკავს, ირხევა და ტორტმანობს სინათლის რგოლი. ოჰ, რარიგ მიყვარს ფეერის უხვი წუთები, ქშენა, ზანზარი, თქარათქური, რბენა, განგაში, ამ ქედმოხრილთა ოფლიანი მკლავის კუნთები, დიდი ქალაქის ავხორცობის წითელი რაში! __ მეზღვაურები, რომ ეტრფიან უცხო ნაპირებს, შორეულ ზღვებზე დაეძებენ ნიადაგ ზღვაურს, ეგ სიყვარული აწ ვერავის ვერ გააკვირვებს, თუკი მიცნობენ ოდისეის მხლებელს უცნაურს. ქარხნის საყვირი გათიადის წინამორბედი, ათიათასთა მბრძანებელიპოზაუენი, ბედის მორჩილთა უსასოოდ დახრილი ქედი, მათი ამაგი უანგარო და და შრომის ძრვენი. ო, ბერლინ, ბერლინ, მიყვარს შენი თეთრი მონები, ღანის სიგიჟე, ფერული ღამის ფანტაზმა, მე ვნახე შენი ფერგამკრთალი მიკიონები, როს ქარხნის გვერდით ჩაიარა ლანდების რაზმმა. შენთვის ტვირთავდნენ ინდოეთში ოქროს გემებს, ოკეანეებს რომ სერავენ ათასნაირად, მოაქვთ ოქსინო, ფარჩეულიზარმაც აქლემებს, შემოღამებულ ქარავანებს არეზის პირად. დიდია შენი გარყვნილება, შენი ცთუნება, ფერსა ჰკარგავენ შენს სხივებთან მნათობნი ცისა, მე შენს წიაღში მავიწყდება დედა-ბუნება, შენს ქარხნებს ასდით ოხშივარად ოხრვა მიწისა. ვხედავ ჭირნახულს და სადღაა შემქმნელი ხელი, კაცუნებს ვხედავ პირშებურვილთ ტყვიისფერ მასკით, გუგუნებს ტკილსა საგალობელს შენი ორღელი, როგორც შეიხი ბინადარი შორი დამასკის. ლხინობს, ზეიმობს ენერგია დაუშრეტელი, მოძრაობს დისკო უხილავის და შეუცნობის, მილიონები ერთის ნების გამომხატველნი, მუნჯნი მსახურნი ვიღაც კუშტის, ვიღაც უცნობის. აქ უფლის ნაცვლად ელექტრობას ევედრებიან, ყვითელ ლიტონსა შეუცვლია მაცხოვრის ხატი, მილიონები თვალის ფშვნეტით ფეხზე დგებიან, აქ ისარია მბრძანებელი და ციფერბლატი. 1918 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი