სოსო სიგუა “ქართული სული ევროპული თვალთახედვით”(მეორე)


კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1891 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში. იგი იყო აზნაურ სიმონ გამსახურდიას ბოლო _ მეცხრე შვილი მამა ადრე გარდაეცვალა. გაზარდა დედამ _ ელისაბედ თოფურიძემ.

მწერლის წინაპრები სამეგრელოდან გაუძევებია ოდიშის მთავარ ლევან დადიანს XVII საუკუნის 30-იან წლებში _ ჭყონდიდელთან კონფლიქტის გამო. ისინი გადასულან ქართლში, სადაც ერთი მათგანი _ პავლე _ ტფილისის მიტროპოლიტი გამხდარა. იგი ვახტანგ მეექვსეს გაჰყვა ემიგრაციაში და მოსკოვში აღესრულა.

პავლე ტფილელს ოდიშის მთავარმა გიორგი ლიპარტიანმა 1703 წელს უბოძა სიგელი, რომლის ძალითაც მიტროპოლიტის ძმისწული გიორგი დაემკვიდრა წინაპართა მხარეში, ძველ აბაშაში და მიეცა ყმები. გამსახურდიები საეკლესიო აზნაურები უნდა ყოფილიყვნენ, რაც გვარის ეტიმოლოგიიდანაც ჩანს.

კონსტანტინე გამსახურდია ჯერ სწავლობდა სოფლის სამრევლო სკოლაში, შემდეგ _ ძველი სენაკის დაწყებით სააზნაურო სკოლაში, ხოლო 1904 წელს გახდა ქუთაისის სათავად-აზნაურო გიმნაზიის მოსწავლე, რომელიც დაამთავრა 1912 წელს. კონსტანტინეს ნაწერები პრესის ფურცლებზე ჩნდება 1909 წლიდან (გაზეთი `ფონი~). ამავე დროს იგი ხდება სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი, რის გამოც ახალგაზრდა მწერალი პარტიის ლიდერების ყურადღების არეში მოექცა. ამან სასიკეთოდ წარმართა მწერლის ცხოვრება _ კიტა აბაშიძის ინიციატივით დაუნიშნეს ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდია.

სხვადასხვა დროს _ 1912 წლიდან 1923 წლამდე _ სწავლობდა პეტერბურგის, ლაიპციგის, მოსკოვის, მიუნხენის, ბერლინის, სორბონის უნივერსიტეტებში, სწავლობდა ენებს, ლიტერატურას, ისტორიას, ფილოსოფიას, აგრძელებდა პოეტურ შემოქმედებას, სცემდა ჟურნალ `პრომეთეს~ (1918 წ.), აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი, რომლიდანაც გავიდა 1918 წელს.

1914 წელს მიუნხენში დააპატიმრეს პირველ მეუღლესთან _ რებეკა ვაშაძესთან ერთად, როგორც რუსეთის მოქალაქე და ექვსი თვე ამყოფეს ტრაუნშტაინის ტყვეთა ბანაკში, თუმცა გერმანია იყო მისთვის „მეორე სამშობლო“, „ევროპის ინტელექტუალური დირიჟორი“, „მარადიულ ღმერთთან მორკინე იაკობი“.

1916_1917 წელს ვაიმარსა და ბერლინში გამოსცა ორი პოლიტიკური ხასიათის წიგნი გერმანულ ენაზე. მონაწილეობდა `საქართველოს განთავისუფლების კომიტეტისა~ და ბერლინში გამომავალ `ქართული გაზეთის~ მუშაობაში. 1918_1921 წლებში მუშაობდა საქართველოს ბერლინის საელჩოში. 1919 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბერლინის ჰუმბოლდტების უნივერსიტეტში.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი