ლადო ჭანია – იუმორისტული ნაკადი კონსტანტინე გამსახურდიას პუბლიცისტიკაში


კ. გამსახურდიას მისმა სიყრმის მეგობარმა ლ.გუდიაშვილმა მოზეიმე ქართული ფრესკა შეარქვა. მ.ჯავახიშვილმა კი თანამოკალმეს ფრესკების მხატვარი უწოდა. მწერლის მისტიური მდუმარებით აღსავსე ასკეტური სახე ოდნავ ჩამოჰგავს კიდეც რენესანსის მხატვართა მიერ ფრესკაზე გამოყვანილ წმინდანთა სათაყვანებელ ლანდებს. მათსავით სევდიანი და უძიროა მწერლის სულიერი ხატება და გარეგნული პორტრეტი. თუმცა ფრესკის მსგავსად მწერლის ნაღვლიან სახესაც გადაეფინებოდა ხოლმე ღიმილის სხივი. ამ იშვიათი სიცილის გამო მოხდენილად უწოდეს ჟურნალ „ნიანგის“ თანამშრომლებმა შესაფერისი სახელი: „კოლხი კაცის ფრესკის ღიმილი“.

კ.გამსახურდიას ცხოვრების ეტლი სამშობლოს ბედისწერასთან იყო გადატიხრული. ღირსებაშელახული ქვეყნის მძიმე ხვედრი კი დალხინებული ცხოვრების საფუძველს არ აძლევდა მწერალს. ის, მართლაც, იშვიათად უნახავთ გაღიმებული. ერთხელ, ნათელასაც უთქვამს მარად მოღუშული მამისათვის:

– რატომ ხარ ასე, შუბლი გახსენი, გაიცინეო, მამა!

– რა ვქნა, ჩემო ნათელიკო, ასეთი ცხოვრება მარგუნა ბედმა!

საბჭოთა იმპერიაში გამეფებული ტოტალიტარული რეჟიმი და ანექსირებული სამშობლოს მონობის უღელი სულს უხუთავდა მწერალს. შინაგანი დაძაბულობისა და ჭარბი ემოციების მოწოლის დროს კი ის იუმორითა და ღიმილით იქარვებდა გარსმოჯარულ სევდას. ამ გზით ცდილობდა განემუხტა შინაგანი ღელვა და სულიერი წონასწორობა შეენარჩუნებინა.

კ. გამსახურდიას იუმორი მრავალფეროვანია. აქ თანაბარი დოზით იგრძნობა, როგორც ირონია და ცინიზმი, ისე სინაზე და ადამიანური სითბო. თავად მწერლის ახლობლების განცხადებით, მას მეტად ზომიერი იუმორი ახასიათებდა. მის მიმართ წარმოთქმული ხუმრობაც არასოდეს სწყინდა და ხალისითაც ჩაებმებოდა თურმე ამ ხუმრობაში.

მაგრამ მწერალი ერთმანეთისაგან ანსხვავებდა ზომიერ ხუმრობასა და წრეგადასულ, უმართებულო ქილიკს, რომელსაც მიმართავდნენ ხოლმე უნიათო კრიტიკოსები მისი სახელის დისკრედიტაციისათვის. მწერალი მოთმინებით იტანდა მათ გამოხტომებს. იტყოდა ხოლმე, „კრიტიკის იმუნიტეტი მოვიპოვეო“. თუმცა ამ კალამბურამ მომეტებულად გაათამამა ზოგიერთები და საბაბი მისცა მავანთ საკმაოდ მაღალი ტრიბუნებიდან საგანგებო ბრალდებები წამოეყენებინათ მისთვის. ასეთ დროს მწერლის იუმორი მრისხანე ძალას იძენდა. ის არ განიცდიდა არავითარ მორიდებას, ცინიზმგარეული მსჯელობით ცდილობდა გაავებული ოპონენტების დაშოშმინებას და საკუთარი ლიტერატურული პრინციპების ზედმიწევნით დაცვას.

განსაკუთრებული სიმძლავრით ირონიულმა ნაკადმა მწერლის პუბლიცისტიკაში იჩინა თავი, სადაც მისი სატირა დროდადრო გამანადგურებელ ძალას შეიცავს. სწორედ პუბლიცისტური სატირის მეშვეობით მოახერხა მან ცნობილი რუსი კრიტიკოსის ვ. შკლოვსკის მიერ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამასხარავება. კ. გამსახურდიამ საკავშირო მასშტაბის ჟურნალებში და გაზეთებში გამოქვეყნებული წერილებით ისეთი სილაქი გააწნა გათავხედებულ კოლეგას, რომ მისი ტლაშუნი მთელს საბჭოთა კავშირში გაისმა, რამაც სხვა თანამოაზრეებს მწერლის შემოქმედების ტენდენციურად გაშუქების სურვილი და ინტერესი საგრძნობლად გაუნელა.

გამძაფრებული სარკაზმი შეინიშნება კ.გამსახურდიას პოლიტიკური ხასიათის წერილებში. მწერალი, ილიას მსგავსად, მასხრად იგდებს იმპერიული სულისკვეთებით გამსჭვალულ რუს ჩინოვნიკებს, ააშკარავებს იმ უკეთურ დიდმოხელეთა უზნეო ზრახვებს, რომელთაც საქართველო ქართველების გარეშე წარმოედგინათ. მწერალი ქართული ინტელიგენციის იმ ნაწილსაც დასცინის და კუჭის აპოლოგეტებს უწოდებს, ვისაც საქართველოს ურუსეთოდ ცხოვრება შეუძლებლად მიაჩნდათ.

კ. გამსახურდიას ენამოსწრებულობა მთელი სიმძაფრითა და სიმწვავით მწერალთა კავშირში ჩატარებულ სხდომებზე იჩენდა თავს, სადაც მწერალი კოლეგებთან გამართულ დისპუტებში უკომპრომისოდ იცავდა თავის შეხედულებებსა და პოზიციას. ასეთ დროს მას სარკაზმის ენა დამოკლეს მახვილივით ჰქონდა აღმართული და შეუბრალებლად აპამპულებდა მარადიულ ოპონენტებს. ამის გამო მწერალს ბევრი მომდურავიც გამოუჩნდა. ერთმა ხელისუფლების პირმა წყენა არ დამალა და მას მოურიდებლად უთხრა:

– „კაი კაცი ხარ, მაგრამ გესლიანი ენა გაქვსო“, – რაზეც მწერალმა პასუხი არ დააყოვნა.

– რა ვქნა, გესლიანი ენა მე განგებამ მომიგდოო“.

კ.გამსახურდიას მიერ გესლიანი ენის გადმონთხევა მართლაც განგების ნება იყო, რათა მწერალს ამ იარაღის მეშვეობით ძირფესვიანად გაექირდა კომუნისტური წყობის ტირანია და ობსკურანტიზმი, ფლიდი ჩინოვნიკების იონბაზობა და მუცელღმერთობა.

კ. გამსახურდია ადამიანის ხასიათს, მის სულიერ სამშვინველს სიცილის მეშვეობითაც სწვდებოდა. მწერლის აზრით „არაფერი ისე არ ახასიათებს ადამიანს, როგორც სიცილი“. მან ცხოვრებისეულ კრედოდ გაიხადა დანტე ალეგიერის სენტენცია „სიცილი სულის ტაროსია“. ამიტომაც ის უაღრესად სასოწარკვეთილების ჟამსაც არ კარგავდა იუმორის გრძნობას და სიცილის ხალისს. 1924 წელს მეტეხის ციხეში გამომწყვდეულმა მწერალმა იუმორისტული კედლის გაზეთიც შეადგინა და მეგობრებს გულიანად აცინებდა. არადა, მოგვიანებით, როგორც სანდო წყაროებიდან შეიტყო, თურმე დასახვრეტთა სიაში ყოფილა გამწესებული.

მწერალი არც 1937 წლის რეპრესიების სუსხიან დღეებში ღალატობდა იუმორს. როცა დააპატიმრეს, „სახელგამის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლიდა გასვიანი და სასტიკად აწამეს, ქალის ბუნებამ ვერ გაუძლო და მანაც თავის თანამოაზრეებში და თანამზრახველებში კ. გამსახურდია დაასახელა. საქმეში კ. გამსახურდიას ოქმიც იყო. დაკითხვაზე გამომძიებელმა კითხვა დაუსვა:

– რატომ დაგასახელათ ქალბატონმა ლიდა გასვიანმა.

– ახალგაზრდობაში მომწონდა, მერმე ცოლად არ შევირთე და ალბათ ამიტომო – ცრემლნარევი ხუმრობით უპასუხა გამომძიებელს მწერალმა.

კ. გამსახურდიას ათეული წლების მანძილზე ჰქონდა მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა ჟურნალ „ნიანგის“ თანამშრომლებთან. მწერალს უყვარდა მათთან მუსაიფი, ანეგდოტების მოყოლა. ზოგჯერ ფრთიან ფრაზას ესროდა რედაქციაში მოფუსფუსე ჟურნალის თანამშრომლებს:

– „რას იქთ, ვოჟებო, ვის ჯღანავთ ახლა!“ – „ნიანგელებიც“ ჩვეული იუმორითა და ხალისით პასუხობდნენ ქართული პროზის დიდოსტატს, და როდესაც მორიგ „დაჯღანულ“ სახეს აჩვენებდნენ, მისი გოროზობიდან ნატამალიც არ რჩებოდა, ისეთი სითბოთი და ალერსით გაუნათდებოდა სახე.

კ.გამსახურდია არასოდეს არ თაკილობდა ახალგაზრდა და დამწყები იუმორისტების გვერდით თავისი დიდებით მოსილი სახელისა და გვარის დაბეჭდვას. მისი სიბრძნითა და სიმახვილით აღსავსე, ხალხური იუმორით განსმჭვალულ იგავ-არაკებს მკითხველი პირველად სწორედ „ნიანგის“ ფურცლებიდან ეცნობოდა. დიდ კონსტანტინეს დიდი მწერალი სატირის გარეშე არ სწამდა. ეს გულთბილი ურთიერთთანამშრომლობა „ნიანგის“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ნომერში დასტამბული ლექსიდანაც ჩანს:

„ნიანგო, ღმერთს გეფიცები!
გულში სულაც არ გემდური,
არ დავფარავ, თუმცა მითქვამს
ბევრჯერ შენი საყვედური.

ვწუწუნებდი, შესაჭმელად
ვხედავთ ყველას ვეამები
და ჩუმად კი მიხაროდა
მე ხშირ-ხშირი რეკლამები“.

მწერალი დიდ პატივს სცემდა იუმორს. ხშირად დადიოდა „ნიანგელებთან“, რათა თანადგომა გამოეხატა მათდამი. ეს თანამშრომლობა ომის პერიოდშიც გრძელდებოდა, რასაც განსაკუთრებით ემადლიერებოდა ჟურნალის რედაქცია: „ნიანგის გვერდზე გაისმა მრავალი გამორჩეული მწერლის, პოეტის, მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის ომახიანი ხმა. შ. დადიანი, კ. გამსახურდია, გრ. აბაშიძე, გ. ქუჩიშვილი და სხვანი თავისი ლექსებით, იუმორისტული მოთხრობებით, თუ შაირებით და იუმორესკებით გვერდში ედგნენ ქართველ ხალხს. მათი ხალასი, ვაჟკაცური სიცილი აქარწყლებდა კარზე მოვარდნილი მტრის უძლეველობის მითს“.

კ. გამსახურდიასა და ჟურნალ „ნიანგის“ თანამშრომლობა ზოგჯერ მუქ ფერებშიც ვითარდებოდა. მწერალს ჟამიდანჟამ „ნიანგის“ ოხუნჯობაზეც მოსდიოდა ბრაზი. როცა ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს, „ნიანგმა“ გამოაქვეყნა კარიკატურა, სადაც კ.გამსახურდია ჩოხა-ახალუხშია გამოწყობილი და თეთრ ცხენზეა ამხედრებული, გვერდით მწევარი მოჰყვება ღვედით, წარწერა კი ასეთია:

„სწავლულებთან სიარულში გამსახურდი კოსტა
და ჩადექი რიგში აკადემიკოსთა“.

კ.გამსახურდიას ამჯერად სერიოზულად მოსვლია გული საჯაროდ იმუქრებოდა, „ყური უნდა მოვაჭრა „ნიანგის“ რედაქტორს, ძველმა ქართველებმა ასე იცოდნენო“. საერთოდ, მწერალს ხშირად ხატავდნენ, მიმინოთი ხელში, გაძვალტყავებულ ცხენზე ამხედრებულს, რაც მის გაღიზიანებას იწვევდა. მწერალს არც ის მოეწონა, „ნიანგელებმა“ დანტეს ბიუსტზე მისი და კონსტანტინე ჭიჭინაძის კარიკატურები რომ გამოხატეს, ნიშნად მათ მიერ დანტე ალეგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ „უსუსური“ თარგმანისა. თუმცა მწერალი წყენას გულში დიდხანს არ იტოვებდა, მღელვარებას ისევ სიცილით იქარვებდა და მათი ურთიერთობა ჩვეულ შემოქმედებით კალაპოტში დგებოდა.

კ. გამსახურდია დედოზარებს არისხებდა საქართველოს ეროვნული ცნობიერების გასაღვიძებლად, რუდუნებით აცოცხლებდა წარსულ დიდებასა და იქ, სადაც ხმალივით ელვარე სიმართლეს წინააღმდეგობა ეღობებოდა, ნიღბად იუმორს, ირონიას, გროტესკსა და სარკაზმს ირგებდა… წამებითა და ბრძოლით გაკაფულ გზას კი, სწორედ სიყვარული და იუმორი უნათებდა.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი