კონსტანტინე გამსახურდია “ქართველობა და უცხოეთის გენია” (პუბლიცისტიკა 2)


ჩვენი ტერიტორია ,,ხალხთა ხიდი” იყო. ჩვენი ისტორიული მისსიაა: ორ შეურიგებელ უკიდურესობათა და კონტრასტთა შერიგება-შეგუება, ორი დიდი სამყაროს ევროპის და აზიის სულის, ექსპრის შეხამება. მთელი ჩვენი კულტურა ამ ორ დიდ სამყაროსგან გადმოსროლილ ჩრდილისა და სინათლის ნიუანსების ნათელყოფაა.

ვეფხისტყაოსანი ერთადერთი ქმნილებაა, რომელშიაც ქართული სული სავსებით განსახიერდა – აქილევსის ფარი, რომელზედაც მთელი მისი თანამედროვე კულტურის სახე მინიატურულადაა ჰეფესტოს ოსტატურ ხელით გადმოცემული. ეს დიადი სარკეც ქართული კულტურის ისეთივე სინთეზია ზემოთ ნახსენებ სამყაროთა, როგორიც გოეთეს ფაუსტი ელლინიზმისა და ქრისტიანიზმის; – ვეფხისტყაოსანში იპოვით როგორც წმინდა უპანიშადების, ვედანტას ფილოსოფიისა, საკუნტალას, მაჰაბ-ჰარათას, სპარსული პოეზიის, ისე ნეოპლატონიკოსების, უმიროსის და ღვთაებრივ პლატოს სუნთქვას, განა მარტო ,,ვეფხისტყაოსანი”, ყველაფერი, რასაც ქართული კულტურა ეწოდება არითმეტიკულ საშუალებას წარმოადგენს ელენურ-ბიზანტიურსა და სპარსულ, აღმოსავლურ ექსტრემებს შორის, ვიდრე მუსულმანური სპარსეთი და ქრისტიანული ბიზანტია დაემხობოდნენ, ჩვენ უმაშვალოდ ვღებულობდით ამ კულტურულ გოლფშტრომებს.

როცა სამხრეთითა და დასავლეთით ბჭეები დაგვემხო და მხოლოდღა დარიალით მომქროლავ სუსხს შევაჩერდით, ჩვენი სულიერი კულტურაც თვალსაჩინოდ ჩამოქვეითდა.

როგორც ზევით ვთქვით, ჩვენ ქართველებს ნოვატორების სახელებს ვერავინ მოგვაკუთვნებს, მაგრამ ადამიანობის, კაცობრიობის ისტორია მითაა საინტერესო რომ ერთა ოჯახში სხვა და სხვა ნიჭის ერები შედიან. წარმოიდგინეთ ქარხანა, სადაც მრავალ სხვა და სხვა უნარის ოსტატებს თავი მოუყრიათ; ერთს საქმის დაწყება აბარია – მეორე მესაშვალის როლს ასრულებს. ერთი ინიციატორია – მეორე კომბინატორი. ერთი ანალიზს აკეთებს, მეორე სინთეზს. ჩვენი ისტორიული როლი შემაერთებლისას ჰგავს: სპარსულ, მცირე აზიურ კულტურას ელლინურ-ბიზანტიურთან დაკავშირებით და ჩვენს ეროვნულს, სპეციფიურ ქართულ სახესა და ხატს ვძლევდით ხოლმე.

ორ ძუძუთა ვსწოვდით. ჩვენი სამშობლო ორ კულტურულ ნაკადის შემრთველ აუზს წარმოადგენდა.

რელიგია და მისი გაგება ერთგვარი გამოცდაა კულტურული ერისა.

ყოველი კულტურული ერი რელიგიური იყო. ყოველ მაღალხარისხოვან კულტურას რელიგიურ ფუძეზე ჰქონია საძირკველი.

თუმცა ქრისტიანული რელიგია, ჩვენთვის სრულიად არა ნათესავ და უცხო რასის შექმნილი იყო, მაგრამ ქართველი ერის შემოქმედებითი ძალის თავისებურება და სიძლიერე აქაც გამოიხატა. არც ერთ ერს ქრისტიანიზმი ისე არ გაუგია, როგორც ჩვენ. ჩვენთვის ქრისტიანიზმი პოეზია იყო. წაიკითხეთ ბატონ ინგოროყვას გამოცემული „ქართული საეკლესიო პოეზია“. რომელი იოჰანესს ლიუტერის, ან ფრანცისკო ასისსელის საგალობელნი შეედაროს მას.

თამამად შეიძლება ითქვას: არც ერთ ევროპიელ ქრისტიან ერს არ უცდია და არ შესძლებია ჩვენებრ – რელიგიის გაშუქება პოეზიის ოპტიკით.

არც ესპანური ფანატიზმი, არც რომაულ-კათოლიკური ასკეტიზმი და დოგმატიზმი ჩვენ სარწმუნოებრივ ცხოვრებას არ ჰხლებია. ჩვენ არ გვახსოვს არც ბართლომეს ღამის საშინელებანი, არც ჰუგენოტები, არც აუტოდაფე.

ჩვენი ბერები – მონასტრის კედლებშიც ერის კაცებად რჩებოდნენ, ერისათვის, „სოფლისათვის“ ზრუნავდნენ. მოიგონეთ გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფენი, კლარჯეთის მაშენებელნი.

როგორც ზევით ვამბობდით, ჩვენს წარსულ ცხოვრებაში ამა თუ იმ პერიოდს, ამა თუ იმ საუკუნეს მეორესთან არ ჰქონია მჭიდრო კავშირი, რადგან ჩვენი ისტორიული ყოფა ერთ სწორ კალაპოტის დენას არ გაჰყოლია, შინაგან დუღილში დაგროვებული ძალა-ენერგია როდი ეწეოდა წინ ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობას, არამედ შემთხვევითი სრულიად მოულოდნელი გარეგანი ფაქტორები ამოძრავებდნენ ქართული აზროვნებისა და გრძნობის მექანიზმს. ავიღოთ თუნდაც ჩვენთან უახლოესი საუკუნე. საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის მეცხრამეტე საუკუნის ყოფას თვით ერის შინაგან ცხოვრების დუღილმა ჩაუყარა საფუძველი, ამ საუკუნის ცხოვრებას წინა საუკუნეში ჰქონდა ფესვი მოკიდებული, ეროვნული სხეულიც ამა თუ იმ ზემოხსენებულ ერისა, მისი ფსიქიური ,,მე” მისი კულტურული შინაარსი, სიმეტრიული ზრდისა და განვითარების ერთგვარი სუმმა სუმმარუმ გახლდათ. წინა საუკუნეში მცხოვრებ თაობათა ნაჭირნახულევის ტრაპებზე იკვებებოდა ამ საუკუნის თაობა.

მეთვრამეტე საუკუნის მიწურულში ქართულ ცხოვრებას ისეთი მოულოდნელი დამბლა დაეცა, რომ მთელი სამერმისოდ მოკრეფილი შემოქმედებითი ენერგია დასწვა და გაანადგურა ამ გარედგან შემოჭრილმა ფაქტორმა. მეცხრამეტე საუკუნის ბჭეებში შემავალ თაობათ ხიდი ჩატეხილი დახვდათ.

ქართველობამ ხელმეორედ დაიწყო ,,ან ბანი”.

ამ საუკუნის პირველი ნახევრის მწერლები ენას ძლივს აბრუნებენ, განა ამაზე უფრო ძლიერი დეკადანსი წარმოსადგენია ერის ცხოვრების, როცა ეროვნული კულტურის ყოველ ძარღვში ჩერდება ცხოველმყოფელ სისხლის ჩქეფა, მხოლოდ სიტყვაწყობილი მწერლობაღა დარჩა ერთადერთ ორგანოდ ისეთ ერს, რომელსაც წინა საუკუნეებში მდიდარ რელიგიურ კულტურასთან ერთად უკიდურესად განვითარებული ხუროთმოძღვრება და საეკლესიო მხატვრობა გააჩნდა. ერთის დაკვრით მოჩლუნგდა სხვა ორგანონი ჩვენი კულტურული მეტყველებისა. სიტყვაწყობილი ლიტერატურა ამერიკელ წითელ კანიანებსა და აფრიკელ ზულუს და ცუცუტუს ხალხებსაც აქვთ, მაგრამ ეს ხომ არ კმარა კულტურულობის არგუმენტაციად.

რამდენადაც დაბლა დგას საზოგადოება, იმდენად მარტივი და სადაა მისი ფსიქიური ლაბირინთი. აქ ღრმა ძიებით თავს არავინ იტკიებს, აქ გამომგონებლებს და ნოვატორებს ადგილი არა აქვთ. მიმბაძველები შეადგენენ ცხოვრების ღერძს.

აქ არ იტანჯებიან. წვალობენ. კი არ ლოცულობენ, იღრიჭებიან, მსხვერპლს როდი სწირავენ. მსხვერპლად ეწირებიან უცხოთა კვარცხლბეკზე ამართულ კერპებს.

ან ვით გაგვიკვირდეს ამ საუკუნის ქართველობის სულიერი წყაროს ამღვრევა, თუკი მისი სათავე ტალახიანი იყო.

ერი, რომელიც ორ კულტურულ სამყაროთა, ორ დიდ მიმდინარეობათა ქროლვას განიცდიდა თავის სხეულზე, რომელიც ორ ძუძუსა სწოვდა, იძულებული შეიქმნა ერთს უკულტურო კულტურტრეგერს შესჩერებოდა ცარიელა კალოებზე. „მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო ქართველი ერის ევროპეიზაცია“, ამბობს ერთი ქართველი მწერალი. ევროპეიზაციის რა მოგახსენოთ და ქართული სულის რუსიფიკაციას კი ამ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. თითქმის მთელი სიტყვაკაზმული და სიტყვაწყობილი ლიტერატურა, ჟურნალისტიკა და პუბლიცისტიკა პისარევი, ჩერნიშევსკი, მიხაილოვსკისა და ლერმონტოვ-ბელინსკების ზეგავლენით წარმოიშვა.

რუსულ სახელმწიფოებრივ იერიშს ჩვენს ეროვნულ ცხოვრებაზე მიტანილს, რუსის მწერლებისა და მოაზრეთა მოძახილი უმაგრებდა ზურგს.

ამ საუკუნის ქართველობისთვის ქვეყნად არც კი მოსულან არც კანტი, არც ნიცშე, არც შტირნერი, არც სვედენბორგი, არც ვოტერი, არც მონტენი, არც რუსსო, არც შოპენჰაუერი.

მეცხრამეტე საუკუნეში კაცი არ გამოჩენილა, რომელიც ჩვენში უკვე თვალსაჩინოდ ფეხმოკიდებულ რუსულ უკულტურო ნიღილიზმს შებრძოლებოდა. თვით უძლიერესმა წარმომადგენლებმა ამ საუკუნის ქართული შემოქმედებისა ილია ჭავჭავაძემ ვერ იკისრა ლესსინგობა. პისარევისებური მეჩექმეების ესთეტიკა სარწმუნოების სიმბოლოდ გაიხადეს დასელებმა და ,,ევროპეიზმის” ნიღაბით შემოგვეპარა სლავიანურ-მონგოლური გონებისა და გრძნობის სიჩლუნგე…

მიუხედავად მრავალი საუკუნის არსებობისა, თანამედროვე ქართველობას თავისი კულტურული შინაარსი ვერ გამოუმჟღავნებია სავსებით. ჯერ თანამედროვე ქართველობას ვერ გაგვითვალისწინებია, სადაა ,,ჩვენისა” და ,,უცხოს” საზღვარი. ჯერაც არ ვიცნობთ ქართულ აზრს, ქართულ გრძნობას.

ჩვენ ცხოვრებაში ქართული ფსიხიური ტიპიც არ ჩასახულა და კვლავ უცხოთაგან ამართულ კერპებზე ვლოცულობთ…

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი