ნაპოლეონი


ნახევრად ღია კარებში იდგა იმპერატორი. მას სისხლივით წითელი პორფირი ეცვა. ხელში ვარდები, სისხლივით წითელი. იკივლეს ვარდებმა ჩემს დანახვაზე, როგორც ჩემმა ათასმა საყვარელმა, რომელთაც არაოდეს უნახავართ. იკივლეს ვარდებმა ჩემს დანახვაზე.
_ ვინ მოგცა სირ ეგ ვარდები? ვუთხარი ბონაპარტეს. ვინ მოგცა ამ შუა ზამთარში, ვარდები? როცა გარედ ყინავს და მონაზვნებივით შავი ყვავები დასტრიალებენ ქალაქს.
_ ეს ვარდები. ამბობდა იმპერატორი, ჩემმა საყვარლებმა მომიტანეს, სთქვა და კარი მთლად გააღო, ახლა მესმოდა თუ როგორ ხმაურობდენ მის პალატებში მისი ტიტველი საყვარლები.
_ ეს ერთი... მიმითითა მან ერთ ფერმკრთალ ვარდზე. ეს ყველაზე უკეთესი იყო, ხომ იცი რჩეულები ადრე კვდებიან. ეს ვარდიც მოკვდება მალე...
მე ბრაზით ავენთე, გამოვგლიჯე ხელიდან თაიგული იმპერატორს, გამოვიღე ის ვარდი და სახეში შემოვჰკარი.
_ გრცხვენოდეს სირ, გრცხვენოდეს, რომ რჩეულთა სიკვდილი შენც გჯერა.
_ ჯერ მე კაცი არ მინახავს, რომელსაც სიკვდილი არ სჯეოდეს. დიდება შენ რომელსაც სიკვდილი არ გჯერა. მან მოიხსნა პორფირი და გადამაცვა. მან მოიხსნა გვირგვინი და თავზე დამადგა. დიდება იმ კაცს, რომელსაც სიკვდილი არ სწამს.
მე კიდევ შემოვკარი ნაპოლონს მკვდარი ვარდი ცხვირ-პირში. გრცხვენოდეს, სირ, გრცხვენოდეს! ნაპოლეონი გაჩუმდა... თავი ძირს დაჰხარა. 
_ აკი ამბობდი სირ: `ჯერ ტყვია არ ჩამოსხმულა რომელიც მომკლავსო.~
აკი ატყუებდი შენ ჯარს-კაცებს `მე სიკვდილის არ მეშინიაო~...
_ ჰო, მაგრამ... წაიბუტბუტა კორსიკელმა და სიტყვა გაუწყდა პირში.
_ჰო, მაგრამ... შენ არ იყავი ბერეზინაზე რომ მოჰკურცხლე, შენ არ იყავი ვატერლოოდან რომ გარბოდი დიაცივით...
_შენ დიდო კეისარო შენ, შენ! ახლა მესამეჯერ მივუტანე იმპერატორს მკვდარი ვარდი ცხვირთან. მინდოდა კიდევ შემომეკრა, მაგრამ შემეცოდა. შემეცოდა სიკვდილისგან დაშინებული ღმერთკაცი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი