სოსო სიგუა “ქართული სული ევროპული თვალთახედვით”(მეოთხე)
მწერლის წიგნებიდან გადმოდის პერსონაჟების მთელი გალერეა. ისინი ჩვენი ცხოვრების მეგზურია, ჩვენი ფიქრების თანამდევი _ კონსტანტინე სავარსამიძე, ტაია შელია, ხოგაის მინდია, თარაშ ემხვარი, თამარ შარვაშიძე, კაც ზვამბაია, არზაყან ზვამბაია, ქორა მახვში, ლუკაია ლაბახუა, კონსტანტინე არსაკიძე, შორენა კოლონკელიძე, გიორგი პირველი, ფარსმან სპარსი, დავით აღმაშენებელი, ლიპარტ ბაღვაში, გიორგი ჭყონდიდელი… პირველად კონსტანტინე გამსახურდიას პროზაში გაისმა სახელები _ თარაში, შორენა, გვანცა, ჭიაბერი, ზვიადი, გირშელი, ძაბული, ნიანია, ხადიშათ, მისოუსტ… მწერალი თავის ინტელექტუალურ თუ მეომარ პერსონაჟებს აჩვენებდა მსოფლიო მოვლენების კონტექსტში, აკავშირებდა კულტურის ცენტრებთან, რათა პოლიტიკურ რუკაზე ადგილდაკარგული სამშობლო ოცნებაში მაინც ყოფილიყო მონიშნული და შემოხაზული. ევროპა იყო მათი უცვლელი ორიენტირი. ხოლო საფუძველი _ ძველქართული სამყარო. კ. გამსახურდიას განსაკუთრებული ინტერესი და თაყვანისცემა ძლიერი, ბედისწერის ურჩი (ან განმგებელი) პიროვნებისადმი, რაც მეფეთა, ხელოვანთა, სარდალთა, პოტენციურ ლიდერთა ბუნებად ამეტყველდა, აგრეთვე _ გმირობის, ომის, სამშობლოს და ქალის კულტი, რელიგიისადმი მიმართება საწყისს იღებს მწერლის ბავშვობაში. ამ პირველად, გენეტიკურად გადმოცემულ ნიშან-თვისებათა გაშლა და ჩვენებაა სოციალური გარემოს დაწოლით, შეძენილი ინფორმაციის მეშვეობით მთელი მისი შემოქმედება. ყველაფერი ან არაფერი, _ ასეთია გმირთა დევიზი. ამიტომ სდევთ აღმაფრენა და დეპრესია, გამარჯვების სიხარული და დამარცხების სიმწარე. ისინი მოდიან მშობლიური სიტყვის მუსიკიდან, მწვანე და ჩალისფერი ველმინდვრების სურნელებიდან, მითებისა და ისტორიის წიაღიდან. მათ მეტყველებაში ისმის ზღვის გუგუნი, შეღამების მელანქოლია და საომარი ზეაღმტაცი ყიჟინა. ეს პერსონაჟები გვზრდიდნენ ჩვენ, გვიყალიბებდნენ ცნობიერებას, ქვეყნისა და ქალისადმი სიყვარულს, გვასწავლიდნენ თავგანწირვას, ერთგულებას, ურთიერთპატივისცემას, ისევე როგორც რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გმირები. კონსტანტინე გამსახურდიას აინტერესებდა გმირთა ანთროპოლოგიური მოდელიც, რასის ნიშნები, ისტორიულად შეძენილი ნიშან-თვისებანი, გენეტიკური თავისთავადობა და სახეცვლა, ე.ი. ქართველი ადამიანი როგორც ბიოლოგიურ, ისე სოციალურ-კულტურულ ასპექტში, დროის თვალსაზრისით _ მითოსურ, ისტორიულ და თანამედროვე განზომილებაში. მაგრამ ეს არის თხზვის მასალა და არა მეცნიერული კვლევის საგანი. გალაკტიონ ტაბიძესთან და „ცისფერყანწელებთან“ ერთად მან შექმნა ქართული სიტყვის ესთეტიკა, ქართული მწერლობის ინტელექტუალური და გმირული სამყარო, რაც არის რუსთაველის ხაზის აღდგენა და გაგრძელება ახალ რეალიებთან მიმართებით.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი