სოსო სიგუა “ქართული სული ევროპული თვალთახედვით”(მესამე)
ყველა მწერალი თავისი დროის შვილია და კონსტანტინე გამსახურდიაც გაიტაცა ერთი მხრივ _ მოდერნიზმმა, მეორე მხრივ _ პოლიტიკამ. მოდერნიზმი დიდი ინტელექტუალური მოძრაობა იყო, რომელმაც შეაღწია ყველა კულტურულ ცენტრში და ყველგან ინდივიდუალური სახე მიიღო. კონსტანტინე გამსახურდიამ იგი გაიაზრა როგორც ესთეტიკური უნივერსალიზმი, რაც ნიშნავდა განახლებას, უახლესი იდეებისა და ფორმების დამკვიდრებას, ხოლო პოლიტიკას უკავშირებდა სამშობლოს თავისუფლების იდეას, რუსეთის იმპერიის დაშლას. „დინამიტით უნდა ავაფეთქოთ ძველი მიწა და ძველი იდეალები“, _ წერდა იგი 1924 წელს, პარიზიდან დაბრუნების შემდეგ. კონსტანტინე გამსახურდიამ, ისევე როგორც გრიგოლ რობაქიძემ, `ღმერთთან მორკინე~ გერმანიას მიაპყრო მზერა და ექსპრესიონისტული სულით განიმსჭვალა. მაგრამ ხელოვნების ეს `ახალი აისი~, წარმოედგინა არა მხოლოდ როგორც სტილი, არამედ როგორც ეთიკა და რელიგია. იგი იქცა ღირებულებათა გადაფასების მთავარ პუნქტად. ექსპრესიონიზმი პანაცეა არ ყოფილა, ისევე როგორც დიონისო და ქრისტე და თავის მიერვე უარყოფილ სიმბოლიზმსაც დაესესხა. სიტყვის განახლება, ხელახალი განედლება მწერლისათვის იყო `ქართული სულის რენესანსი~, სტილისა და იდეების უნივერსალიზება, წმინდა ხელოვნების დაცვა, იმ უცხო სახელების პროპაგანდა, რომლებიც საუკუნეთა სიღრმიდან ანათებდნენ, მაგრამ ქართლის მთებამდე ვერ მოეღწიათ. ამიტომ ქადაგებდა ევროპიდან მობრუნებული ჭაბუკი მისტიციზმს, მკითხველს აცნობდა გოეთესა და დანტეს, ნიცშესა და დოსტოევსკის, შპენგლერსა და უიტმენს, მათ ლანდებს ქართულ მიწაზე ასახლებდა; განიხილავდა რასისა და ენის პრობლემათა მოზაიკას, ინდურ ფილოსოფიას, ანტიკურ კულტურას, გეორგესა და რილკეს უჩვეულო პოეზიას, ფრანსისა და ჰამსუნის პროზას… მისი მხატვრული კონცეფცია ემყარებოდა წარმართულ და ქრისტიანულ მისტიკას, ანტიკურ და ქართულ მითოლოგიას, ფრ. ნიცშეს სიცოცხლის ფილოსოფიას, ზ. ფროიდის ფსიქოანალიზს, შოპენჰაუერსა და ვაგნერს, იმპრესიონიზმს, ექსპრესიონიზმსა და სიმბოლიზმს. ხოლო ამ ინფორმაციის საფუძველი იყო ქართული ტრადიციები _ ჰაგიოგრაფია და `ვეფხისტყაოსანი~, ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა. ებრძოდა უტილიტარულ განმანათლებლობას, რომელსაც დაკნინებისაკენ მიჰყავდა ესთეტური და ნაციონალური სული. ამიტომ გადაეხლართა ერთმანეთს ასე მტკივნეულად კულტურა და პოლიტიკა, რაც მისი ნააზრევის განმსაზღვრელად იქცა, როგორც შინაგანი ძალის ძახილი. სასოწარკვეთილი, დამარცხებული სამშობლოსათვის ხელოვნება უნდა ყოფილიყო აღთქმული ქვეყანაც, სიტყვაში _ ყოფიერების სახლში ქართული სულის შემნახველი და გადამრჩენი. ამიტომ გადმოისროლა მებრძოლი ლოზუნგები _ `ღირებულებათა ხელმეორედ შეფასება~, `ქართული სულის რენესანსი~, `ქართული კულტურის დიქტატურა~, რადგან როცა ერთი ჰკარგავს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მან უნდა გაამძაფროს კულტურის ფრონტი, გადაარჩინოს სასიცოცხლო იდეები, მოამზადოს ასპარეზი ახალ ძალთა მოსავლენად. დისტანციის პათოსიც ამავე მიზანს ემორჩილებოდა, ოღონდ დისტანციას ხალხისაგან კი არ იცავდა, არამედ ასე იცილებდა ბოლშევიზმის დამთრგუნველ ძალას, რათა ჰეროიზმით, პათეტიკით, გმირული ცხოვრების კულტით გაემხნევებინა გულგატეხილი მოქალაქენი, აღედგინა თეთრცხენოსანი რესპუბლიკის დაცემით დაკარგული რწმენა და იმედი. კონსტანტინე გამსახურდია არაერთხელ მიგვითითებს, რომ ხელოვანი არის მითების მთხზველი. „ტაბუში“ მთელი კოდექსია გადმოცემული; „მთვარის მოტაცებაში“ შემოქმედს „მითოსის მთხზველი“ ეწოდება; „დიდოსტატის მარჯვენის“ ამბავი „ნათელ მითად“ არის მონათლული; „შუბლით ვეხლებით ახალ დროს; მისი საუკეთესო ეპიტაფია: მითოსს მოკლებული დრო“, წერდა 1924 წელს. მოდერნი უნდა დაყრდნობოდა „ელადასა“ და „რომს“. მაგრამ დიდი ადამიანის ცხოვრებაც თავისთავად არის მითი. ამ დებულების რეალიზებაა მისი შემოქმედება. მითი და სიმბოლო კი ერთმანეთისაგან განუყრელია. ასე გააერთიანა ესთეტიზმი და სამშობლოს ბედისწერა. კონსტანტინე გამსახურდიას აზროვნებაზე რამდენიმე ფაქტორმა იქონია ძლიერი ზეგავლენა და ჩამოუყალიბა მწერლის თვალთახედვა. პირველი იყო, როგორც ვთქვით, გერმანული კულტურა, მეორე _ `საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის~ დაარსება ევროპაში, რომლის წევრიც გახდა. მესამე _ 1920 წლის იანვარში ჩასვლა მარადიულ რომში, წარმართობისა და ქრისტიანობის ცენტრში, რამაც მისი ინტერესი ხელოვნებისაკენ წარმართა. მეგზური აქაც ფრიდრიხ ნიცშე იყო _ „ზარასტუსტრასა“ და „ძალაუფლების ნების“ ავტორი. მაგრამ მალე დაეშვა სამშობლოს სამფეროვანი დროშა და კონსტანტინე გამსახურდია ისევ პოლიტიკამ გაიტაცა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის ჯარმა დაიკავა თბილისი, მოხდა საქართველოს ანექსია და დაშლა. ამ ტრაგიკულ ფაქტს მწერალი ვერ შეეგუა. ნოველებში, ესეებში, ზეპირ გამოსვლებში, თავის ჟურნალებსა (`ილიონი~, `ლომისი~) და გაზეთში (`საქართველოს სამრეკლო~) იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, აცხადებდა ქართული კულტურის დიქტატურას. ამის გამო ბოლშევიკებმა ორჯერ ჩასვეს მეტეხის ციხეში (1922, 1924). შემდეგ კი გაასახლეს თეთრ ზღვაში მდებარე სოლოვკის არქიპელაგზე (1926_1927), როგორც გერმანიის აგენტი. იგი გერმანულ კულტურაზე იყო აღზრდილი, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა უცხო იდეებისა და მოდელების ქართულ სულთან მისადაგებას ანუ ქართული მასალის ევროპული თვალთახედვით წარმოდგენასა და გააზრებას, მაშინაც კი, როცა საბჭოთა ხელისუფლება აღიარებდა მხოლოდ სოციალისტური რეალიზმის ლიტერატურას. ამიტომ სწუხდა მწერალი, მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობა „ობლასტნაია ლიტერატურად“ უნდათ აქციონო. ევროპული კულტურა მისთვის იყო ბარიერი რუსული ბოლშევიზმის შესაჩერებლად და გასანეიტრალებლად, ქართული სულის თვითმყოფადობის გადასარჩენად. საუბედუროდ, ახალი დრო არ სცნობდა ოპოზიციონერებს. ის მათ აპატიმრებდა და ხვრეტდა. ამიტომ იძულებული იყო ლიტერატურას შეფარებოდა, თავისი აზრი სიმბოლოებითა და ალეგორიებით შეემოსა, გამოესხა სიტყვის ფრთები, სიტყვა ექცია ნაციონალური ბრძოლის იარაღად. ერთ ფოკუსში მოგროვდა საბედისწერო, გულისმომკვლელი თარიღები _ 1907 წლის ტრაგედია, 25 თებერვლის კატასტროფა, სისხლიანი 29 აგვისტო. ყველა მათგანი იყო მამისმკვლელობა, მშობლიურის განადგურება, საზარელი დანაშაული, რაც არ მოსცილდება ჩვენს ისტორიას, ისევე როგორც უახლესი სისხლისღვრა. მწერლის ესთეტიკურ-პოლიტიკური მრწამსის ხორცშესხმაა პირველივე რომანი „დიონისოს ღიმილი“ (1925), სადაც ინტელექტუალური ძიება, სულიერი და ფიზიკური ოდისეა გაშლილია ასოციაციური კომპოზიციითა და ლირიკული მგზნებარებით, სიმბოლოებითა და ალეგორიებით, დიონისო-ქრისტეს დაპირისპირებით. `დიონისოს ღიმილი~ იყო `დაკარგული თაობის~ სევდიანი წიგნი, რომელშიც მწერლის აქტიური, მებრძოლი ბუნება უეცრად შეცვალა უიმედობამ. მთავარი პერსონაჟი კონსტანტინე სავარსამიძე, რომელიც ავტორის პერსონიფიცირებაა, არის დამარცხებული ქართველი ნაციონალისტი. იგი ევროპაში განისწავლა, მაგრამ სამშობლოს არ სჭირდება. ამიტომ გამოსავალს ეძებს ეროტომანიაში,ალკოჰოლსა და დიონისოს წარმართულ რელიგიაში, რომელთანაც მიჰყავს ფრ. ნიცშეს სიცოცხლის ფილოსოფიას, ანტიქრისტიანულ სულისკვეთებას, ზეკაცის მორალს. ამ რომანის გამოქვეყნების შემდეგ იწერება ნოველები _ `ტაბუ~, `დიდი იოსები~, `ქოსა გახუ~. მწერალი თარგმნის გოეთეს `ვერტერს~, უიტმენის პოეზიას, რემარკის რომანს `დასავლეთის ფრონტი უცვლელია~, დანტეს `ღვთაებრივ კომედიას~, რომელიც სრულად 1941 წელს გამოიცა. კონსტანტინე გამსახურდია არც სოლოვკიდან დაბრუნების შედეგ ეპუებოდა საბჭოთა ხელისუფლებას. ესსეებსა და საჯარო გამოსვლებში ისევ აგრძელებდა მოდერნისტული კონცეფციის ქადაგებას, მოითხოვდა ქართული ენის განმტკიცებას, ტრადიციების დაცვასა და გაგრძელებას. მაგრამ უკვე პოლიტიკას თავს არიდებდა. რაპპელები და პარტიული ლიდერები (მაგ., მ. კახიანი) დაუნდობლად აკრიტიკებდნენ. შედეგი ის იყო, რომ 1931 წელს გარიცხეს მწერალთა კავშირიდან, რომლის ერთ_ერთი დამაარსებელი თავად იყო. 1932 წლის 23 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც გაუქმდა რაპპი, საბჭოთა ხელისუფლება კეთილად განეწყო კ. გამსახურდიას მიმართ, ისევე როგორც ძველი ინტელიგენციის ცალკეული წარმომადგენლებისადმი (მაგ., შ. დადიანი, ი. ჯავახიშვილი). ამიტომ 1934 წელს მიიღეს სსრკ მწერალთა კავშირის წევრად. კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებით აღმავლობა იწყება ამ დროიდან, რაც გაგრძელდა 1946 წლამდე, ვიდრე ჟდანოვშჩინა წალეკავდა საბჭოთა ხელოვნებას. კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორ პიროვნებას, მოაზროვნეთაგან _ ფრ. ნიცშეს, ხელისუფალთაგან _ ლ. ბერიას, ხოლო სანიშნო და იდეალი მუდამ იყო გოეთე _ `ფაუსტის~ ავტორი. 1932_1933 წლებში წერდა `გოეტეს ცხოვრების რომანს~, რომელიც დიდი გერმანელი მწერლის გარდაცვალების 100 წლის აღსანიშნავად გამოქვეყნდა. 1933_1934 წლებში კი წერდა და პარალელურად ბეჭდავდა ჟურნალ `მნათობის~ ფურცლებზე ტრილოგია `მთვარის მოტაცებას~, რომელმაც როგორც მკითხველთა, ისე ხელისუფლების დიდი აღიარება მოიპოვა. რომანს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს _ აფხაზი ინტელიგენტი, ემიგრანტი გენერლის შვილი, ევროპაში განსწავლული თარაშ ემხვარი და მისი ძუძუმტე აფხაზი არზაყან ზვამბაია, კომკავშირელი და ჩეკისტი, მგზნებარე სტალინისტი. ისინი ერთმანეთისადმი პატივისცემას ინარჩუნებენ, მაგრამ გულში მტრობას ატარებენ, რაც გარეგნულად ვლინდება ქალებთან მიმართებაში. ამ ორ ვაჟკაცს ერთმანეთისგან სთიშავს ჯერ _ თამარ შარვაშიძე, შემდეგ _ ლამარია ლაფარიანი. კულტურასა და ეროვნულ შეგნებას სპობს მოზეიმე ბარბაროსული ძალა _ ბოლშევიზმი. ასეთია რომანის მთავარი იდეა, წიგნის ძირითადი პათოსი. ახალმა დრომ, სისხლისფერმა ჟამმა არ მიიღო ძველი საქართველოდან და ევროპული კულტურიდან მოსული თარაშ ემხვარი, მაგრამ აღაზევა მამისმკვლელი არზაყან ზვამბაია, ვინც მაუზერით ამკვიდრებს რუსულ წესრიგს და ვისი ღმერთიც არის სტალინი. მწერალმა ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების, რელიგიისა და ტრადიციების დამხობა გაიაზრა როგორც მამისმკვლელობა. `მთვარის მოტაცების~ დროის ლოკალია 1931 წლის აპრილიდან 1932 წლის აპრილამდე. დასაწყისი და დასასრული უკავშირდება 23 აპრილს, გიორგობის დღეს. წიგნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა ილორის წმ. გიორგის ტაძარი, ისევე როგორც სვეტიცხოველი `დიდოსტატის მარჯვენაში~, გელათი `დავით აღმაშენებელში~, მოწამეთას მონასტერი `დიონისოს ღიმილში~. `მთვარის მოტაცების~ რეალისტურ თხრობას ავსებს და ავრცობს, აზრობრივ სიმტკიცესა და დრამატიზმს სძენს მითოსური პლანი, პერსონაჟთა არქეტიპები, სიმბოლური ჰიპოსტასები, ანიმისტურ და ტრადიციულ წარმოდგენათა ვარიაციები და მსხვრევა, მათი ასოციაციური კავშირები. ამჯერად მითოსურ მოდელებს ეძლევა არა ნიცშეანური, არამედ ფსიქოანალიზური ახსნა. 1935 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ შეირთო მირანდა ფალავანდიშვილი, რომელთანაც ეყოლა ორი შვილი _ თამარი და ზვიადი _ საქართველოს მომავალი პირველი პრეზიდენტი. 1937 წელს, ლავრენტი ბერიას წინადადებით, მწერალმა ისტორიის სფეროში გადაინაცვლა და დაიწყო მუშაობა სტალინის ბავშვობის პერიოდზე (ტრილოგია `ბელადის~ I წიგნი), რითაც რეპრესიას გადაურჩა. თანამედროვეობისაგან დისტანცირების პირველი მაგალითია ნოველა `ხოგაის მინდია~, რაც იყო ერთი ქართული ფოლკლორული მასალის გააზრების მესამე წარმატებული ცდა ვაჟა-ფშაველას `გველის მჭამელისა~ და გრიგოლ რობაქიძის `ლამარას~ შემდეგ. 1938_1939 წლებში დაიწერა `დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა~. მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის სვეტიცხოველის გარშემო. მაგრამ ფაქტიურად რომანი აღმოჩნდა 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ წარსულში, კატასტროფულ მოვლენათა მარადიული მოდელის პოვნა და გამოხატვა, მისი წაკითხვა გარდასული ჟამის ფონზე. ხოლო ანტირუსული პათოსი დაშიფრულ იქნა ანტიბიზანტიური სულისკვეთებით. რომანის ერთ-ერთი ღერძია დატყვევებული ხელოვანისა (კონსტანტინე არსაკიძე) და გულბოროტი, მაგრამ პატრიოტი მეფის (გიორგი პირველი) პარადიგმა, რაც მთავრდება ხელოვანის დასჯით _ მკლავის მოკვეთით. გიორგი მეფე, მელქისედეკ კათალიკოსი, კონსტანტინე არსაკიძე, შავლეგ ტოხაისძე, ფარსმან სპარსი _ აი, ხუთი პერსონაჟი, რომანში ხუთი დამოუკიდებელი, ურთიერთმოპირისპირე კონცეფციის მტარებელი, რაც ტექსტში ლაიტმოტივურად არის გადანაწილებული. ყველა კონფლიქტური ხაზი უკავშირდება ქალს (როგორც `მთვარის მოტაცებაში~) _ შორენა კოლონკელიძეს, მოღალატე ფეოდალის ასულს, მაგრამ არსაკიძე სულს სწირავს არა სატრფოს, არამედ _ სვეტიცხოველის ტაძარს ანუ ხელოვნებას. მწერლის რწმენით, სვეტიცხოველის აშენება იყო ღვთაების იდეის გამიწიერება, რომელსაც ერთი სულით, ქართული ენითა და ქრისტეს სჯულით უნდა შეეკრა გარე და შინა მტრებთან მეომარი ქართლოსიანნი. `დიდოსტატის მარჯვენა~ იყო კ. გამსახურდიას ერთადერთი წიგნი, რომელსაც ყოველთვის აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლება. მოსწონდათ იგი სტალინსა და ბერიას. მაგრამ `ბელადის~ პირველ წიგნს, რომელიც 1939 წელს გამოიცა, სტალინმა კრიტიკულად შეხედა და ავტორმაც მომდევნო წიგნები აღარ დაწერა. 1940 წლიდან კ. გამსახურდია მუშაობას იწყებს `დავით აღმაშენებელზე~. ჯერ დაწერა სცენარი ფილმისათვის, რომელიც მოიწონეს, მაგრამ არ გადაიღეს, რადგან სტალინმა გიორგი სააკაძე არჩია დავით აღმაშენებელს. შემდეგ კი რომანის წერას შეუდგა, რომლის პირველი წიგნი 1942 წლის გაზაფხულზე გამოვიდა. აქაც კონფლიქტურ წარმოდგენათა ცენტრში დგას ქალი _ დავითის სატრფო, ურჩი ფეოდალის ლიპარიტ ბაღვაშის ასული დედისიმედი. წიგნის ნაციონალური თვალსაზრისი, ჰეროიკა, ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისათვის შეესატყვისებოდა ომის პერიოდის საბრძოლო სულისკვეთებას. მაგრამ ეს იყო არა მხოლოდ წარსულის ხილვა, არამედ _ ოცნებაც ქვეყნის მომავალზე. დავით აღმაშენებლის პიროვნება დანახულია არა მხოლოდ რომანული ფათერაკების რკალში, არამედ _ მსოფლიო მოვლენათა კურსში, სახელმწიფოთა, რელიგიათა, პიროვნებათა სასტიკი და დაუნდობელი შეტაკებების ასპექტში. კონსტანტინე ხედავდა, რომ დაპყრობილ ქვეყანას დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრივი ფუნქცია. ამიტომ ქართული სიტყვა, ამ ენაზე შექმნილი კულტურა, მითოსური და ისტორიული სახეებით შემოსალტული და ამეტყველებული, უნდა ქცეულიყო ციტადელად, რომელიც შეკრავდა და გააერთიანებდა უღმერთო ჟამს ქართველ ხალხს, საქართველოს კუთხეებს. ენაში მოქცეული ნაციონალური ცნობიერება თუ გადაარჩენდა სამშობლოს სოციალიზმის სახელით გარუსებისაგან. ამიტომაც აქცევდა ესოდენ დიდ ყურადღებას ენის მისტერიას, სიწმინდესა და ჟღერადობას, ლექსიკურ სიმდიდრეს, დიალექტებს, ძველქართულ მეტყველებას, საერთაშორისო სიტყვებს, სიტყვათწარმოქმნასა და სიტყვათწყობას, ექსპრესიასა და ასონიშანთა მოხაზულობას. მაგრამ ბოლშევიკებს არ ეძინათ და კონსტანტინესაგან მოითხოვდნენ ამ ციტადელის დანგრევას, ოფიციალური ენისადმი მორჩილებას, რომლის გაგება მათ იოლად შეეძლოთ. ამიტომ ებრძოდნენ `დავით აღმაშენებლის~ ნაციონალურ-პოლიტიკურ კონცეფციასა და ენობრივ მოდელს. თავიდან საბჭოთა ხელისუფლება, მათ შორის მოსკოვიც, ინტერესით შეხვდა ამ რომანის გამოჩენას, მაგრამ წიგნის ქართული სული და პატრიოტიკა თანდათან მიუღებელი გახდა რუსული შოვინიზმისათვის. ამის გამო მწერალს აკრიტიკებდნენ რუსი და ქართველი ავტორები, კოლეგები, პარტიული ლიდერები. არ მისცეს სტალინური პრემია, შეუწყვიტეს ტომეულების გამოცემა, აკრძალეს მესამე წიგნის ტირაჟი, გამოიყვანეს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმიდან და ა. შ. 1944 წელს, ვიდრე ასეთი ბაკქანალია ატყდებოდა, აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. მაგრამ `ჟდანოვშჩინის~ პერიოდში მკაცრად შეზღუდეს. რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ სტალინისგან მწერლის დაპატიმრების სანქცია ითხოვა, მაგრამ ვერ მიიღო. იგივე განმეორდა `მეგრელიზაციის~ დროს, ამჯერად აკ. მგელაძის ინიციატივით. სტალინი მოითხოვდა მწერლის მკაცრ კრიტიკას, მაგრამ დაპატიმრების ნებას არ იძლეოდა. ასეთ პირობებში გრძელდებოდა `დავით აღმაშენებელზე~ მუშაობა, რთული და დრამატული ეპოქის, მრავალეროვან პერსონაჟთა მასის წარმოსახვა იმ ავტორის მიერ, რომელსაც ანალოგიურ სიტუაციებში უწევდა ცხოვრება და შემოქმედება. ამიტომ მხოლოდ 1962 წელს შეძლო `დავით აღმაშენებლის~ დასრულება. მანამდე კი, მუშაობა რომ გაეგრძელებინა, წავიდა კიდევ ერთ, ნაწილობრივ კომპრომისზე _ 1951_1955 წლებში დაწერა `ვაზის ყვავილობა~, საკოლმეურნეო აღმშენებლობისადმი მიძღვნილი წიგნი, რომელშიც მთავარი ადგილი დაეთმო ქართულ ტრადიციულ ვაზის კულტურას. ვაზის მოტივით და ბერმუხის სიმბოლიკით კი მოხდა დიონისური რიტუალების ტრანსფორმირება, ახალ სინამდვილეში დანახვა. კონსტანტინე გამსახურდიას, ერთი მხრივ კომუნისტური ხელისუფლება, სჯიდა და თრგუნავდა, მეორე მხრივ _ თხზვის სტიმულს ჰმატებდა, წინააღმდეგობის უნარს უძლიერებდა. იგი ყოველთვის ცდილობდა ჰეროიკული სულისა და ნაციონალური იდეების შენარჩუნებას, მათ ხორცშესხმას მოდერნისტული კონცეფციით, ორიგინალური ენობრივი მოდელით, რასაც ქმნიდა მშობლიური არქაიკა, ინტერნაციონალური ლექსიკა, კოლხური ინტონაცია, სიტყვისა და სახის ქმნადობის მისტერია. ეს შეუმჩნეველი არ იყო. ამიტომ სჭირდებოდა კომპრომისებზე წასვლა, არამთავარის დათმობა უმთავრესის გადასარჩენად. ამ მხრივ განსაკუთრებით საჭირო და ეფექტური აღმოჩნდა პუბლიცისტიკა, მხატვრული ნარკვევის ჟანრი. ბოლშევიკური ტირანიის ეპოქაში კონსტანტინე ჰგავდა კეთილშობილ დონკიხოტს, რომელიც ქარის წისქვილებს ებრძოდა, და მარტოსულ ჰამლეტს, ვისაც უძირო სევდა გულს უხრავდა. კონსტანტინე გამსახურდიას ფანტაზიას, როგორც ტრაგიკული ბუნების ხელოვანს, აღაგზნებდა ერის ცხოვრების საშინელი წუთები, საკუთარ ბიოგრაფიად აღქმული და გამოტანჯული, კაეშანი და მელანქოლია _ გაფოთლილი ღმერთმებრძოლ პერსონაჟთა სულში. ამიტომ გადაჰქონდა თარიღები და რეალიები მითოსისა და ისტორიის სარკეში, ანდა _ თანამედროვე დღეებს ჭვრეტდა როგორც მითოსსა და ისტორიას, რათა გულგატეხილ ქართველს ეგრძნო ტირანიის წარმავლობა და დროის მარადიული წრებრუნვა დაენახა. მწერლის წარმოსახვაში ერთმანეთს შეენაცვლა ორი ასპექტი _ ერთი არის თვალით ხილული მტანჯველი რეალობა (`დიონისოს ღიმილი~, `მთვარის მოტაცება~, `ვაზის ყვავილობა~), მეორე _ ისტორიაში უკუქცევით სულს უდგამს მარად თანამდევ ოცნებას (`დიდოსტატის მარჯვენა~, `დავით აღმაშენებელი~), რაც მომავლის სამოქმედო გეგმაა, გამოვლენილი ნაციონალური იდეებითა (საქართველოსა და თბილისის განთავისუფლება, პარტიკულარიზმის აღკვეთა) და კულტურით (სვეტიცხოველის და გელათის აშენება), ხოლო `ვაზის ყვავილობაში~ დანახული ჟამი არის შესვენების, ძალთა მოკრების პერიოდი, რათა დამარცხებული სამშობლო აღდგეს ფიზიკური და ინტელექტუალური შრომით, მომზადდეს მომავალი ბრძოლებისათვის, შექმნას საარსებო ბაზისი და წინსვლის პერსპექტივა, რადგან ისტორია ჩვენი დღეებით არ იხურება. კოლეგებისა და ხელისუფლებისაგან არაერთგზის შერისხული სულს ითქვამდა თავის ოცნების სასახლეში. ბევრს ასეთი მოპყრობა კაცთმოძულედ აქცევდა, ცოცხალი რომც გადარჩენილიყო. მაგრამ კონსტანტინე გამსახურდიას სტრიქონებს მსგავსი განწყობილება არ დასტყობია, რადგან არც ხელისუფლება და არც დღევანდელი მოსახლეობა არ არის სამშობლოს ჯამი.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი