როგორ ვწერ? (1)


ჰმ!

ძნელია ამის აწერა, თუ როგორ ვწერ. შემოქმედების ამბავი ჯერაც უაღრესის იდუმალებითაა მოცული,

 მეცნიერება დიდ მუშაობას ეწევა შემოქმედების პროცესის შესაცნობად. თეორიები მრავალია, მაგრამ რა?..

ამ ამბის გაცხადება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ყოველი მკითხველი წერას ისწავლიდა (და შეუძლებელი საქმე

 შეიქნებოდა ყოველივე ხელოვნება). მე არ მინდა იმ ევროპელ მოგვებს დამადარონ, მწიგნობრობას კასტის 

საუფლოდ რომ აცხადებენ. მწიდნობრობა, ლიტერატურა სხვაა, პოეზიაკიდევ სულ სხვა. სამწუხაროა, 

დარვინისებური სელექციის კანონი ადამიანს რომ ვერ მიუყენეს.

ვეცდები ნაწილობრივად მაინც გიპასუხოთ. მე შემიძლია შემოქმედებითი მუშაობის გარეგნულ ვითარებათა 

გამო მოგითხროთ ზოგი რამ (ვინ იცის, ეგებ ვინმეს გამოადგეს ჩემი დაკვირვებანი). თუ ის ბალღები, ახლა 

რომ ქართველი დედების კალთაში, ან აკვნებში წვანან, ჩემზე უკეთ დაეუფლებიან ქართულ სიტყვას, ეს 

ფრიადაც გამეხარდება.

საერთოფ, ქვეშეცნეულად ვწერ. მეტწილად სათAაურიდან გამოვდივარ: ვერ გეტყვით თუ როგორ ხდება ეს, 

როგორ გამოუდგება ერთს ან ორ სიტყვას, სათაურში გახმაურებულს, ათასი და ათი ათასი (როგორც ახლად 

გაჩენილ დედას _ ნაყარი ფუტკარი). სათაურის დაწერიდან უკანასკნელ წერტილის დასმამდის შემდეგი 

პროცესებიც უნდა ვიგულისხმოთ. სამჯერ, ოთხჯერ, ხან მეათეჯერაც გადაწერა, მერმე მანქანაზე გადაბეჭდვა, 

გადანაბეჭდის კორექტურა, შემდეგ ანაწყობის მრავალკეცი შესწორება და შემოწმება. ჩემი ნაწერების

 კორექტურა უდიდეს სიხარულს მგვრის. წერისა და გადაწერის დროს მე დიდის სიყვარულით ვეთამაშები 

ქართულ ასოებს, გაოცებული შევსცქერი მათ. ანი ნამგლისათვის მიუმსგავსებია ქართველ ხალხს, ბანი 

ყელმოღერებულ ქართულ სურებს, დოქებს და ჭინჭილებს. განი ლაგვინებს და ქვევრებს ჰგავს. კბილიოანი 

ასოები ღ, ყ, ლ, დ, რაღაც ქვეწარმავალს მაგონებს, ზოგიც ხერხებს, სათლელ, სახლეჩ ან სატეხ ხელსაწყოებს.

 ძალიან მახარებენ ღერიანი ასოები, ისინი ხან ლელივით იკეცებიან, ხანაც ცხენოსანი ჯარის პიკეტებსავით

 წამოვლენ. განების, ყარების, დონების, ენების, ვინების ფეხები ხრმლებს, წერაქცულებს და წათებს მიაგვანან. 

ინები ცხენების ნალებს. ვინ იცის, ცხენოსან ერს თან მოეტანოს იგი მესოპოტამიის ხრიოკებიდან ომითა და 

ზათქით წამოსულს.

ყოველი ქართული ასო რაღაც უცნაური სიმბოლიკის აღმძვრელია ჩემს წარმოდგენაში. მე დიდის 

სიამოვნებით დავსწერდი ანბანთქებას.

როცა წერით დავიღლები, თვალს შევავლებ ხოლმე ასოებს, გაოცებული შევცქერი ბნელი საუკუნეების საშოში 

უთარიღოდ წარმოშობილ ფანტასტიურ იეროგლიფებს. თანაც მოშაინესავით მიხარია, რომ ლინგვისტები და 

ფილოლოგები ვერაჟამს ჩასწვდებიან მათთვის ჩათქმულ საიდუმლოებას.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი