მოგონებები კონსტანტინე გამსახურდიაზე


გამომცემლობის პირველ სართულზე განთავსებული იყო საპარიკმახერო. სავარძელში ვიჯექი, კარი გაიღო და სარკეში დავინახე ბატონი კონსტანტინე, რომელსაც თან ახლდა პატარა ბიჭი (ალბათ, ასე 13-14 წლისა). მან ყოველგვარი მისალმებისა და მოკითხვის გარეშე მიმართა პარიკმახერს: – «გაკრიჭე ეს ბიჭი, იგი საქართველოს მომავალი პრეზიდენტია». ეს ბიჭი ზვიად გამსახურდია გახლდათ.

იგი ეროვნული ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი იყო. როგორც იმდროინდელი თანამშრომლები იხსენებენ, დარბაზში ერთსა და იმავე მაგიდასთან იჯდა. დიდი ხნის შემდეგ ეროვნულ ბიბლიოთეკაში რამდენჯერმე უნახავთ ზვიად გამსახურდია ზუსტად იმ მაგიდასთან მჯდარი. არავინ იცის, იცოდა თუ განგებამ მიიყვანა მაინცდამაინც იმ მაგიდასთან. ომის მძიმე დღეებში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გახლდათ სანდრო ეული (ქურიძე). მის კაბინეტშიც ხშირად იჯდა ბატონი კონსტანტინე. პოეტი იოსებ გრიშაშვილი სწორედ იმ დროს შევიდა დირექტორთან და რომელიღაც ჟურნალი სთხოვა სახლში წასაღებად. სანდრო ეულმა სასტიკი უარი უთხრა. განაწყენებულმა პოეტმა კაბინეტი დატოვა.

– რატომ უთხარი უარი ასეთ საყვარელ კაცს, ხომ იცი, როგორ უყვარს წიგნები? – უთხრა მას ბატონმა კონსტანტინემ.

– ზუსტად მაგ მიზეზით. შეეცდება, აღარ დამიბრუნოს ჟურნალი. გარდა ამისა, არ მიყვარს, როგორც პოეტი. ის რა პოეზიაა, სადაც ავტორი საქვეყნოდ ყვირის, რომ უყვარს ქალის ფეხის თითების კოცნა.

– მეც ვარჩევდი, ქალის ფეხის თითები დამეკოცნა, ვიდრე კომუნისტების ერთი ბინძური ადგილი, როგორც ამას ზოგი პოეტი სჩადის, – ირონიით შენიშნა ბატონმა კონსტანტინემ. მას მხედველობაში ჰქონდა კომუნისტური ლექსები ეგრეთ წოდებული პროლეტარული პოეტებისა, რომელთა რიგებსაც თავად სანდრო ეული მიეკუთვნებოდა.

ეს ის დრო იყო, როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომი და მყუდრო ადგილი იყო გონებრივად მომუშავე ადამიანებისათვის. პროფესორი ვანო შადური მუშაობდა თემაზე «დეკაბრისტები კავკასიაში». ერთხელ საუბარში ბატონმა კონსტანტინემ ღიმილით გააფრთხილა პატივცემული პროფესორი.

– ვანო, რა თქმა უნდა, კარგად იცი, რომ დეკაბრისტები გადასახლებულნი იყვნენ ციმბირშიც. ისე არ გამოგივიდეს, რომ შენც იქ გაგაგზავნონ მათი ცხოვრების შესასწავლად.

გამომცემლობის შენობაში ბატონი კონსტანტინე შეხვდა ჟურნალ «საბჭოთა სამართლის» მთავარ რედაქტორს ოთარ კაციტაძეს, მიესალმა, მოიკითხა… ამჟამად სად მოღვაწეობ, რას აკეთებო. ოთარმა უპასუხა, რომ იგი გახლდათ ჟურნალ «საბჭოთა სამართლის» მთავარი რედაქტორი. კონსტანტინემ ორივე ხელი გაასავსავა და შესძახა: – «საოცარი ხალხი ხართ კომუნისტები, სამართალი არ გაქვთ და ჟურნალი კი გაქვთ».

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი