კონსტანტინე გამსახურდია “ქართველობა და უცხოეთის გენია”( პუბლიცისტიკა 1)


ქართული ალფაბეტი – მითხრა ერთმა უცხოელმა ქართულის მცოდნე ორიენტალისტმა – ,,ჩემთვის ჯერაც გამოუცნობი სფინქსია”.

,,მარტო ესთეტიური თვალსაზრისით რომ ავიღოთ, ვერც გოთიური, ვერც ლათინური და ვერც სანსკრიტული ენების ანბანი შეედრება თქვენს სადასა და ლამაზს, კოხტა ასოებს. ქართველები ალბათ, ვერც კი ამჩნევთ ამას. არც ერთი თქვენი ისტორიული მეზობლის, არც სხვა, თქვენგან მოშორებით მცხოვრებ რასსათა ალფაბეტის გავლენა არ ატყვია მას. იგი სრულიად თავისებურია და საოცარი”.

რაც ზემოთ ნახსენებ მეცნიერმა მითხრა ჩვენს ალფაბეტზე, იგივე შეიძლება ზოგადად ჩვენს კულტურაზეც ითქვას.

ქართული კულტურის სახეც ჩვენთვის ჯერაც ამოცანაა.

კარგი მანძილი გაგვივლია.

დღევანდელმა ქართველმა რომ უკან მოიხედოს, ვგონებ თვალსაც ვერ მიაწვდენს ჩვენი ისტორიული ცხოვრების პირველ საფეხურებს. ერთი თვალის გადავლებით ვერც კი გაარჩევს წარსულის ნისლში ჩვენი ისტორიული ცხოვრების კონტურებს.

ცხადია, დიდი ერის ნატეხი ვართ. თუმცა წარსულშიაც არ ყოფილა ჩვენი ქვეყანა ისეთი ბაზისი ახალ იდეათა და მიმდინარეობათა, როგორიც ძველი ინდოეთი, სპარსეთი, ახალი საფრანგეთი, გერმანია და ინგლისი.

არ ვყოფილვართ ახალ იდეათა ჯვაროსანნი, – არც თუ რეფორმატორული მისსია დაუკისრებია ჩვენთვის ისტორიას.

ჩვენი ეროვნული ცხოვრების დუღილი ჩვენივე ქვეყნის ზღუდეებს არ გასცილებია…

თუ კერძო ადამიანის უდიდესი იდეალია სოკრატესსებური თვითშეცნობა, მით უმეტეს მთელ ერს, ამ გაცილებით უფრო ღრმასა და რთულ ფსიქოლოგიურ ერთეულს – მართებს თავისი მძლითი ძალის სიგრძე-სიგანის შეგნება, თავის შემოქმედების ფარგლების ცნობა.

იტყვიან: ამის მიზეზი ქართული ეროვნული ოჯახის ქართველთა ნათესავის სიმცირეაო.

მართალია, ერთ სისხლის თანამოზიარეთა სიმრავლეს დიდი წილი უძევს ერის კულტურულ-ცივილიზაციურ მუშაობის განაყოფიერებაში, მაგრამ აქ უბრალო პროპორციის კანონების მობოდიშებით ვერას დავამტკიცებთ. განა ძველი ელადა ყველა თავის მეზობელ ერზე უფრო მცირე რიცხოვანი არ იყო?

მაგრამ ილიონის ბჭეებთან აქაველების გამჭრიახობამ ტროელთა მრავალრიცხოვნობასა სძლია.

რელიგია უმიროსის, მოსეს, ქრისტესი მცირერიცხოვანმა ერებმა არ წარმოშვეს.

მრავალრიცხოვანი და პოლიტიკურად ძლიერი იყო რომაელთა საკეისრო. მისი გზატკეცილები დღევანდელ რუმინიამდე უწევდა, მაგრამ უძლიერეს და თავის დროზე ყველა ერებზე მრავალრიცხოვან ერის უდიდესი მგოსანი ვირგილიუსი მხოლოდ საცოდავი ეპიგონი იყო, შედარებით სუსტისა და მცირერიცხოვანი ელლენთა ბრმა ნათელმხილველისა (ვგულისხმობ უმიროსს) აგრეთვე კულტურის სხვა დარგებში: ხუროთ-მოძღვრებაში, სათეატრო-სასცენო ხელოვნებაში, მწერლობასა და ფილოსოფიაში რომაელები უბადრუკი მიმბაძველები და პლაგიატორები იყვნენ.

ისტორიის იდეალიზაცია ისტორიის ფალსიფიკაციას უდრის. ძნელია ქართულ სპეციფიურ ფსიქიკაზე დაბეჯითებით, კატეგორიულად რისიმე თქმა.

ჩვენ კულტურულ ზრდას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ჩვენი ისტორიული გზა, ნათელსა და სწორ გზატკეცილს როდი ჰგავს, იგი უფრო უღრან ტყეებში და კლდე-ღრეებში მავალ შარას მოგაგონებთ, უფსკრულებით რომაა გაწყვეტილი აქა-იქ.

სხვა, ჩვენზე უფრო დაწინაურებულ ქვეყნებში თაობა თაობას მისდევდა, თაობა თაობას გადასძახებდა ხოლმე თავის ანდერძს, თაობა თაობის მხრებზე იდგამდა ფეხს. ერთ საუკუნეში დაწყებულ სოციალურს, პოლიტიკურს, რელიგიურს და არტისტულ ზრახვათ მომდევნო საუკუნეში გამოუჩნდებოდნენ ხოლმე მემკვიდრენი. ერთი თაობის, ერთი გენერაციის მიერ ჩაყრილ დუღაბსა და კირს მახლობელი გენერაცია აწყობდა აგურს. ამ მხრივ ძველი საბერძნეთის, საფრანგეთის ისტორიული ცხოვრება სათეატრო დრამასა ჰგავს, მოქმედება მოქმედებას რომ მისდევს თანდათანობით და ერთი მეორის შევსებით, გაძლიერებით, სადაც ფინალი დრამისა ლირიკული დასკვნაა ყველა აქტების.

ჩვენი ისტორიული ყოფა კი კინემატოგრაფიის სეანსებს მოგაგონებთ, თვალის დახამხამებაზე რომ სწყდება ერთი სურათი და მას სულ სხვა შინაარსი მოსდევს. აბა რა აქვს საერთო XII და XIV საუკუნის ან XII და XVII-XVIII საუკუნის ქართველების კულტურულ ყოფას? ვარდბულბულიანსა და ვეფხისტყაოსანს, ქაცვია მწყემსს და ჩახრუხაძის ოდებს? იშვიათად თუ არსებულა სხვა რომელიმე კულტურულ ერის ისტორიაში ასეთი უფსკრული ორ დიად ისტორიულ ეპოქათა შორის, როგორც იყო მე-12 და მე-17 საუკუნე ჩვენს წარსულში. ხუროთმოძღვრებას, კაზმულ ხელოვნებასა და საეკლესიო მხატვრობას რომ თავი ვანებოთ, თვით ქართული ენის განვითარებაშიაც საშინელ რეგრესს ვხედავთ.

თუნდ გრიგოლ ხანძთელის დროის ენა, მკვეთრი და მოქნილი, მე-17 და მე-18 საუკუნეში ბრგვნილ, ბარბარიზმებით და უმგვანო ნეოლოგიზმებით აჭრელებულ ლიტერატურულ ჟარგონად ქცეულა.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი