სოსო სიგუა “ქართული სული ევროპული თვალთახედვით”(პირველი)
38 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეწყდა დიდი ქართველი მწერლის აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას გულისცემა. მაგრამ ავტორის სიცოცხლეს აგრძელებენ მისი წიგნები, პერსონაჟები და იდეები. ისინი იწვევდნენ ვნებათა ღელვას, პოლემიკას, აზრთა შეჯახებას, იძლეოდნენ სწრაფვისა და მოქმედების სტიმულს, ამკვიდრებდნენ ეროვნულ და ესთეტიკურ იდეალებს, ნერგავდნენ მომავლის რწმენას. * * * მებრძოლი თაობა და შემოქმედი პიროვნება ამქვეყნად მოდიან განახლების პაროლებით, ოცნების ნისლეულით, თითქოს მანამდე არც არავინ ყოფილა. ასეთი ხმაური მალე ჩაივლის ხოლმე და მხოლოდ თითო-ოროლა სახელი თუ შერჩება ერის მეხსიერებას. მაგრამ სხვა იყო XX საუკუნის დასაწყისი, რღვევის ჟამი, როცა ნაციონალურმა აღმავლობამ ერთბაშად ფერი უცვალა სიტყვასა და აზროვნებას. რადგანაც მრავალნი არიან წოდებულ და მცირედნი რჩეულ, განგებამ განსაკუთრებული მისი დააკისრა ორ პიროვნებას _ გალაკტიონ ტაბიძესა და კონსტანტინე გამსახურდიას. მათ იცხოვრეს უჩვეულოდ კოშმარულ დროში, რაც სულთან შეჯახებით, გულის, გონებისა და ნერვების გავლით ხელოვნებად გარდაისახა. თუ გალაკტიონ ტაბიძე არ ყოფილა იდეოლოგი და თეორეტიკოსი, კონსტანტინე გამსახურდიამ გაიაზრა სიტყვის მისტერია და საქართველოს ტანჯული ბედი. ახალი დროის ნერვულ პულსაციას ადრევე გრძნობდნენ გრიგოლ რობაქიძე და `ცისფერყანწელები~. მათგან განსხვავებით კონსტანტინე გამსახურდიამ უარჰყო წმინდა ესთეტობა და აბჯარასხმულ სპასალარად მოგვევლინა, რათა სიტყვა ლაშქარს გასძღოლოდა დაცემული სამშობლოს აღსადგენად. ამ დიდი შემოქმედის სულში ორი საწყისი ებრძოდა და ერწყმოდა ერთმანეთს, რომელთაც შეიძლება ეწოდოს როგორც აღმოსავლური და დასავლური, ისე აპოლონური და დიონისური. ატარებდა ხან კავკასიურ ჩოხა-ახალუხს, ხან ევროპულ კოსტუმს, ხან ცილინდრსა და ხელჯოხს, ხან _ ბოხოხსა და ხანჯალს. უყვარდა როგორც ცხენი, ისე ავტომანქანა, როგორც თანამედროვე ტექნიკა, ისე ძველი ხუროთმოძღვრება. ხან აღმაფრენა ეწვეოდა, ხანაც _ დეპრესია. იყო ურჩი და მორჩილი, გულღია და გულჩახვეული. მაგრამ ზომიერების დაცვას მუდამ ცდილობდა. ჰქონდა ძლიერი, უჩვეულო ნებისყოფა. შეეძლო დეპრესიის დაძლევა, რაც დრამატული ცხოვრების ვრცელ მანძილზე ხშირად ეწვეოდა. თვითმკვლელობაზე ფიქრიც გულს უხრავდა ხოლმე. მაგრამ სასოწარმკვეთ წუთებში თავს სძლევდა და მხნეობას ინარჩუნებდა. შველოდა ძლიერი, განსაკუთრებული პიროვნების კულტი, მარადიული, ზეკაცური იდეალებისაკენ სწრაფვა, ცხოვრების წარმავლობის შემეცნება და სულის ძალმოსილების განცდა, საკუთარი პერსონის გამითება. იგი აზროვნებით, ცხოვრების წესით ნამდვილი ხელოვანის ტიპი იყო. მაგრამ უნდოდა თანამედროვეთა თვალში ჰქონოდა არა კეთილი მწერლის, არამედ _ დემონური პიროვნების იმიჯი.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი